
გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი ქვეყანაში მცხოვრები უცხოელებისათვის დაჩქარებული წესით (3 წელში) მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობის გაუქმების შესახებ. დოკუმენტს, რომელიც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა (Alexander Dobrindt) წარადგინა, ბუნდესტაგი განიხილავს. ამას გარდა, პროექტით განსაზღვრულია დევნილთა გარკვეული ჯგუფებისთვის სამშობლოში დარჩენილ ოჯახის წევრებთან გაერთიანების შესაძლებლობის გაუქმებაც.
დობრინდტმა წინა სამთავრობო კოალიციის გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა
„[გერმანიაში] სამწლიანი ცხოვრების შემდეგ სწრაფი ნატურალიზაცია შეცდომა იყო. ჩვენ ამას ახლავე დავასრულებთ. გერმანიის მოქალაქეობა ინტეგრაციის პროცესის ბოლოს უნდა ენიჭებოდეს და არა – დასაწყისში“, – განაცხადა დობრინდტმა გაზეთ „ბილდთან“ ინტერვიუში, რომელიც სამშაბათს, 27 მაისს გამოქვეყნდა.
დობრინდტი იმედოვნებს, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას შეამცირებს. „სწრაფმა ნატურალიზაციამ დამატებითი ცრუ სტიმულები შექმნა არალეგალური მიგრაციისთვის. ჩვენ ამ მიზიდულობის ფაქტორებს ვანეიტრალებთ“, – განმარტა მან.
ალექსანდერ დობრინდტმა მანამდე, 15 მაისს განაცხადა, რომ მთავრობა მიგრაციულ პოლიტიკას გაამკაცრებს.
მრავალი წლის განმავლობაში ნებისმიერს, ვინც რაიმე გზით გერმანიამდე მიაღწევდა და განაცხადებდა, რომ თავშესაფრის მოთხოვნა სურს, ქვეყანაში შესვლის ნებას რთავდნენ. ახლა უკვე, გასული წლებისგან განსხვავებით, თავშესაფრის მაძიებლებს საზღვრიდანვე გააბრუნებენ უკან და ქვეყანაში არ შეუშვებენ. ეს ნორმა არ გავრცელდება ორსულ ქალებსა და ბავშვებზე.
„მინდა ყველას ვუთხრა, ვისაც ჰგონია, რომ შეუძლია ადამიანთა ტანჯვა-წამებაზე გამდიდრდეს, სხვა ქვეყანაში უკანონოდ გადაყვანის გზით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს დანაშაულებრივი საქმიანობა აღვკვეთოთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა „დოიჩე ველეს“ (DW) კითხვის პასუხად.
სააგენტო KNA-მ 28 მაისს გაავრცელა გერმანიის მთავრობის ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მცხოვრებ მიგრანტთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს – 3,55 მლნ-ს მიაღწია. მათგან 1.2 მლნ უკრაინიდან ჩავიდა. უფრო ზუსტად, ეს არის დარეგისტრირებული მიგრანტების რაოდენობა 2024 წელს, 2023 წელს მათი რიცხვი 3,42 მილიონი იყო.
გერმანიის პარლამენტი (ბუნდესტაგი) ორ კანონპროექტს უყრის კენჭს, რომლებმაც, როგორც მოსალოდნელია, გერმანიაში მიგრაციის დონეზე უნდა იმოქმედოს. პირველი მათგანი „ინტეგრაციის განსაკუთრებული ხარისხის“ შემთხვევაში მოქალაქეობის სამ წელიწადში მიღების შესაძლებლობას აუქმებს, თუმცა კონსერვატიული CDU/CSU-სა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კოალიციური მთავრობა ძალაში ტოვებს გერმანიაში ლეგალურად ცხოვრების ხუთი წლის შემდეგ მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას, მეორე პასპორტის შენარჩუნებით (ორმაგი მოქალაქეობა).
მეორე კანონპროექტი დაცვის შეზღუდული სტატუსის მქონე ლტოლვილთა ოჯახის წევრების გერმანიაში ჩაყვანას კრძალავს ორი წლის განმავლობაში. გამონაკლისები დაშვებული იქნება ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება რთულ ოჯახურ მდგომარეობას. „ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა შევამციროთ გერმანიისკენ მიზიდულობის ფაქტორები. ეს კიდევ ერთი საშუალებაა იმის საჩვენებლად, რომ გერმანიის მიგრაციული პოლიტიკა შეიცვალა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა ამ კანონპროექტების კომენტირებისას.
ცნობისათვის, წინასაარჩევნოდ ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აპირებს მიგრაციის დონის შემცირებას წელიწადში 100 000 დევნილამდე. გასულ წელს გერმანიაში 230 ათასამდე დევნილმა მოითხოვა თავშესაფარი. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2015 წელს, როდესაც ქვეყანაში მილიონამდე ლტოლვილი ჩავიდა, თუმცა მაინც თითქმის 2,5-ჯერ მეტია იმ რაოდენობაზე, რომელსაც ახალი კანცლერი დასაშვებად მიიჩნევს. არსებული ინფორმაციით, საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებამ უკვე გამოიღო შედეგი და მიგრანტებში გერმანიის „მიზიდულობა“ შემცირდა. ცნობისათვის, 2015 წლიდან გერმანიაში 6,5 მლნ იმიგრანტი ჩავიდა.
გერმანიის ფედერალური სტატისტიკური უწყების მიერ 22 მაისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყნის ყოველ მეოთხე მცხოვრებს მიგრაციული ბიოგრაფია აქვს. 2024 წელს მათმა რიცხვმა, ვინც თავად ჩავიდა გერმანიაში, ან ვისი ორივე მშობელიც იმიგრირებულია გერმანიაში 1950 წლიდან, 21,2 მლნ-ს მიაღწია – ეს ქვეყნის მოსახლეობის 25,6 პროცენტია, რაც 4 პროცენტით (873 ათასი ადამიანი) მეტია, ვიდრე 2023 წელს. ასაკობრივ მაჩვენებელს რაც შეეხება, იმიგრაციული ბიოგრაფია აქვს 20-იდან 39 წლამდე ახალგაზრდების მესამედს (34%), ხოლო 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა 14%-ს.
2024 წელს მიგრანტული წარმოშობის მოსახლეობა, რომლის საშუალო ასაკი 38.2 წელი იყო, დაახლოებით 9 წლით უმცროსი იყო ძირძველ მოსახლეობასთან შედარებით (47.4 წელი), – განაცხადეს სტატისტიკის ფედერალურ უწყებაში.
ნინო ხოშტარია
დაკავშირებულ თემაზე: ბუნდესტაგმა გერმანიის მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონი დაამტკიცა – პროცედურები მარტივდება, შემოდის ორმაგი მოქალაქეობა
კომენტარები