იტალიასაზოგადოება

იტალიის მოსახლეობა ისევ ბერდება და მცირდება – საუკუნის ანტირეკორდი

იმიგრანტების გარეშე დემოგრაფიული მდგომარეობა უარესი იქნებოდა

2020 წელს იტალიის მოსახლეობა 405 275-ით შემცირდა. 2020 წლის 31 დეკემბრისთვის ქვეყნის მოსახლეობა 59 236 213 ადამიანს შეადგენდა. ეს 0,7%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა/ISTAT 9 დეკემბერს გაავრცელა.

განსაკუთრებით დაზარალდა ქვეყნის სამხრეთი, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა ერთი წლის განმავლობაში 97 000-ით შემცირდა. დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე უარყოფითი გავლენა პანდემიამაც მოახდინა – გაიზარდა სიკვდილიანობა და შემცირდა შობადობა.

Istat-ის მონაცემებით, იტალიაში  5 171 894 უცხოელია (რეგისტრირებული), ანუ ყოველ 1000 კაცში 87 ემიგრანტია.

იტალიაში 2020 წელს 386 000-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. უარყოფითი ბუნებრივი ბალანსი საკუთრივ იტალიელებს ეხება, რადგან უცხოელებს შორის ეს მაჩვენებელი, პირიქით, დადებითია – +50 584 ანუ ამდენით მეტი იმიგრანტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. უცხოელების რიცხოვნობის ბუნებრივი ზრდის ტემპი ყოველ 1000 სულზე მთელ იტალიაში, საშუალოდ, 9,9-ს უდრის (მათ შორის, ყველაზე მაღალი ვენეტოშია – 11,9).

დაკვირვების წარმოების მთელი ისტორიის განმავლობაში იტალიაში 2020 წელს ყველაზე ნაკლები ახალშობილი დაიბადა – 405 ათასი, ხოლო გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ გაიზარდა – 740 ათასამდე.

შობადობის მხრივ ყველაზე უკეთესი მდგომარეობა ბოლცანოს ავტონომიურ პროვინციაშია – ყოველ 1000 მცხოვრებზე ერთ წელიწადში 9,7 ახალშობილი მოდის, ყველაზე ცუდი მდგომარეობა კი კუნძულ სარდინიაზე – 5,2 ახალშობილი ყოველ 1000 მცხოვრებზე.

გაიზარდა მოსახლეობის საშუალო ასაკიც 45-იდან, 45,4 წლამდე – უფრო ქალების ხარჯზე. ქალები მთელი ხანდაზმული მოსახლეობის 51,3%-ს შეადგენენ (1 503 761-ით მეტი, ვიდრე მამაკაცები). კამპანია, სადაც მოსახლეობის საშუალო ასაკი 42,8 წელია (2019-ში 42 წელი იყო), ყველაზე „ახალგაზრდა“ რეგიონია ქვეყანაში, ლიგურია კი – ყველაზე „ხანდაზმული“ – 48,7 წელი (ისევე, როგორც 2019 წელს).

2020 წელს ყოველ ერთ ბავშვზე (6 წლამდე) საშუალოდ 5,1 ასაკოვანი (65 წელს ზემოთ) ადამიანი მოდიოდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close