პანიკა იტალიის დედაქალაქში – „კამილუჩის გიგანტური გველი“ დაიჭირეს (ვიდეო)
რატომ მომრავლდნენ გველები რომში - ექსპერტები მოსახლეობას სთხოვენ, გველებს ვიდეო გადაუღონ
ბოლო კვირებში განგაში ატეხეს იტალიის დედაქალაქის ჩრდილოეთ რაიონის, კამილუჩის მცხოვრებლებმა, რომლებმაც ცნობილი რომაული რაიონის ქუჩებში „გიგანტური“ გველი შენიშნეს. ბოლო შეტყობინების შემდეგ, გასულ შაბათს, საღამოს 7 საათისთვის პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ სპეციალისტთან ერთად ამხანაგობის საცხოვრებელი კორპუსის (კონდომინიუმი) ეზოში და ქვეწარმავალი დაიჭირეს. დაჭერის მომენტში ის წყლის კაბინაში იმალებოდა.
მანამდე უამრავი ცნობა შევიდა პოლიციაში და მერიის სპეციალურ სამსახურში, რომ „გიგანტური“
გველი შენიშნეს.
„ბოლოს და ბოლოს დავიჭირეთ კამილუჩის გიგანტური გველი რომში. უამრავი შეტყობინება შემოვიდა მისი ნახვის შესახებ გუშინდლამდე, დაახლოებით საღამოს 7 საათამდე, როდესაც დედაქალაქის პოლიციის პატრულის ხელმძღვანელობით, სასწრაფოდ მივედით ცნობილი რომაული უბნის ამხანაგობის ეზოში. უეცრად ამოვარდნილი ძლიერი ქარის მიუხედავად მოხერხდა გველის დაჭერა Via della Camilluccia-ზე, სადაც დევნილი ქვეწარმავალი, ბოლო ნანადირევი კერძით დამძიმებული, წყლის კაბინაში დაიმალა. ეს არ იყო პითონი ან საშიში ბოა, არამედ დიდი მდედრი ბალახის გველი (Natrix natrix), უშხამო ადგილობრივი სახეობა, რომელსაც მალე გაუშვებენ წყალში, დედაქალაქის ურბანული ცენტრიდან შორს“, – წერს ზოოლოგი ანდრეა ლუნერტი ფეისბუქში და ფოტოებთან ერთად ტიკ-ტოკის ბმულსაც აქვეყნებს, სადაც განთავსებულია ვიდეო, როგორ იჭერენ გველს.
@andrea.lunertiCatturato serpente gigante della Camilluccia♬ suono originale – Andrea Lunerti
ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე რომაელმა ექსპერტმა, ზოოლოგმა ანდრეა ლუნერტიმ, რომელიც მავნებლების კონტროლის მიმართულებით მუშაობს, The Guardian-თან ისაუბრა რომში შექმნილი დიდი პრობლემის შესახებ. იტალიის დედაქალაქი კრაზანების, თაგვებისა და გველების მომრავლების გამო „ნამდვილ ჯუნგლებად“ იქცა, – წერს გამოცემა. ლუნერტი მათ მომრავლებას თბილ ზამთარს და დედაქალაქში ნაგვის პრობლემას უკავშირებს.
„ამ ზაფხულს უამრავი ზარი და შეტყობინება შემოვიდა [მოქალაქეებისგან] განსაკუთრებით გველების დანახვის შესახებ: გველის პოპულაცია ზამთარშიც იზრდებოდა, რადგან ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო. სიცივე რომ ყოფილიყო, ისინი ვერ გადარჩებოდნენ. შემდეგ ისინი თავიანთი ბუნებრივი გარემოდან ქალაქში გადმოდიან, სადაც ბევრია საკვების ნარჩენი, ხოლო სადაც საკვების ნარჩენებია, იქ ბევრი ვირთხაა, რომლებიც გველების მთავარ ნადავლს წარმოადგენენ [გამოსაკვებად]“.
ლუნერტი ამბობს, რომ რომში გველებს ყველგან შეიძლება წააწყდეთ – ტერასებზე, ბაღებში, სკოლის შენობებში; ერთხელ ლიფტის ცხაურზე იყო ჩამოკიდებული, რამაც დიდი პანიკა გამოიწვია.
ექსპერტი მოქალაქეებს სთხოვს, თუ გველს წააწყდებიან, ვიდეო გადაუღონ, რათა დადგინდეს, შხამიანია თუ არა ის, თუმცა, მისი თქმით, არაშხამიანი გველიც კი მოქალაქეებში დიდ პანიკასა იწვევს.
„რომს ნამდვილად სჭირდება ნარჩენების მართვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტ ვირთხას, გველს და კრაზანას ვიხილავთ, რომ აღარაფერი ვთქვათ თოლიებზე, რომლებიც რომში გაცილებით მეტია, ვიდრე ფრეგენში [ახლომდებარე სანაპირო ქალაქი]“, – აღნიშნავს ლუნერტი.
ზოოლოგმა რომის მერიას მოუწოდა, ნარჩენების მართვა აკონტროლონ, რათა დედაქალაქში ვირთხების გამრავლება და გველების გადმოსახლება შეაჩერონ.
რომის საქალაქო საბჭომ კი პასუხად განაცხადა, რომ გველებისა და ცხოველთა სხვა სახეობების შესახებ ცნობები „განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს“ და მათი არსებობა ნაგვის პრობლემას არ უკავშირდება. მათივე თქმით, 2024 წელს რომში სხვა წლებთან შედარებით ნარჩენების მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა. დღეს დედაქალაქი „ისეთი სუფთაა, როგორც არასდროს“, – ირწმუნებიან იტალიის დედაქალაქის საქალაქო საბჭოში.
ნინო ხოშტარია
კომენტარები