დღის თემაპოლიტიკასაქართველო

საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა მე-6 პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პირველი გადაწყვეტილებები მიიღო

რომელ ქვეყნებში მოქმედებს საპარლამენტო რესპუბლიკის კლასიკური მოდელი და ვინ არიან პრეზიდენტები

საქართველოს ისტორიაში პირველად არა პირდაპირი, საყოველთაო ფარული კენჭისყრით, არამედ 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში 2024 წლის 29 დეკემბერს გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და საზოგადოებას ვრცელი სიტყვით მიმართა.  „ჩვენმა ხალხმა შექმნა ქვეყანა და რაც მთავარია, მარადიული იდეა, რომელსაც სამშობლო ჰქვია, სწორედ ამ იდეას უფრთხილდება და იცავს მუდმივად ქართველი ერი“, – განაცხადა მან. მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამ დროისთვის პირდაპირი, საყოველთაო ფარული კენჭისყრით არჩეული ბოლო პრეზიდენტი და პირველი ქალი პრეზიდენტია, ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლიდან განაცხადა, რომ რეზიდენციას ტოვებს, თუმცა კვლავ რჩება „ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად“. 

მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე საპრეზიდენტო ფიცი წარმოთქვა:

„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინების და ძლევამოსილებისათვის“.

300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის აბსოლუტური უმრავლესობის – 224 წევრის მიერ არჩეული მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის „მოკრძალებულ“ ინაუგურაციაში საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობის და საკრებულოების, კონსტიტუციური ორგანოებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მას არ ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მიხეილ ყაველაშვილს არალეგიტიმურად მიიჩნევს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელთა წარმომადგენლებიც უკვე 32-ე დღეა პერმანენტულ მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციებს მართავენ და ახალი არჩევნების დანიშვნას და დემონსტრაციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.

მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი პარლამენტის მიერ 13 დეკემბერს მიღებულ ახალ კანონებს, რომელთა შორისაც რამდენიმე კანონს ადამიანის უფლებათა დამცველები, რბილად რომ ვთქვათ, „შემზღუდავს“ და  „არადემოკრატიულს“ უწოდებენ, რასაც ხელისუფლება უარყოფს. ეს კანონები უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში. მათ შორისაა ეს სამი კანონიც:

  • ცვლილება შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში (სახის დაფარვის და პიროტექნიკის სროლის შესახებ);
  • ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში პიროტექნიკის ნაწარმის შენახვა-გამოყენების შესახებ; ასევე, პროდუქტის უსაფრთხოების კანონში ცვლილება – რაც ასევე პიროტექნიკას ეხება;
  • ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, რითაც, უფლებადამცველების თქმით, დასაქმებულთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება მარტივდება.

სალომე ზურაბიშვილმა X-ზე გამოაქვეყნა პოსტი მიხეილ ყაველაშვილის მიერ კანონების ხელმოწერასთან დაკავშირებით: „ძალადობისა და რეპრესიების ახალი ტალღა დე ფაქტო პრეზიდენტის დე ფაქტო ინაუგურაციის აღსანიშნავად. მან ახლახან მოაწერა ხელი ახალ კანონებს, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და [„ქართულ ოცნებას] საჯარო სამსახურებში „წმენდის“ უფლებას აძლევს“.

ყაველაშვილმა პირველი საკადრო გადაწყვეტილებაც მალევე მიიღო ინაუგურაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დანიშნა, რომელიც მანამდე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება კოლეგიის მიერ არჩეული ახალი პრეზიდენტის როლს და  ფუნქციებს:

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ახალი წესით არჩეული პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი და საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია, მის კომპეტენციაშია საქართველოს წარდგენაც საგარეო ურთიერთობებში.

გარდა ამისა, პრეზიდენტის უფლებამოსილებათა შორისაა: მთავრობის თანხმობით წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება, საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმება, სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციის მიღება; მთავრობის წარდგინებით საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის დანიშვნა; საქართველოს სახელმწიფოს სახელით კონსტიტუციური შეთანხმების დადება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან; პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დანიშვნა კონსტიტუციითა და ორგანული კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში მონაწილეობა; მთავრობის წარდგინებით ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენა, ორგანული კანონით დადგენილი წესით მოქალაქეობის საკითხების შეწყვეტა; მსჯავრდებულთა შეწყალება; სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, უმაღლესი სამხედრო, სპეციალური და საპატიო წოდებების, უმაღლესი დიპლომატიური რანგების კანონით დადგენილი წესით მინიჭება.

საპარლამენტო რესპუბლიკის კლასიკური მოდელი მოქმედებს იტალიაში, გერმანიასა და ავსტრიაში, რომელთა გამოცდილება ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებისთვისაც მისაღები აღმოჩნდა.

სერჯო მატარელა – იტალიის პრეზიდენტი

მართალია, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს – 2015 წელს არჩეულ სერჯო მატარელას 7 წლის შემდეგ ამოეწურა მმართველობის ვადა, მაგრამ 2022 წელს, ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩიხში შესვლისა და უშედეგოდ გამართული შვიდი ტურის შემდეგ, 759 ხმით ამომრჩეველთა კოლეგიამ ისევ 80 წლის მატარელა აირჩია, რომელმაც მეორედ დაიკავა პრეზიდენტის პოსტი.

აღსანიშნავია, რომ 1947 წლიდან იტალიის პრეზიდენტს ამომრჩეველთა სპეციალური კოლეგია ირჩევს იტალიის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატთა და ქვეყნის 20 რეგიონის წარმომადგენელთა შემადგენლობით, პრეზიდენტობა კი 50 წელს მიღწეულ ნებისმიერ იტალიელს შეუძლია, ვინც სრულად ფლობს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს.

იტალიის პრეზიდენტი, რომელიც ეროვნულ ერთობას განასახიერებს, სახელმწიფოს მეთაური და იტალიის კონსტიტუციის გარანტია, შეიარაღებულ ძალებს მთავარსარდლობს და თავდაცვის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს, მხოლოდ სახელმწიფო ღალატის ან კონსტიტუციაზე თავდასხმის შემთხვევაში აგებს პასუხს კანონის წინაშე, როცა პალატების ერთობლივ სხდომაზე აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით გადაეცემა სასამართლოს.

კატერინა საკელაროპულუ – საბერძნეთის პრეზიდენტი

წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუც, რომელიც 2020 წლის მარტში, სპეციალურად მოწყობილ სესიაზე აირჩია ქვეყნის პარლამენტმა 5 წლით.

მართალია, საბერძნეთის პრეზიდენტი, რომლის ვადის გაგრძელება მხოლოდ საომარი მდგომარეობის გამოცხადების ან ახალი პრეზიდენტის დროულად ვერ არჩევის შემთხვევაშია შესაძლებელი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ფუნქციასაც ასრულებს, მაგრამ მეტწილად მაინც ქვეყანას წარადგენს საერთაშორისო დონეზე, აწყობს შეხვედრებს ელჩებთან და აწერს ხელს შეთანხმებებს, თუმცა არ აქვს ვეტოს გამოყენების და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება.

პრეზიდენტების შესახებ საპარალამენტო რესპუბლიკებში სრულად წაიკითხეთ აქ: imedinews.ge prezidentis-posti-saparlamento-respublikashi

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close