ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

საქართველოში მიმდინარე 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ფიგურულ ციგურაობაში ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. 15 წლის სპორტსმენი პირველი ქართველი მოციგურავე გახდა, ვინც საქართველოს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოუტანა. ბაკურიანი 2025-ის ფარგლებში ფიგურულ ციგურაობაში შეჯიბრება ბათუმის ყინულის არენაზე მიმდინარეობს.
გუშინ შესრულებული მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველ სპორტსმენს 58.84 ქულა ჰქონდა და მესამე ადგილს იკავებდა. დღეს თავისუფალ პროგრამაში მან 128.97 ქულა დაიმსახურა, ხოლო საერთო ჯამში მოპოვებული 187.81 ქულით ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
გოგონათა შორის ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედალს ესტონელი ელინა გოიდინა დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო შვეიცარიის წარმომადგენელმა, ლეანდრა ციმპუკაკისმა მოიპოვა.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაკურიანი 2025 საქართველოში 9 თებერვალს გაიხსნა და 16 თებერვალს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე საქართველოს, ინგა გურგენიძის დღევანდელ ოქროსთან ერთად, სულ ოთხი მედალი აქვს მოპოვებული და ოთხივე ფიგურულ ციგურაობაში. პირველად ვერცხლის მედალი ვახტანგ მურვანიძემ მოიპოვა 1997 წელს შვედეთში; 2017 წელს ნიკა ეგაძემ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, 2023 წელს კი კონსტანტინე სუპატაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები