მზეზე ბოლო შვიდ წელიწადში ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა მოხდა – რას ამბობენ მეცნიერები (ვიდეო)
ხუთშაბათს, 3 ოქტომბერს, დღისით მზეზე 2017 წლის შემდეგ ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა/ანთება მოხდა, ამის შესახებ მზის ასტრონომიის ლაბორატორია იტყობინება.
ფენომენი თბილისის დროით დაახლოებით 16:00 საათზე დაფიქსირდა. აფეთქება მზის დისკის ცენტრში მოხდა და 28 წუთს გრძელდებოდა. მეცნიერებმა აფეთქებას X9.0 დონე მიანიჭეს.
„ამ დონის აფეთქებები მზეზე შვიდ წელზე მეტია არ დაფიქსირებულა. ბოლოს მხოლოდ ოდნავ უფრო დიდი მოვლენა (X9.3 დონის აფეთქება) მოხდა 2017 წლის 6 სექტემბერს“, – ნათქვამია ლაბორატორიის მოხსენებაში.
რენტგენული გამოსხივების სიმძლავრიდან გამომდინარე, მზეზე ამოფრქვევები ხუთ კლასად იყოფა: A, B, C, M და X. აქედან A მინიმალურ კლასად ითვლება, ყოველ მომდევნო კლასზე გადასვლისას ამოფრქვევის სიმძლავრე ათჯერ იზრდება. X-ით აღნიშნულია მაქსიმალური კლასის ამოფრქვევები. მზეზე ძლიერი ამოფრქვევები დედამიწაზე მაგნიტურ ქარიშხალს იწვევს.
მზეზე ამოფრქვევები ბოლო პერიოდში ძალიან გახშირებულია, რადგან მზე თავისი აქტივობის 11-წლიანი ციკლის პიკს უახლოვდება. მათი უმეტესობა მცირე სიმძლავრისაა, მაგრამ ბოლო პერიოდში აშკარად გახშირდა X-კლასის ანთებები.
3 ოქტომბრის X9.0 ამოფრქვევა მეცნიერების მიერ დაფიქსირებული ამ მოვლენებიდან 20 უმძლავრეს ამოფრქვევათა სიაში შედის.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ არ არსებობს მონაცემები მზის პლაზმის დიდი მასების დედამიწის მხარეს გამოტყორცნის შესახებ.
ლაბორატორიაში ივარაუდეს, რომ წინა დღის, 2 ოქტომბრის აფეთქებამ, რომელიც ღამით ვარსკვლავის იმავე ნაწილში მოხდა და X7.1. სიმძლავრე მიენიჭა, პლაზმური რეზერვები „დაცალა“ და „ახალ ანთებას უბრალოდ არაფერი დარჩა კოსმოსში გასაფრქვევი“. თუ მკვლევართა პროგნოზი არასწორია, მაშინ გამონაფრქვევი დედამიწას 6 ოქტომბრის ღამეს მოუახლოვდება.
2 ოქტომბრის ამოფრქვევის გათვალისწინებით, ამჯერად მაგნიტური შტორმის საერთო ხანგრძლივობა შესაძლოა ოთხ დღემდე გაგრძელდეს.
მზეზე მომხდარი მძლავრი ამოფრქვევის შედეგად მაღალია ძლიერი პოლარული ციალის ალბათობა, განსაკუთრებით ამ შაბათ-კვირას (5-6 ოქტომბერს). მაგნიტური ქარიშხლების სიძლიერემ შესაძლოა G4 დონეს მიაღწიოს.
უახლოესი დღეების პოლარული ციალის პროგნოზი მოცემულია აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ვებგვერდზე.
ნანა ძნელაძე
ასევე, დაგაინტერესებთ: რომელ საათზე გვსტუმრობს ბედ-იღბლის ღვთაება დღე-ღამის განმავლობაში? – წარმატების საათები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
კომენტარები