გაიცანით თათი მელუა – პირველი ნომერი კარატეს მსოფლიო სამსაჯო რეიტინგში 2024 წელს (ვიდეო)
ევროპის სამგზისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კარატეში თათი მელუა პირველ ადგილზეა 2024 წლის მსოფლიო სამსაჯო რეიტინგში.
კარატეს მსოფლიო ფედერაციის მიერ განახლებულ 2024 წლის მსოფლიო სამსაჯო რეიტინგში პირველი პოზიცია საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის თავმჯდომარემ, საერთაშორისო მსაჯმა მსოფლიოსა და ევროპის კარატეს ფედერაციების ეგიდით, თამარ (თათი) მელუამ დაიკავა.
თათი მელუა პირველად დასახელდა ქართველი მსაჯებიდან მსოფლიოს TOP24 და ევროპის TOP10 იმ მსაჯთა შორის, რომლებიც ნოემბერში ესპანეთის ქალაქ პამპლონაში, მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში იმსაჯებენ.
„რეიტინგში მონაწილეობს ყველა A კატეგორიის მსაჯი, ვინც კი არსებობს ჩვენს სფეროში და ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ერთადერთი ქართველი ვარ და ისე მოხდა, რომ ამდენ მსაჯს შორის და ამხელა კონკურენციაში პირველ ადგილზე ვარ…“ – ამბობს თათი ერთ-ერთ ინტერვიუში და დასძენს, რომ მისი განვლილი გზა, პირდაპირი მნიშვნელობით, სტერეოტიპების მსხვრევაა. სამომავლო მიზნებს რაც შეეხება, მისი თქმით, ეცდება, საერთო რეიტინგშიც პირველ ადგილზე გადავიდეს მესამიდან.
„თათი მელუას ნამდვილი ამბავი“ ჩაწერილია 2023 წელს.
თათია 7 წლის იყო, როდესაც ძმასთან ერთად შევიდა კარატეზე. ოჯახში მის არჩევანს მხოლოდ დიდი ბებია არ ეთანხმებოდა:
„გურული იყო ჩემი დიდი ბებო, თამრო და მეუბნებოდა, ქალი რომ კარატეში იტლინკავებს, ის დარჩება გაუთხოვარიო. თუ ნახავდა თამრო ვიდეოს, სადაც მე ვჩხუბობდი და მხვდებოდა, ემასე გინდაო, ამბობდა“, – იხსენებს თათი.
ბებიის პროგნოზის მიუხედავად თათი „გაუთხოვარი არ დარჩა“ და შესანიშნავი ოჯახიც ჰყავს. ამასთან, აქვს კლუბი „ალიგატორი“, სადაც ახალ თაობას ავარჯიშებს და ბევრი წარმატებული სპორტსმენიც გაზარდა.
მისი მეუღლეც მოქმედი სპორტსმენია, კარატისტი გოგიტა არქანი. გოგიტა 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც არა მხოლოდ მის სპორტულ კარიერაში, ქართული კარატეს ისტორიაშიც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. თათის და გოგიტას ორი ვაჟი ჰყავთ – ალექსანდრე და ნიკოლოზი.
9 წლის ალექსანდრე უკვე წარმატებულის სპორტსმენია – 12 შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა, აქედან მოპოვებული აქვს 10 ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები