ამინდიიტალია

უახლოეს დღეებში იტალიაში აფრიკული სიცხე იქნება – საჰარის მტვერი ცასაც ფერს შეუცვლის

ივნისი საშუალოზე 6-8°C-ით მაღალი ტემპერატურით დაიწყო; ძლიერი სიცხე, სულ ცოტა, 7 დღეს გაგრძელდება

ზაფხულმა იტალიაში პირველივე დღეებში „მოიკრიბა ძალა“ და ნელ-ნელა დათბობის ნაცვლად პირდაპირ ძლიერი სიცხე დაიჭირა. როგორც იტალიის ამინდის პროგნოზის საიტი iLMeteo.it გვატყობინებს, მთელი მომდევნო კვირა იტალიას (და არა მარტო) წინ ისეთი სიცხე ელის, როგორიც, ჩვეულებრივ, აფრიკის უდაბნოებში იცის.

iLMeteo.it-ის მეტეოროლოგი ლორენცო ტედიჩი გვაფრთხილებს, რომ ანტიციკლონი საჰარიდან კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღე არა მარტო აუტანელი სიცხე იქნება, არამედ ცაც კი შეიცვლის ფერს – საჰარის მტვერი ოქროსფერ-მოყვითალო ტონალობას მიანიჭებს ევროპულ ცას.

კვირას სიცხის პირველი პიკი დაფიქსირდა – სიცილიასა და აპულიაში ტემპერატურამ +40°C-ს გადააჭარბა. ორშაბათსა და სამშაბათს (9-10 ივნისი) ცოტა შეღავათი იქნება, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა: 11-იდან 15 ივნისის ჩათვლით კიდევ უფრო ცხელ დღეებია მოსალოდნელი, რომელთა დროსაც ცენტრალურ და სამხრეთ იტალიაში თერმომეტრის მაჩვენებელი +40°C-ს გადააჭარბებს.

ჩრდილოეთ იტალიაში დროდადრო მოღრუბლული ამინდია ნავარაუდევი, განსაკუთრებით ალპებსა და ალპების წინამდებარე რაიონებში, სადაც მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმებიც. ლიგურიაში ზოგან ღრუბლები დაბალ სიმაღლეზე გამოჩნდება, თუმცა სინოპტიკოსები მთლიანობაში მზიან ამინდებს პროგნოზირებენ.

რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს – სიტუაცია კიდევ უფრო საგანგაშოა ესპანეთში, საფრანგეთსა და ინგლისში, სადაც სითბური ანომალიები +14°C-ს მიაღწევს, რაც ნიშნავს, რომ საშუალოზე +14 გრადუსით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება. მაგალითად, პარიზში, სადაც ივნისში საშუალოდ +23°C უნდა იყოს, ამ კვირაში შესაძლოა თერმომეტრის მაჩვენებელი +37°C-იც კი დაფიქსირდეს.

იტალიაშიც ტემპერატურა ივნისის საშუალო მაჩვენებელზე 8-9 გრადუსით მაღალი იქნება – თვის შუა რიცხვებში ცენტრალურ რეგიონებში თერმომეტრის ვერცხლისწყლის სვეტი +37°C-იან ნიშნულს გადააჭარბებს, სამხრეთში ისევ +40°C დაბრუნდება, ჩრდილოეთშიც კი აუტანელი სიცხეა მოსალოდნელი  – ჰაერის ტემპერატურა დღისით +35°C დაფიქსირდება.

არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთ დროს მაშველი რგოლია ჩვეულებრივი სასმელი წყალი, მოერიდეთ დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში გარეთ გასვლას, აუცილებლად დაიხურეთ ქუდი და ცოტა ხნით დაივიწყეთ ცხელი ესპრესო – ახლა გრილი სასმელების დროა, მაგრამ არა ალკოჰოლურის, რადგან ალკოჰოლი ორგანიზმის დეჰიდრატაციას აძლიერებს.

დაკავშირებულ თემაზე: 6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close