„მათ ჯადო გამიკეთეს და უნდა ავიხსნა“ – საბერძნეთში ქალმა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაწვა სცადა
დაუჯერებელი შემთხვევა მოხდა კუნძულ კრეტაზე, ჰერაკლიონში: 62 წლის ქალი შეეცადა, ცეცხლი წაეკიდებინა მრავალბინიანი სახლისთვის, სადაც თავადაც ცხოვრობს. იგი ამტკიცებდა, რომ მოაჯადოვეს და ცეცხლის საშუალებით სურდა ჯადოს ახსნა. ამის შესახებ ბერძნული გამოცემა iefimerida.gr იუწყება.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა 6 იანვარს, ნათლისღების დღეს (საბერძნეთში ნათლისღებას 6 იანვარს აღნიშნავენ) მოხდა. ქალმა აიღო აალებადი სითხით სავსე ბალონი და სითხე სახლის კედლებს და კარებს შეასხა.
„მათ ჯადო გამიკეთეს და მისი მოხსნა ცეცხლით მინდა“, – ყვიროდა ქალი, თვითმხილველთა თქმით. მათივე ინფორმაციით, ქალს ხელში სანთებელა ეჭირა და რაღაც მომენტში ჯოხს წაუკიდა ცეცხლი. სახლის სხვა მაცხოვრებლებმა, რომლებმაც ეს დაინახეს, ქალს წყლის შესხმა დაუწყეს, რომ ცეცხლი არ წაჰკიდებოდა. მათ ოპერატიულად შეატყობინეს სახანძრო სამსახურს და პოლიციას, რომლებიც ადგილზე მალევე მივიდნენ. როგორც იტყობინებიან, ცეცხლის გაჩენა თავიდან აიცილეს და ქალი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურმა საქმე აღძრა ხანძრის გაჩენის მცდელობასთან დაკავშირებით.
ნინო ხოშტარია
კომენტარები