ვიდეოსაზოგადოებასპორტი

პირველ ქართველ სპორტულ ჟურნალისტ ქალს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა – თამარ ბალავაძის იუბილე (ვიდეო)

ცნობილ ქართველ სპორტულ ჟურნალისტს თამარ ბალავაძეს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. 

თამარ ბალავაძე, ფაქტობრივად, ქართული სპორტის მემატიანეა. იგი 25 წელი (1978-2003) მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე – იყო სპორტული ნაწილის წამყვანი საინფორმაციო გამოშვებებში, აგრეთვე, არაერთი სპორტული გადაცემის, ფილმისა და წიგნის ავტორი. შემდეგ „იმედზე“ უძღვებოდა საავტორო გადაცემას „ოლიმპიური ინტერიერი“.

თამარ ბალავაძე აკრედიტებული ჟურნალისტი იყო ზაფხულის ექვს ოლიმპიურ თამაშებზე და სამ ზამთრის ოლიმპიადაზე და მიჰყავდა რეპორტაჟები ქართული ტელევიზიისა და რადიოსთვის. მან ჟურნალისტ გოგი ფრანგიშვილთან ერთად 2004 წელს გადაიღო 13-სერიანი დოკუმენტური სატელევიზიო საავტორო ფილმი, რომელიც ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლის ისტორიას ეძღვნება.

თამარი არის ავტორი დოკუმენტური სპორტული ფილმების სერიისა „ამბავი ერთი გამარჯვებისა“ და პროექტისა „ერთი ჩემპიონის ისტორია“, რომელიც ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებს ეძღვნება და 36 ვიდეოფილმისგან შედგება.

თამარ ბალავაძე თბილისში დაიბადა 1955 წლის 28 ივნისს. მამამისი, ვახტანგ ბალავაძე იყო 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 1957), 1959 წლის ვიცე-ჩემპიონი, სსრკ-ის ხუთგზის ჩემპიონი (1952, 1953, 1954, 1955, 1957) თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, საერთაშორისო მსაჯი, სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1961-1970 წწ.), ამიტომ გასაკვირი არ არის მისი პროფესიული არჩევანი.

როდესაც თამარ ბალავაძე ტელეეკრანზე პირველად გამოჩნდა, როგორც სპორტული ჟურნალისტი, ეს იმ პერიოდში განსაკუთრებული მოვლენა იყო, რადგან სპორტული ჟურნალისტიკა მაშინ მხოლოდ მამაკაცების სამოღვაწეო სფეროდ ითვლებოდა. თამარ ბალავაძემ, როგორც პირველმა ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა ქალმა, ეს ერთგვარი „ტაბუ“ დაარღვია და, შეიძლება ითქვას, რომ ახალი სტანდარტიც დაამკვიდრა. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა დიდი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით, ღირსებითა და საქმისადმი სიყვარულით.

2004 წელს თამარ ბალავაძე დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ) ორდენით; 2008 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) მას სპეციალური ჯილდო გადასცა ნომინაციაში „ქალი და სპორტი“.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე:  „თამარ ბალავაძე: მთელი ცხოვრება სპორტულ ჟურნალისტიკაში“

„ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია“ – პირველი ქალი სპორტული ჟურნალისტის, თამარ ბალავაძის წიგნის პრეზენტაცია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close