ეკონომიკატექნოლოგიებისაქართველო

როდის გაიხსნება ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში IT ჰაბი

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, პირველი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„გეგმაზომიერად მიმდინარეობს ყველა საჭირო სამუშაო პროცესი იმისთვის, რომ 2025 წლის შემოდგომაზე ქალაქ ქუთაისში გაიხსნას საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სრული მზადყოფნა აქვს იმისთვის, რომ ამ პროცესის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამჭვირვალედ და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას“, – აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის, უკვე დასრულებულია დასავლეთის შესასვლელის მხრიდან საავტომობილო გზის, სკვერის, მწვანე საფარის და გარე განათების მოწყობა, ასევე აქტიურ ფაზაშია გათბობა-გაგრილების სისტემებისა და საინჟინრო კომუნიკაციების მასშტაბური რეაბილიტაცია, განახლებული ინტერიერის დიზაინზე მუშაობა, ინტერაქციული სამეცნიერო/ტექნოლოგიური მუზეუმის მოწყობის პროცესი და ა. შ.

„რაც შეეხება ხელოვნურ ტბას, ამ ეტაპზე არ ხდება მისი წყლით ავსება. მოგეხსენებათ, რომ გარე ხელოვნურ ტბას არასოდეს უფუნქციონერია საქართველოს პარლამენტის მუშაობის დროს, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, აღვადგინოთ ეს ტბა, აქედან გამომდინარე, ჭაბურღილს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამუშაოები, დავასრულეთ მისი გაწმენდაც და ახლა მიმდინარეობს წყლის მცირე ნაკადით მიწოდება იმისთვის, რომ დადგინდეს წყლის ხარისხი. ამ წყალს ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევები და აქედან მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, უკვე მოხდება მისი ნაკადის გაზრდა და მთლიანად შეივსება გარე ხელოვნური ტბა“, – აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისივე განცხადებით, შენობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა შენობის შიგნით მაღალი ტემპერატურა და უჟანგბადობა, შესაბამისად, კასრაძის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს არა მარტო შენობის გაგრილების სისტემის სრული რეაბილიტაცია, არამედ ახალი სიმძლავრეებისა და იატაკის გაგრილების დამატება.

„გამოცდილი არქიტექტურული ჯგუფი მუშაობს შიდა ინტერიერის განახლებულ დიზაინზე, დაგეგმილია საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკონფერენციო დარბაზის, სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცის, სატრენინგო და სამუშაო შეხვედრების ოთახების მოწყობა, ასევე ხაზგასასმელია ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გახსნა – მუზეუმი, რომლისთვისაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ უკვე შეიძინა 50-მდე ექსპონატი, პირველ ვიზიტორს მიმდინარე წლის შემოდგომაზე უმასპინძლებს“, – განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

„პროექტს რეგიონულ მნიშვნელობას ანიჭებს არა მხოლოდ მისი მასშტაბი, არამედ ის უნიკალური მულტიფუნქციურობა, რომელიც აქ იქნება წარმოდგენილი. ერთი მხრივ, საუბარი გვაქვს, რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო მიმართულებაზე – აქ განთავსდება საერთაშორისო IT და ტექნოლოგიური სკოლა მოსწავლეებისთვის, მინიმუმ 1000 ბავშვზე გათვლილი. ასევე აქ იმუშავებს რეგიონში უნიკალური სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, „საქპატენტის“ საერთაშორისო ტრენინგ-ცენტრი და ა. შ. რა თქმა უნდა, ძირითადი და წამყვანი მიმართულება თანამედროვე ტექნოლოგიები იქნება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ტექნოლოგიური ჰაბის სივრცეში ასევე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოპარკი და მისი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab), 3D პრინტერების ლაბორატორია, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, STEAM, IoT, ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობის ლაბორატორია და სხვა ექსპერიმენტული სივრცეები სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის. იქვე იმუშავებს ასევე TUMO კრეატიული ტექნოლოგიების და AI მძლავრი მონაცემთა და კომპეტენციების ცენტრები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ახალ მრავალფუნქციურ ცენტრში განთავსდება საქართველოში და რეგიონში უნიკალური ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ცენტრი, ტექნოლოგიური ლაბორატორიები, სატრენინგო, ქოვორქინგის და სხვა მიმართულების ოფისები.

„რაც ასევე მნიშვნელოვანია, ამავე სივრცეში დაიდებენ ბინას მთელი რიგი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც დღეს საქართველოში მოღვაწეობენ. საერთო ჯამში, ის უნიკალური სინერგია, რომელიც შეიქმნება ამ სხვადასხვა მიმართულებების ერთ სივრცეში ოპერირებით და ტექნოლოგიური კუთხით განვითარებით, განაპირობებს იმ უპირატესობას, რომელიც წარმოაჩენს და ჩამოაყალიბებს მას, როგორც რეგიონული მიზიდულობის ცენტრს ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close