დღის თემავიდეოსაზოგადოება

გურული ახალი წელი დადგა! – გილოცავთ კალანდას (ვიდეო)

„კალანდა“ ლათინური სიტყვა Calendae-დან მომდინარეობს და თვის პირველ დღეს ნიშნავს. მაშინ, როცა მსოფლიო ახალ წელს 1-ელ იანვარს ზეიმობს, გურულებისთვის ეს დღესასწაული 14 იანვარს დგება და მათთვის კალანდა ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.

ახალი წელიწადი, „კალანდობა“ თავისებურებებით გამოირჩევა და მას გურულები საინტერესო რიტუალებით ეგებებიან.

კალანდობის მთავარი ატრიბუტი ჩიჩილაკია. ხალხური ტრადიციით, გურულები ჩიჩილაკს წმინდა ბასილის პატივსაცემად რთავენ, რადგანაც ჩიჩილაკი თეთრი ფერისაა და ხალხი მას წმინდა ბასილის თეთრ წვერს ამსგავსებს. საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი „ბასილის პურს” უწოდებდნენ.

გურიაში განსხვავებული სახელი აქვს მეკვლესაც და მას მფერხავს უწოდებენ. მფერხავს მასპინძელი ახალი წლის ღამეს ეზოში ხვდება, ალილოს ერთად მღერიან და ერთმანეთს კალანდობას ულოცავენ.

მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“ მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული…“ შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები.

გურიაში ახალ წელს ღვეზელით, გოზინაყით, საკალანდოდ დაკლული ღორით, მარანში შავი ღვინით და კრიმანჭულით ზეიმობენ.

საახალწლო სუფრის აუცილებლი ნაწილია ინდაურის ხორცისგან დამზადებული საცივი, ღომი და კეცის მჭადები. აგრეთვე, საშობაო კვერი – ტრადიციული გურული ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური მოხარშული კვერცხით (ღვიძელი). ნახევარმთვარის ფორმა ძველი გურულების რწმენით ძლიერების სიმბოლო იყო, ხაჭაპურში ჩატანებული კვერცხი კი – ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხლობის სიმბოლოა.

ახალ წლამდე სამზადისს, რიტუალების სახით, გურული კაცი 40 დღით ადრე იწყებდა. საკალანდო ღორსა და მამალს ცალკე, ე. წ. სასუქში მოათავსებდნენ, კალანდობამდე კარგად რომ გასუქებულიყო.

თუმცა, ტრადიციულად, მთელი რიგი მზადება და ფუსფუსი გურული ოჯახისთვის მაინც 13 იანვარს იწყებოდა. კალანდის წინა დღეს ცხემლისჭრა ეწოდებოდა. ამ დღეს ოჯახის წევრი მამაკაცი ტყეში მოჭრიდა ცხემლის ხეს და დაჩეხდა შეშას, შეიტანდა სახლში და ცეცხლთან ახლოს დააწყობდა გასაშრობად.

კალანდობის ღამით დაწყებულ დროსტარებას გურულები მეორე დღესაც აგრძელებდნენ. კალანდობის დადგომას დღესაც მხიარულად და სიმღერით ხვდებიან და მთელი ორი დღე ზეიმობენ. კალანდობის მეორე დღეს, 15 იანვარს გურიაში „კუჩხას“ ეძახიან. ოჯახი ვისაც მეკვლედ „შეასახელებდა“, კალანდობის მეორე დღეს აუცილებლად ის უნდა მისულიყო პირველი მათთან და შემდგომი ყველა სიკეთე, ხვავი და ბარაქა მისი ფეხის დამსახურებად ითვლებოდა.

საახალწლო სუფრაზე სხვადასხვა ქართული სიმღერა სრულდებოდა, თუმცა განსაკუთრებულად მღეროდნენ „ალილოს“, „მასპინძელსა მხიარულსა“, „ჩვენ მშვიდობას“ და, ასევე, რა თქმა უნდა, „აგუნას გადაძახილსაც“.

დღეს ძველი საახალწლო ტრადიციები სახეშეცვლილია, ზოგიერთი მივიწყებულიც კი, თუმცა გურულებმა მაინც შეძლეს კალანდობის ტრადიცია ბოლომდე შეენარჩუნებინათ და დღევანდლობამდე შემოენახათ.

ამავე თემაზე: შობა-ახალი წლის ტრადიციები ძველად საქართველოში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close