![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2025/02/stop-musk.jpg)
ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის ადმინისტრაციის სახაზინო დეპარტამენტს დროებით აუკრძალა საგადახდო სისტემის მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა. ეს გადაწყვეტილება სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ამოქმედების შემდეგ იქნა მიღებული, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის მიზანსაც სახელმწიფო ხარჯების შემცირება წარმოადგენს, არ არის ფედერალური აღმასრულებელი დეპარტამენტი, თუმცა მას ხელი მიუწვდებოდა აშშ-ის ხაზინის მონაცემებზე.
აშშ-ის საოლქო მოსამართლემ კოლინ კოლარ-კოტელიმ (Colleen Kollar-Kotelly) ამ გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სახელმწიფო მოხელეებისა და პენსიონერების წარმომადგენლების სარჩელი, რომელიც მათ შეიტანეს მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი გუნდი სახაზინო გადარიცხვებს სწრაფად ამცირებს. ისინი ამ სარჩელით მოითხოვდნენ სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტისთვის კონფიდენციალური მონაცემების ხელმისაწვდომობის შეზღუდვას.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სასამართლოს არწმუნებდა, რომ კონფიდენციალური მონაცემები სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ორად-ორი წარმომადგენელისთვის არის ხელმისაწვდომი მხოლოდ „გაცნობისთვის“.
მოსამართლის გადაწყვეტილება 24 თებერვლამდეა ძალაში, როდესაც მოსარჩელე და მოპასუხე მხარეები სასამართლოში დაბრუნდებიან აკრძალვის საკითხის განსახილველად.
ნანა ძნელაძე
კომენტარები