მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისპორტი

რატომ სძინავს ოლიმპიურ ჩემპიონს პარიზის პარკში (ვიდეო)?

ოლიმპიური სოფლის შესახებ მედიაში საუბარი არ წყდება, მძინარე ტომას ჩეკონის ვიდეო კი ვირუსულად გავრცელდა

პარიზის ოლიმპიურ სოფელში გაუსაძლისი პირობები რომაა, ამას არაერთი სპორტსმენი აღნიშნავს. ტურნირის დასაწყისში ამერიკელმა ჩოგბურთელმა კოკო გაუფმა თქვა, რომ 10 ქალისთვის ორი სააბაზანო იყო განკუთვნილი და, შესაბამისად, ზოგჯერ დიდი ქაოსი იქმნებოდა.

ბევრ სპორტსმენს არ მოსწონს საჭმელიც და ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ეკოლოგიური მიზეზების გამო ოლიმპიური სოფელი კონდიცირების გარეშეა დაპროექტებული. ოლიმპიურ სოფელში არსებულ პირობებზე  კრიტიკულად ისაუბრა ლეგენდარულმა ტანმოვარჯიშემ სიმონ ბაილსმაც.

გუშინ კი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორც სძინავს პარკში იტალიელ მოცურავეს, ოლიმპიურ ჩემპიონ ტომას ჩეკონს. მძინარე ჩეკონს ფოტო საუდელმა ნიჩბოსანმა, ჰუსეინ ალირეზამ გადაუღო, სოციალურ ქსელში ატვირთა და ასეთი წარწერა დაურთო: „დღეს დაისვენე, ხვალ გაიმარჯვე!“

უნდა აღინიშნოს, რომ 23 წლის ტომას ჩეკონი მათ შორის იყო, ვინც ოლიმპიადის ორგანიზატორები გააკრიტიკა.

„ოლიმპიურ სოფელში არ არის კონდიციონერი, ცხელა და საკვებიც უვარგისია. ამ მიზეზების გამო ბევრმა სპორტსმენმა ოლიმპიური სოფელი  დატოვა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ეს არის რეალობა, რომელიც შესაძლოა, ბევრმა არ იცის“, – თქვა ჩეკონმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

იტალიელი სპორტსმენმა 200 მეტრზე გულაღმა ცურვის ფინალში ვერ გადასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზადაც დაღლილობა და უძილობა დაასახელა: „იმედგაცრუებული ვარ, რომ ფინალში ვერ გადავედი, მაგრამ ძალიან დაღლილი ვიყავი. [ოლიმპიურ სოფელში] ძილი მიჭირს როგორც ღამით, ისე შუადღისას. ჩვეულებრივ, როცა სახლში ვარ, შუადღით ყოველთვის მძინავს. აქ ნამდვილი ბრძოლა მაქვს სიცხესა და ხმაურს შორის“.

 ტომას ჩეკონმა მიმდინარე ოლიმპიადაზე 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში ოქროს მედალი მოიპოვა. ჯერჯერობით უცნობია პარკში მისი ძილის რეალური მიზეზი, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩეკონმა ოლიმპიურ სოფელში რომ ვერ გამოიძინა, პარკში სცადა გამოძინება და ფოტო მაშინ გადაუღეს.

ვირუსულად გავრცელებულ ფოტოს და იმ მითქმა-მოთქმას, თითქოს ტომას ჩეკონს საცხოვრებელი არ აქვს, იტალიის ცურვის ფედერაცია მოკლე წინადადებით გამოეხმაურა: „მან მხოლოდ წაუძინა“.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close