სამზარეულოსაბერძნეთი

მელომაკარონა – ბერძნული საშობაო ნამცხვრის საუკეთესო რეცეპტი

მელომაკარონა რბილი და ჰაეროვანი ნამცხვარია, ტრადიციული ეროვნული დელიკატესი, რომელიც საშობაო პერიოდში შეუცვლელია ყველა ოჯახში საბერძნეთსა და კვიპროსზე.

თაფლით დამზადებულ (როგორც ნათლად მიუთითებს სახელწოდების პირველი ნაწილიც: μελι – მელი – ბერძნულად თაფლს ნიშნავს) ტრადიციულ საშობაო ნამცხვრებს, რა თქმა უნდა, საერთო არაფერი აქვს ცნობილ მაკარონთან. პირიქით, ირკვევა, რომ თავად მაკარონი იტალიურ ენაზე უშუალოდ ბერძნულიდან მომდინარეობს, უფრო სწორად, წმინდა მაკარისადმი მიძღვნილი მოსახსენებელი პურის სიცილიური ტრადიციიდან, რომელიც, ლეგენდის თანახმად, მარხვის დროს ვიწროყელიან ჭურჭელში ჩაყრილი დანამცეცებული პურით იკვებებოდა.

გთავაზობთ მელომაკარონას საუკეთესო რეცეპტს.

დაგჭირდებათ:

სიროფისთვის

  • 500 მლ წყალი
  • 800 გ შაქარი
  • 150 გ თაფლი
  • დარიჩინის სამი ჩხირი
  • 3 ცალი მიხაკი
  • ერთი ფორთოხალი

ცომისთვის კი ორი ნარევი ცალ-ცალკე უნდა მოამზადოთ და შემდეგ ერთმანეთში აურიოთ:

პირველი ნარევი:

  • 400 მლ ფორთოხლის წვენი
  • 400 გ მზესუმზირას ზეთი
  • 180 გ ზეითუნის ზეთი
  • 50 გ შაქრის პუდრი
  • 1/2 ჩაის კოვზი მიხაკი (დაფქული, რა თქმა უნდა)
  • 2-3 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 1/4 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • ერთი ფორთოხლის ცედრა, გახეხილი წვრილ სახეხზე
  • 120 მლ კონიაკი (სურვილისამებრ)

მეორე ნარევი:

  • 1 კგ ხორბლის ფქვილი (უმაღლესი ხარისხის)
  • 200 გ მანანის ბურღული

აგრეთვე, დაგჭირდებათ თაფლი.

მომზადების წესი

სიროფი

  • სიროფი მთლიანად უნდა გაცივდეს, სანამ მელომაკარონას გამოცხობას დაიწყებდეთ, ამიტომ თავიდანვე მოამზადეთ;
  • ერთმანეთში აურიეთ სიროფისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი თაფლის გარდა და დადგით ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. შეაგრილეთ დაახლოებით 40 გრადუსამდე და შეურიეთ თაფლი.

მელომაკარონასთვის

  • გააცხელეთ ჰაერღუმელი 190°C-მდე;
  • პირველი ნარევის ყველა თხევადი ინგრედიენტი დიდ თასში მოათავსეთ და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე;
  • მეორე თასში შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები;
  • დაასხით ნარევი თხევადი ინგრედიენტებით მშრალ ინგრედიენტებს და ძალიან ცოტა ხანს (არაუმეტეს 10 წამისა) ფრთხილად აურიეთ თითებით. მელომაკარონას ცომი დიდხანს არ უნდა მოზილოთ – კარაქი არ უნდა გამოიყოს მასიდან;
  • გაზქურის საცხობ სინზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი;
  • გააკეთეთ მელომაკარონას ბურთულები დაახლ. 3-4 სმ დიამეტრით; მოათავსეთ ისინი საცხობ ფირფიტაზე და გამოაცხვეთ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ ლამაზ ოქროსფერს არ მიიღებს.

როგორც კი მელომაკარონები გამოცხვება, ისინი სათითაოდ მოათავსეთ გაცივებულ სიროფში და 15 წმ დატოვეთ;

ამოიღეთ სიროფიდან, მოასხით თაფლი და მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი (უმჯობესია მოხალული).

მელომაკარონას აქვს ტენის შთანთქმის უნარი და შეიძლება ნამცხვრები არასასიამოვნოდ დარბილდეს, ამიტომ ისინი მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში უნდა ინახებოდეს ან საკვების შესანახად განკუთვნილი ფირი გადააკარით.

კირა კარიაული

რეცეპტები ბერძნული სამზარეულოდან: შემწვარი თევზი ბერძნულად – გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი

კულურაკია – სააღდგომო ორცხობილების რეცეპტი ბერძნული მასტერშეფის მონაწილე თამრიკო ღამბარაშვილისაგან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close