სტამბოლში 46 წლის ქართველი ქალი ცემით მოკლეს – მკვლელობაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა
9 სექტემბერს სტამბოლის ბეიოღლუს რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე ცემით მოკლეს. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა სასტუმროს თანამშრომელმა მისი დაკავება მოახერხა, რის შემდეგაც დამნაშავე პოლიციას გადასცეს. ის თურქეთის მოქალაქეა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცმა 46 წლის ქალი, რომელიც მისი შეყვარებული იყო, სასტუმროს ნომერში ბლაგვი საგნით სასტიკად სცემა. სასტუმროს ადმინისტრატორმა ის უგონო მდგომარეობაში ნახა. ქალს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც იგი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილის მიმალვის მცდელობის ამსახველი კადრები იქვე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა. ახლა ეს ჩანაწერები თურქი მამაკაცის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს მამაკაცი დანაშაულის ადგილიდან გაქცევას.
სასტუმროს თანამშრომელი, ჰაკან კარაჩამი ჰყვება, თუ რა მდგომარეობაში იპოვა ქართველი ქალი სასტუმროს ნომერში: „ქალი მთლიანად სისხლში იწვა და თითქმის აღარ სუნთქავდა“.
მოწმე ამბობს, რომ ოთახიდან ჩხუბის ხმა შემოესმა, რის გამოც ვითარების გადამოწმება ადგილზე სცადა: „როდესაც ჩხუბის ხმა შემომესმა, სიტუაციის გარკვევა ვცადე, ოთახთან მივედი და ასეთი სურათი დამხვდა. კაცი გარბოდა, მე გავეკიდე, მალევე დავეწიე და დავაკავე, თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს და მერე ქალი საავადმყოფოში წაიყვანეს“.
„კურიერი“ მოკლულის ოჯახის წევრებს ესაუბრა, თუმცა ქალის ახლობლებს არ აქვთ ინფორმაცია, რა გახდა დანაშაულის მოტივი.
ჰყვებიან, რომ 46 წლის ქალი საზღვარგარეთ სამუშაოდ დიდი ხნის წინ წავიდა. სავარაუდოდ, ის თურქეთის მოქალაქესთან არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მოკლულის ცხედარს, სავარაუდოდ, საქართველოში გადმოასვენებენ.
მკვლელობაში ბრალდებული სტამბოლის იზოლატორშია გადაყვანილი. პოლიციამ სასტუმროს ნომრიდან მტკიცებულებები ამოიღო, მათ შორის, დამნაშავის პირადი ნივთები და ბლაგვი საგანი, რომელზეც მკვლელმა ანაბეჭდები დატოვა.
ნანა ძნელაძე
კომენტარები