მიგრაციამსოფლიოპოლიტიკა

„ალიგატორ ალკატრასი“ – ტრამპი არალეგალურ იმიგრანტებს ფლორიდის ალიგატორებთან გზავნის (ვიდეო)

ახალი დროებითი ცენტრი ღია ცის ქვეშ, კარვებში - ბუნებრივი იზოლაცია რეპტილიებითა და ჭაობებით

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ფლორიდის ჭაობიან ტერიტორიაზე, ევერგლეიდსის ეროვნული ნაკრძალის მახლობლად, მიგრანტთა ახალი დროებითი განთავსების ცენტრი გახსნა. პროექტს ოფიციალურად „საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების ცენტრი“ ეწოდა, თუმცა ოპონენტებმა მას უკვე შეარქვეს „ალიგატორ ალკატრასი“ – სარკაზმით და მწვავე კითხვებით.

ღია ცის ქვეშ, კარვებში

ახალ ცენტრში სტაციონარული შენობები არ არის – მიგრანტებს ღია ცის ქვეშ, კარვებში მოუწევთ ცხოვრება, ფლორიდის ტროპიკულ კლიმატში, სადაც ჰაერის ტემპერატურა ხშირად +40 გრადუსს აღწევს. ხშირი წვიმები, მაღალი ტენიანობა და მწერების სიმრავლე მათ ყოფას კიდევ უფრო გაართულებს.

სანიტარიული პირობები ამ ეტაპზე მინიმალურია, სასმელი წყალი და სამედიცინო დახმარებაც შეზღუდულადაა ხელმისაწვდომი.

აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს არის „დროებითი დაკავების სივრცე, რომელიც არ წარმოადგენს მუდმივ საცხოვრებელ ზონას, არამედ მიზნად ისახავს სწრაფ სამართლებრივ დამუშავებას და მიგრანტების სხვაგან გადამისამართებას“.

ბუნებრივი ბარიერები: ჭაობი, მდინარეები, ალიგატორები

ცენტრი განთავსებულია რთულად მისადგომ ტერიტორიაზე – ბუნებრივად იზოლირებულ, ჭაობებითა და წყალსატევებით გარშემორტყმულ ზონაში, სადაც ბევრი ალიგატორია. ეს გარემოება უსაფრთხოების ზომებთან ერთად, ადმინისტრაციის თქმით, მუშაობს, როგორც „დამაბრუნებელი მექანიზმი“.

„ეს არ არის დასასვენებელი ადგილი. ეს გაფრთხილებაა. თუ უკანონოდ გადმოდიხართ საზღვარზე – აღმოჩნდებით ჭაობში, ალიგატორების მეზობლად და არა – კომფორტულ ჰოსტელში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ცენტრის გახსნისას.

„აშშ-ის ტერიტორიაზე კარვებში ყოფნა მაინც უკეთესია, ვიდრე კარტელის სატვირთოს საბარგულით მგზავრობა“, – დასძინა პრეზიდენტმა.

საერთაშორისო კრიტიკა და ჰუმანიტარული პრობლემები

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებმა ახალი ცენტრის პირობები მკაცრად გააკრიტიკეს.

„ადამიანთა განთავსება, პრაქტიკულად, იზოლირებულ, ბუნებრივი საფრთხეებით სავსე ტერიტორიაზე საერთაშორისო ჰუმანიტარულ სტანდარტებს ეწინააღმდგება“, – განაცხადა Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა.

გაეროს მიგრაციის სააგენტომ მოუწოდა აშშ-ს ადმინისტრაციას, უზრუნველყოს მინიმალური ჰიგიენური, სამედიცინო და იურიდიული პირობები, მით უმეტეს, თუ ცენტრში ქალები და არასრულწლოვანებიც იქნებიან.

ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი ზომები, პირველ რიგში, ადგილობრივი ელექტორატის მობილიზაციისკენაა მიმართულია. იმ ფონზე, როცა კონგრესში იმიგრაციის საკითხებზე აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობაა, ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრი პოლიტიკით ცდილობს პოზიციების გამყარებას.

მრავალდონიანი უსაფრთხოება და სწრაფი მშენებლობა

ცენტრი სულ რაღაც რვა დღეში აშენდა – ფლორიდის ჭაობებში, ევერგლეიდისიდან დაახლოებით 16 კილომეტრის დაშორებით (ევერგლეიდსი/Everglades ინგლისურიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც მარადიული ჭაობები). ინფრასტრუქტურა მოიცავს საჰაერო ბაზის ყოფილ ნაწილს, რომელიც ადრე წვრთნებისთვის გამოიყენებოდა.

ფლორიდის რესპუბლიკელი გუბერნატორის, რონ დესანტისის თქმით, ცენტრი სრული დატვირთვით მუშაობისას ერთდროულად 3 000 მიგრანტის განთავსებას შეძლებს.
ცენტრს გარს არტყამს 8 500 მეტრზე მეტი მავთულხლართი, დამონტაჟებულია 200-ზე მეტი სათვალთვალო კამერა და 400-ზე მეტი დაცვის თანამშრომელი ემსახურება.

ვინ გადაჰყავთ „ალიგატორ ალკატრასზე“?

ოფიციალური ინფორმაციით, ახალ ცენტრში გადაიყვანენ იმიგრანტებს, რომლებიც ფლორიდის პოლიციამ დაპატიმრა ფედერალური მთავრობის 287(g) პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის საფუძველზე, ადგილობრივ პოლიციას უფლება აქვს, მიგრანტები დაკითხოს, დააკავოს და დაიწყოს მათ დეპორტაციაზე მუშაობა იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურებთან (ICE) კოორდინაციით.

ცენტრი პირველ მიგრანტებს უკვე ამ კვირაში მიიღებს

აშშ-ის მედიის ცნობით, Florida’s “Alligator Alcatraz”-ი მიგრანტების პირველ ჯგუფს დღეს, ხუთშაბათ საღამოს მიიღებს.

ოფიციალური პირის თქმით, დაწესებულებაში რამდენიმე დღეში 500-იდან 1000 საწოლი განთავსდება, შემდეგ 500 საწოლი დაემატება, სანამ ივლისის დასაწყისისთვის დაახლოებით 5000 საწოლი არ იქნება.

გარემოსდაცვითი ჯგუფები და ამერიკელი ინდიელების ტომები ცენტრის ევერგლეიდსში განთავსებას აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, ის საფრთხეს უქმნის ევერგლეიდსის მყიფე სისტემას, სიცხისა და კოღოების გამო იქ სასტიკი პირობები იქნება დაკავებული მიგრანტებისთვის და თანაც მდებარეობს მიწაზე, რომელსაც ინდიელი ტომები წმინდად მიიჩნევენ.

ცენტრი, ასევე, მდებარეობს ხშირი ძლიერი წვიმებისკენ მიდრეკილ ადგილას. სამშაბათსაც, პირველ ივლისს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს ცენტრის გახსნაზე დასასწრებად, ძლიერმა წვიმამ კარვები დატბორა. შტატის ოფიციალური პირების თქმით, კომპლექსს შეუძლია გაუძლოს მე-2 კატეგორიის ქარიშხალს, რომლის სიჩქარეც 96-იდან 110 მილი/სთ-ამდეა (154-იდან 177 კმ/სთ-ამდე) და რომ კონტრაქტორები ღამით მუშაობდნენ წყალდიდობის ადგილების გასამაგრებლად.

დესანტისი და შტატის სხვა ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დოებითი დაკავების ცენტრის განთავსება ფლორიდის უკაცრიელ და შორეულ ევერგლეიდსში შემაკავებელ ფაქტორადაა გამიზნული და მისთვის ალკატრასის ფედერალური ციხის სახელწოდების მინიჭება, რომელიც თავისი სასტიკი პირობებით არის ცნობილი, კონკრეტული შეტყობინების გაგზავნას ისახავს მიზნად.

„ესოშიეიტედ პრესის“ (AP) შეფასებით, ეს მიდგომა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ როგორ იყენებენ ტრამპის ადმინისტრაცია და მისი მოკავშირეები დაშინების ტაქტიკას, რათა აშშ-ში არალეგალურად მყოფმა ადამიანებმა ნებაყოფლობით დატოვონ ქვეყანა.

ნანა ძნელაძე

მიგრაციის თემაზე: ტრამპმა სამ ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა

აშშ-ში მექსიკიდან არალეგალურად შესული მიგრანტები თავშესაფარს ვერ მიიღებენ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close