
მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში დედამიწა ჩვეულებრივზე ცოტა უფრო ჩქარა იბრუნებს თავისი ღერძის გარშემო და ბრუნვის შენელების ზოგად ტენდენციას დაარღვევს. ეს მეცნიერთა ინტერესს და გაოცებას იწვევს, რადგან მრავალი წლის განმავლობაში დაკვირვებები საწინააღმდეგო სურათს აჩვენებდა.
დედამიწის ბრუნვის საერთაშორისო სამსახურის (IERS) და აშშ-ის საზღვაო ობსერვატორიის პროგნოზებით, 9, 22 ივლისს და 5 აგვისტოს დღის ხანგრძლივობა დაახლოებით 1.3-1.5 მილიწამით შემცირდება. ეს დღე-ღამის ხანგრძლივობის შემცირების რეკორდი არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე მაჩვენებელია გაზომვების მთელი ისტორიის განმავლობაში.
რა ახდენს გავლენას დედამიწის ბრუნვაზე?
დედამიწის ბრუნვის სიჩქარე მილიონობით წლების მანძილზე არაერთხელ შეიცვალა. ამჟამად დღე-ღამის ხანგრძლივობა დაახლოებით 86 400 წამია და წლის განმავლობაში ჩვენი პლანეტა დაახლოებით 365 ბრუნს აკეთებს თავისი ღერძის გარშემო. წარსულში კი დღე-ღამის ხანგრძლივობა ნაკლები იყო: შეფასებების მიხედვით, 490-იდან 372 დღემდე წელიწადში – ამდენ ბრუნს ასრულებდა დედამიწა თავისი ღერძის გარშემო, სანამ უფრო ნელა ბრუნვა არ დაიწყო.
ბრუნვის შენელების მთავარი მიზეზი იყო გრავიტაციული ურთიერთქმედება მთვარესთან. დედამიწის თანამგზავრი ჩვენს პლანეტას თანდათან შორდება, რაც ყოველ 100 წელიწადში დღე-ღამის ხანგრძლივობის დაახლოებით 1,8 მილიწამით გაზრდას იწვევს. სწორედ ამის გამო ადრე მეცნიერები რეგულარულად უმატებდნენ დღე-ღამეს ე. წ. „ნაკიან წამებს“ მსოფლიო (უნივერსალური) დროის სინქრონიზაციისათვის.
2020 წლიდან კი სიტუაცია შეიცვალა: ბრუნვის სიჩქარის შენელების ნაცვლად დედამიწამ აჩქარება დაიწყო. 2020 წელს დაფიქსირდა 28 ყველაზე ხანმოკლე დღე-ღამე 1960 წლის შემდეგ, ხოლო 2024 წელს – აბსოლუტური რეკორდი: 5 ივლისს დღე 1.66 მილიწამით ნაკლები გამოდგა. ამის მიზეზი ჯერ განხილვის საგნად რჩება. შესაძლო ფაქტორებს შორისაა პლანეტის შიგნით მასის გადანაწილება, ბირთვის აქტივობა, კლიმატური ცვლილებები, ტექტონიკური პროცესები და, აგრეთვე, მძლავრი მიწისძვრებიც.
მეცნიერები გააგრძელებენ ცვლილებების თვალყურის დევნებას ატომური საათებისა და თანამგზავრული დაკვირვებების მეშვეობით. ჯერჯერობით კი ცხადია ერთი რამ: დედამიწის ბრუნვის აჩქარება მოულოდნელ შემობრუნებად იქცა პლანეტის გრძელვადიან გეოფიზიკურ სურათში.
ნინო ხოშტარია
ასევე, დაგაინტერესებთ: ჩინელმა მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რომ დედამიწის შიდა მყარი ბირთვი გაჩერდა და თანდათან უკუმიმართულებით იწყებს ბრუნვას.
დედამიწის შიდა მყარი ბირთვი გაჩერდა და თანდათან იწყებს უკუმიმართულებით ბრუნვას
კომენტარები