ღვთაებრივი 7-იანი – საიდან მოდის მისი საკრალურობა

მათემატიკოსმა ალექს ბელოსმა 44 000 ადამიანს სთხოვა, დაესახელებინათ საყვარელი რიცხვი და მათგან 4000-ზე მეტმა დაასახელა ციფრი 7. გაირკვა, რომ მათ 7-თან დადებითი ემოციური ბმა ჰქონდათ და იღბლიანობასთან აკავშირებდნენ.
ამ ციფრის მიზიდულობას თურმე კულტურული, ისტორიული, რელიგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორების კომბინაცია განაპირობებს.
რატომ ითვლება 7 რელიგიებისთვის მნიშვნელოვნად
უფალმა ექვსი დღე იშრომა, მეშვიდე დღეს კი დაისვენა და „წმიდა ჰყო იგი“. ასე რომ, მეშვიდე – კვირის ერთადერთი დღეა, რომელიც უფალმა აკურთხა.
7 ნამდვილად ღმერთის რიცხვია. ის ბიბლიაში 500-ჯერ არის მოხსენიებული, ქრისტიანობაში არის შვიდი საეკლესიო საიდუმლო, ესენია: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, აღსარება,ზეთისცხება, მღვდლობა, ქორწინება. არის შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა და შვიდი სათნოება: ამპარტავნება – სიმდაბლე, ანგარება – მოწყალება, სიძვა – უმანკოება, მრისხანება – სიმშვიდე, ნაყროვანება – მარხულობა, შური – სიყვარული, სასოწარკვეთილება – სასოება.
7 საკრალურად მიიჩნევა და ღვთაებრიობით არის გამორჩეული არა მხოლოდ ქრისტიანობაში, არამედ სხვა რელიგიებშიც.
ყურანი, რომელიც მუსლიმებისთვის ცხოვრების წესსა და დოგმებს აწესებს, იწყება შვიდი სალექსო სტრიქონით -აიათით. მორწმუნე ალაჰთან შვიდგზის ბრუნდება, ცოდვილები კი ჯოჯოხეთში შვიდი კარიბჭით შედიან. ხოლო ჰაჯის, მექაში მუსლიმთა პილიგრიმობის დროს, მთავარ სიწმინდეს, ქააბას მორწმუნემ შვიდჯერ უნდა შემოუაროს.
ციფრი 7 ასევე საპატიო ადგილს იკავებს იუდაიზმში. ეს უძველესი სემიტები შვიდიანს თაყვანს სცემდნენ და მათი საფიცარი იყო. ივრითში დღემდე შემორჩენილია მისი საკრალური მნიშვნელობა. ებრაელმა მოვალეს ვალები ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ უნდა აპატიოს, ღმერთს მადლობა უნდა გადაუხადოს შვიდი ხილისთვის, თუ ისინი ისრაელის მიწაზეა მოყვანილი, მოსეს ლოცვა შვიდი ფრაზისგან შედგება და ა. შ.
ინდუიზმში, ბუდიზმსა და მსოფლიოს სხვა რელიგიებში, თქმულებებსა თუ ლეგენდებში შვიდიანის ღვთაებრიობის უამრავი ნიმუშია.
ფაქტია, რომ ისტორიულად 7-ს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა საზოგადოებაში, კულტურაში, რელიგიასა და ფსიქოლოგიაშიც კი.
როგორ არის დაკავშირებული 7 ჩვენს მეხსიერებასთან
1956 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯორჯ მილერმა დაწერა ნაშრომი, რომელიც ამჟამად ფსიქოლოგიის ერთ-ერთ კლასიკურ ნაშრომად ითვლება. მან დაასაბუთა, რომ ადამიანების უმეტესობას შეუძლია მოკლევადიან მეხსიერებაში დაახლოებით შვიდი განსხვავებული მონაცემის შენახვა. ჩვენ ადვილად გვამახსოვრდება 7 ფაქტი და ჩვენთვის უფრო ადვილია 7 პუნქტზე კონცენტრირება. სწორედ ამიტომ არის რიცხვი 7 ასეთი პოპულარული რეკლამაში და საინფორმაციო ბროშურებში.
და კიდევ, როგორ არ გავიხსენოთ მსოფლიოს შვიდი საოცრება, ცისარტყელას შვიდი ფერი, შვიდი ნოტი მუსიკალურ ოქტავაში და ასე უსასრულოდ…
ფიქრობთ თუ არა, რომ 7-იანი იღბლიანია, საინტერესოა იმის გააზრება, თუ როგორ შეიძლება მარტივ ციფრს ჰქონდეს ასეთი მნიშვნელობა მთელ მსოფლიოში.
თამთა გურული
დაკავშირებულ თემაზე:
უნიკალური კოდი: ვინ რომელი ორგანოს დაავადებას უნდა უფრთხილდეს
კომენტარები