საზოგადოებასაბერძნეთი

საპატარძლო ფეხსაცმლის ძირის „საიდუმლო“,  ბრინჯის „წვიმა“, „ფულის ცეკვა“… – ბერძნული საქორწილო ტრადიციები

ყოველწლიურად საბერძნეთში დაახლოებით 53 000 ქორწილი ტარდება. დღეს ბერძნული კანონმდებლობა სამოქალაქო ქორწინებას უშვებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ბერძნების უმეტესობისთვის მართლმადიდებლური წესით ჯვრისწერა მაინც უპირატესია. ამავდროულად, ისინი არ ივიწყებენ ტრადიციულ საქორწილო წეს-ჩვეულებებს, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო.

ძველად ხალხს ღრმად სწამდა, რომ საჭირო რიტუალების შესრულება ახალდაქორწინებულთა ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას უზრუნველყოფდა, ამიტომ ყველა წესის დაცვა ბერძნული ქორწილის განუყოფელი ნაწილი იყო. დღეს საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი მდიდარი ტრადიციები ბერძნულ ქორწილს საინტერესო, ფერად და სახალისო დღესასწაულად აქცევს.

 „ლოგინის გაშლა“ 

ეს რიტუალი ქორწილს წინ უძღვის. ქორწილამდე ორი დღით ადრე ორივე ოჯახის წარმომადგენლები პატარძლის მამის სახლში იკრიბებიან, რათა დაათვალიერონ მზითევი და შეაფასონ საქორწილო კაბა. პატარძლის დაუქორწინებელი მეგობრები მას ლოგინს უშლიან, ხოლო საქმროს უფლება აქვს, ზეწრები მოხსნას, თუ მიიჩნევს, რომ საწოლი საკმარისად აკურატულად გაშლილი არ არის. პროცედურა მეორდება მანამ, სანამ საქმრო ბოლომდე კმაყოფილი არ დარჩება. როგორც კი საწოლი იდეალურად იქნება გაშლილი, მასზე ბრინჯს, ვარდის ფურცლებსა და ფულს ყრიან, რითაც ბედნიერ და აყვავებულ ცხოვრებას უსურვებენ ნეფე-პატარძალს.

არსებობს კიდევ ლოგინზე „ბავშვის დაგორების“ ტრადიცია, რაც შვილიანობის სურვილის გამოხატვას ნიშნავს. თუ ბიჭს დასვამენ, მაშინ ახალ ოჯახში პირველი შვილი ბიჭი იქნება, თუ გოგოს, მაშინ – გოგო.

სახელები საპატარძლო ფეხსაცმლის ძირზე

პატარძალი საქორწილო ფეხსაცმლის ძირზე თავისი დაუქორწინებელი მეგობრების სახელებს წერს. ითვლება, რომ ის, ვისი სახელიც პირველი წაიშლება, მალე თავად ჩაიცვამს საქორწილო ფეხსაცმელს.

დაუქორწინებელ მამაკაცებს შორის საკურთხევლისკენ მიმავალ გზაზე პრიორიტეტი ცეკვის დროს განისაზღვრება: პატარძალი რიგრიგობით ცეკვავს მათთან, შემდეგ კი ცხვირსახოცს ესვრის უცოლოებს – ვინც მის დაჭერას მოახერხებს, პირველი დაქორწინდება.

 ბრინჯის „წვიმა“

საბერძნეთში, ისევე როგორც ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ქორწილის ცერემონიის ბოლოს ახალდაქორწინებულებს ბრინჯს „აპკურებენ“, თუმცა ბერძნებს ამ ტრადიციის საკუთარი ახსნა აქვთ. ბერძნული სიტყვა „რისი“, რომელიც ითარგმნება, როგორც „ბრინჯი“, თანხვედრაშია სიტყვასთან „რიზეს“ (ρίζες) – „ფესვები“, ამიტომ ახალგაზრდა ოჯახისთვის ძალიან სიმბოლურია ბრინჯის „წვიმაში“ გავლა ფესვების გასადგმელად. ეს ნიშნავს, რომ ოჯახური კავშირი ძლიერი და ნაყოფიერი იქნება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრაქტიკის შედეგად ყოველწლიურად ტონობით საკვები ბრინჯი იყრება, მაშინ როცა ადგილობრივ მწარმოებლებს მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირთ… გამჭრიახმა მეწარმეებმა გონივრული გამოსავალი იპოვეს და ქორწილის ორგანიზატორებს „საქორწილო ბრინჯს“ სთავაზობენ – ტომრებში სპეციალური ბრინჯია მოთავსებული, რომელმაც ბაზრის მკაცრი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა. თუ ადრე ამ ბრინჯს ყრიდნენ, ახლა ამ ბიზნესით ფულს შოულობენ  და ძველ ტრადიციასაც „უზრუნველყოფენ“ საჭირო საქორწილო „აქსესუარით“.

„ფულის ცეკვა“

ახალდაქორწინებულთა პირველი ცეკვის დროს სტუმრები მათ ბანკნოტების გირლანდებს ჰკიდებენ და ფეხქვეშ ფულს უყრიან, რითაც ახალგაზრდა ოჯახს სიმდიდრესა და კეთილდღეობას უსურვებენ.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ბერძნული საქორწილო წეს-ჩვეულებების გრძელი სიიდან. საქორწილო ტრადიციები რეგიონების მიხედვით განსხვავდება და ათენური ქორწილის შემდეგ კვიპროსულ ქორწილში მოხვედრისას ბევრი სიურპრიზი გელით.

ამიტომაც ბერძნული ქორწილის შესახებ ყველაფრის მოყოლა შეუძლებელია – ის უნდა ნახოთ… და კიდევ უკეთესი – განიცადოთ!

მანანა ბანძელაძე

მოამზადეთ თევზი ბერძნულად და გემრიელად მიირთვით.

შემწვარი თევზი ბერძნულად – გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close