მსოფლიოპოლიტიკა

ესპანეთში უკრაინელი პოლიტიკოსი მოკლეს – ვინ იყო ანდრეი პორტნოვი 

21 მაისს მადრიდის მდიდრულ გარეუბან პოსუელო-დე-ალარკონში უკრაინელი ადვოკატი ანდრეი პორტნოვი, „ვერხოვნა რადას“ ყოფილი წევრი და უკრაინის მეოთხე პრეზიდენტის თანამოაზრე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს – გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან Sky News-ი და Reuters-ი.

„როიტერის“ ცნობით, პოლიციამ სროლის შესახებ ზარი ადგილობრივი დროით დილის 9:15 საათზე მიიღო. პოლიციისთვის მსხვერპლის ვინაობა უცნობი იყო. Sky News-ი განმარტავს, რომ 52 წლის ანდრეი პორტნოვი ამერიკულ სკოლასთან ახლოს მოკლეს მას შემდეგ, რაც მან შვილები სკოლაში დატოვა.

პარამედიკოსებს  შემთხვევის ადგილზე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. მათი თქმით, სასიკვდილო ტყვია თავში, კისრის დონეზე, უკნიდან იყო მოხვედრილი, დანარჩენი ორი – მუცელსა და ფერდზე.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი მარტო არ იყო. მომხდარის შემდეგ თანამზრახველები ავტომობილით მიიმალნენ.

ვინ იყო ანდრეი პორტნოვი 

ანდრეი პორტნოვი იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის თანამებრძოლი.

2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პორტნოვი პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს იურიდიული გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, შემდეგ კი იანუკოვიჩის მხარეს გადავიდა და იანუკოვიჩის ადმინისტრაციაში სასამართლოს კურატორად ითვლებოდა.

„ევრომაიდნის“ შემდეგ ანდრეი პორტნოვმა უკრაინა ვიქტორ იანუკოვიჩის გუნდთან ერთად დატოვა და, როგორც მედია იუწყებოდა, ხუთი წლის განმავლობაში ვენაში ცხოვრობდა. 2019 წელს, ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, იგი მცირე ხნით დაბრუნდა უკრაინაში, მაგრამ მალევე ისევ დატოვა ქვეყანა.

სოციალურ ქსელებში უკრაინის ხელისუფლებასთან დაახლოებული პოლიტიკოსები და აქტივისტები პორტნოვის მკვლელობის გამო სიხარულს არ მალავენ. „რადის“ დეპუტატმა მარიანა ბეზუგლამ მას „მინის ბამბის მიწა“ უსურვა, მისმა პარლამენტარმა კოლეგამ ალექსეი გონჩარენკომ მკვლელობა „ლიკვიდაციად“ მოიხსენია, ხოლო ნაციონალისტმა სერგეი სტერნენკომ მოკლულს „უკრაინის მოღალატე“ უწოდა. თუმცა ზოგიერთ პოლიტიკოსი ანდრეი პორტნოვს ახასიათებს, როგორც  „ზელენსკის რეჟიმისა და დიქტატურის წინააღმდეგ დიდი ხნის მებრძოლს“.

ცნობისათვის, 2024 წლის თებერვალში ალიკანტეს პროვინციაში მოკლეს რუსი სამხედრო პილოტი მაქსიმ კუზმინოვი, რომელმაც 2023 წელს Mi-8 სამხედრო ვერტმფრენი გაიტაცა და რუსეთიდან უკრაინაში გაიქცა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close