მამარდაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მეკარე გახდა – გასაჯაროვდა 35-მილიონიანი კონტრაქტის პირობები
გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანური გამოცემა „მარკას” ცნობით, გარიგება 35 მილიონი ევროს საფასურად შედგა და ხოლო „ვალენსიამ“ 30 მილიონი ევრო მიიღო, რასაც 5 მილიონი ბონუსად დაემატება. გარდა ამისა, მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 10%-ს ესპანური კლუბი მიიღებს.
მეკარეებს ასე ძვირად იშვიათად ყიდულობენ ხოლმე. მამარდაშვილის შემთხვევაში კი საფეხბურთო გრანდმა ფული არ დაინანა და სწორედ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
ბრიტანული გამოცემა Caughtoffside წერს: „შესაძლოა, მამარდაშვილი „ლივერპულისთვის“ კარგი გრძელვადიანი შენაძენი აღმოჩნდეს, რომელსაც მალე მოუწევს ალისონის ჩანაცვლება მიუხედავად იმისა, რომ წელს ამის გადაუდებელი საჭიროება არ არსებობდა. ალისონი გასულ სეზონში „ლივერპულის“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი, სანდო მოთამაშე იყო და ლოგიკურია, რომ გუნდში რჩება. თუმცა მამარდაშვილი დიდი ტალანტია და არსებობდა რისკი, რომ 23 წლის ფეხბურთელი სხვა ტოპკლუბში წავიდოდა, ამ ზაფხულს „ლივერპულში“ რომ არ გადასულიყო“.
მხარეების შეთანხმების საფუძველზე, მამარდაშვილი იჯარის წესით 1 წლით „ვალენსიაში“ დარჩება და ერთ სეზონს ისევ მის კლუბში გაატარებს, ხოლო „ლივერპულს“ 2025 წელს შეუერთდება.
ტრანსფერის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარემ სოციალურ ქსელში პირველი კომენტარიც გააკეთა და „ვალენსიას“ ქომაგებს მიმართა.
„მოგესალმებით,
ვალენსიაზე და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ, სამი წლის განმავლობაში მუდმივი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.
სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც „ვალენსიამ“, ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. „ვალენსიამ“ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, კიდევ ერთი წელი დავრჩე „ვალენსიაში“ დაგუნდს თავისი მიზნის მიღწევაში დავეხმარო.
ყველამ ვიცით, როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც.
ამიტომ, როგორც არასდროს, ისე უნდა დავდგეთ ერთად და ბოლომდე ვიბრძოლოთ!“ – წერს გიორგი მამარდაშვილი.
35 მილიონი ევრო აქამდე არცერთ ქართველ ფეხბურთელში გადაუხდიათ, ასე რომ, ეს ქართველებში სარეკორდო ტრანსფერია. შეგახსენებთ, რომ აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა გიორგი მიქაუტაძეს, რომლის ტრანსფერში ცოტა ხნის „ლიონმა“ 18.5 მილიონ ევრო გადაიხადა.
ტრანსფერის 10% „დინამო თბილისისაა“, რომელიც, შესაბამისად, 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები