იტალიამიგრაციასაზოგადოება

მიგრაცია იტალიაში: ქვეყანა, რომელსაც უცხოელები საცხოვრებლად ირჩევენ, იტალიელები კი ტოვებენ

ემიგრაციისა და იმიგრაციის ახალი რეკორდი ბოლო 10 წლის განმავლობაში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (Istat) მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2023-24 წლების ორწლიან პერიოდში იტალიის მოქალაქეების ემიგრაციამ (საერთო ჯამში 270 ათასი, +39.3% წინა ორწლიან პერიოდთან შედარებით) და უცხოელი მოქალაქეების იმიგრაციამ (760 ათასი, +31.1%) შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია.

Istat-ის მონაცემებით, გასულ წელს 382 071 უცხოელი ჩავიდა იტალიაში – ყველაზე მეტი 2014 წლის შემდეგ.

2023-2024 წლებში ჩასულ უცხოელთა შორის უდიდეს ეროვნულ ჯგუფს უკრაინელები შეადგენდნენ, შემდეგ მოდიან ალბანელები, ბანგლადეშელები, მაროკოელები, რუმინელები, ეგვიპტელები, პაკისტანელები, არგენტინელები და ტუნისელები.

იმავე პერიოდში (2024 წელს) 155 732-მა იტალიელმა დატოვა ქვეყანა და ემიგრაციაში გაემგზავრა – რაც ასევე რეკორდული რაოდენობაა 2014 წლის შემდეგ. იტალიის სტაგნაციაში მყოფ ეკონომიკას და დაბალ ხელფასებს – ინფლაციის გათვალისწინებით, ხელფასები 1990 წლის დონესთან შედარებით დაბალია – ბევრ იტალიელს ბედის საზღვარგარეთ საძებნელად უბიძგებს.

ასე რომ, იტალია ერთდროულად არის მიზიდულობის ადგილი იმ უცხოელებისთვის, რომლებიც უკეთეს ცხოვრებას ეძიებენ და ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საკუთარ სამშობლოში სამომავლო პერსპექტივას ვერ ხედავენ.

ორწლიანი პერიოდის მონაცემების შეჯამება: მიგრაციის პროცესები დაჩქარდა

ბოლო ორი წლის დინამიკის ანალიზისას, ISTAT აღნიშნავს:

  • ჩამოსული უცხოელების რაოდენობის 31.1%-ით გაიზარდა წინა ორწლიან პერიოდთან შედარებით;
  • იტალიელების ემიგრაცია 39.3%-ით გაიზარდა იმავე პერიოდში.

ეს მაჩვენებლები ფიქსირდება ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რომლებიც მუნიციპალურ ორგანოებში რეგისტრაციებს ეფუძნება, თუმცა მათში არ არის გათვალისწინებული არალეგალური მიგრაცია, რომელიც გადაადგილების რეალურ მასშტაბებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

ვინ ჩადის იტალიაში?

იმიგრანტებს შორის ლიდერობენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც მათ ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო იტალიაში ჩავიდნენ როგორც ჰუმანიტარული პროგრამების ფარგლებში, ისე კერძო მარშრუტებით. მათ მოსდევენ ალბანეთიდან, ბანგლადეშიდან, მაროკოდან, რუმინეთიდან, ეგვიპტიდან, პაკისტანიდან, ასევე, არგენტინიდან და ტუნისიდან ჩასული იმიგრანტები.

იტალია კვლავ სასურველ დანიშნულების ადგილად რჩება იმიგრანტების მრავალი კატეგორიისთვის, დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშაკებიდან დაწყებული, იმ ოჯახებით დამთავრებული, რომლებიც უსაფრთხოებასა და ცხოვრების საბაზო პირობებს ეძიებენ.

ვინ ტოვებს იტალიას და რატომ?

საგულისხმოა, რომ იტალიის მოქალაქეების ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი არა მხოლოდ ახალგაზრდების გადინებით არის განპირობებული. Istat-ის შეფასებით, წასულთა უმრავლესობა ყოფილი იმიგრანტები არიან, რომლებმაც იტალიის მოქალაქეობა მიიღეს და განაგრძეს მიგრაცია დასავლეთ ევროპის ან ჩრდილოეთ ამერიკის უფრო სტაბილურ და მიმზიდველ ქვეყნებში. აგრეთვე, ლათინური ამერიკის ქვეყნებში (მთლიანი ემიგრაციის 10%-მდე), საიდანაც ჩამოსული იტალიელი ემიგრანტების შთამომავლები იტალიაში ცხოვრობდნენ მოქალაქეობის მისაღებად საჭირო დროის განმავლობაში და მოქალაქეობის მიღების შემდეგ ისევ უკან დაბრუნდნენ.

ეს მიუთითებს პრობლემაზე, რომ წარუმატებელი იყო ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის, იმ უცხოელებისთვისაც, რომლებიც ოფიციალურად გახდნენ იტალიის მოქალაქეების ნაწილი: სისტემამ მათ ვერ შესთავაზა საკმარისი ეკონომიკური ან სოციალური სტიმულები მუდმივი დასახლებისთვის. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა იქიდან გამომდინარეც, რომ იტალია შრომისუნარიან მოქალაქეებს კარგავს იმ ფონზე, როცა ქვეყნის მოსახლეობა ბერდება, შობადობა კი გამუდმებით მცირდება.

სამხრეთი – საფრთხის ქვეშ

სიტუაცია განსაკუთრებით საგანგაშოა ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში. Istat-ის ცნობით, 2023-2024 წლებში თითქმის 1% კალაბრიის მოსახლეობისა – რეგიონი, რომელსაც ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი მშპ აქვს – ჩრდილოეთ ან ცენტრალურ რეგიონებში გადავიდა.

ეს შიდა გადინება არა მხოლოდ რეგიონული ეკონომიკური უთანასწორობის, არამედ ეროვნული სტრატეგიული ჩარევის სისუსტის ნიშანია: სამხრეთის რეინდუსტრიალიზაცია, რომელზეც ათწლეულებია მსჯელობა მიმდინარეობს, ისევ განუხორციელებელი რჩება.

დასკვნები და გამოწვევები

ეს მაჩვენებლები სერიოზულ გამოწვევას ქმნის იტალიის რესპუბლიკის მომავალი სოციალური და ეკონომიკური კონფიგურაციის განსაზღვრისთვის:

  • როგორ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ უცხოელი მოქალაქეების მიღება სოციალური მდგრადობის შენარჩუნებით?
  • როგორ უნდა წაახალისოს ისინი, ვინც წასვლას აპირებს, რომ დარჩეს?
  • როგორ გაიაზროს ახლებურად ეროვნული ტერიტორია, სადაც მთელი რეგიონები კარგავენ ახალგაზრდა და აქტიურ მაცხოვრებლებს?

დღეს მთავარი საკითხი მიგრაცია კი არ არის, როგორც ფენომენი, არამედ გადაადგილების თვისებები და მიმართულებები. და ისიც, შეუძლია თუ არა ქვეყანას შეცვალოს სცენარი, რომლის მიხედვითაც იგი მილიონობით ადამიანისთვის სატრანზიტო პლატფორმადაა ქცეული, რაც მის მოქალაქეებს უსაფრთხო მომავალს ნამდვილად არ ჰპირდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close