იტალიასპორტი

ოლიმპიადაზე ტრანსგენდერმა, რომელიც საბუთით ქალია, იტალიელი ანჯელა კარინი 46 წამში დაამარცხა

ჯორჯა მელონიმ პროტესტი გამოთქვა ბრძოლის არათანაბარი პირობების გამო და ანჯელას შეხვდა გასამხნევებლად

იტალიელმა მოკრივე ქალმა ანჯელა კარინიმ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ალჟირელ იმანე ხელიფთან ორთაბრძოლა 46 წამში წააგო, რადგან მეტოქის ძლიერ დარტყმებს ვეღარ გაუძლო. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ავრცელებს.

გამოცემა „ტელეგრაფი“ აღნიშნავს, რომ ალჟირელმა მოკრივემ ორჯერ ვერ გაიარა გენდერული კუთვნილების ტესტი, შესაბამისად, გაურკვეველია, ის ქალია თუ კაცი. შესაძლოა, ამიტომ აქვს ხელიფს ქალისთვის უჩვეულოდ ძლიერი დარტყმა, რასაც იტალიელმა მოკრივემ ვერ გაუძლო.

„რინგზე მოკრივის ვალის მოსახდელად გამოვედი და ყველაფრის მიუხედავად ვცდილობდი მებრძოლა. გამარჯვება მინდოდა. როცა ცხვირში მეორედ მომხვდა, უკვე ვეღარ ვსუნთქავდი, მივედი ჩემს მწვრთნელთან და ვუთხარი: „საკმარისია“, – მოჰყავს გამოცემას იტალიელი მოკრივის სიტყვები.

მისივე ინფორმაციით, კარინი იმდენად იმედგაცრუებული და გაბრაზებული იყო, რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა.

ბრიტანული ტელეარხის, Sky News-ის ინფორმაციით კი, 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ნიუ-დელიში იმართებოდა, ხელიფი ტურნირიდან მოიხსნა, რადგან კრივის მსოფლიო ფედერაციის მიერ ჩატარებული ტესტოსტერონის კვლევა ვერ გაიარა.

კარინის და ხელიფის ორთაბრძოლის ასეთმა დასასრულმა რიგით ადამიანებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამ ფაქტს მწვავე დებატები მოჰყვა ქალთა სპორტში გენდერული უფლებამოსილების წესების შესახებ. საზოგადოების ნაწილის აზრით, ალჟირელი მოკრივე ბიოლოგიურად მამაკაცია და მას სქესი აქვს შეცვლილი, ამიტომ ქალთა ტურნირში არ უნდა დაეშვათ.

უკმაყოფილება არ დამალა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმაც: „ანჯელა კარინისა და მის ალჟირელ ოპონენტს, იმანე ხელიფს შორის ბრძოლა ცხადყოფს, თუ რა ხდება, როცა გენდერული იდეები უკიდურესობამდე მიდის“, – განაცხადა მელონიმ.

მელონი ხუთშაბათს პარიზში მოკრივე ანჯელა კარინის შეხვდა მას შემდეგ, რაც კარინიმ ოლიმპიური ორთაბრძოლა ალჟირელ მეტოქესთან აღარ გააგრძელა და ტირილით დატოვა რინგი. პრემიერმა სპორტსმენს გამამხნევებელი სიტყვები უთხრა

მელონიმ თავის სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ანუგეშებს იგი კარინის და იტალიურად დაწერა: „ვიცი, რომ არ დანებდები, ანჯელა, და ვიცი, რომ ერთ დღესაც მიიღებ იმას, რასაც იმსახურებ შენი ძალის და ოფლისღვრის შესაბამისად. ისეთ შეჯიბრში, რომელიც ბოლოს და ბოლოს თანაბარი იქნება“.

ანჯელა კარინიმ პრემიერთან შეხვედრა და მისი მანუგეშებელი სიტყვები შეადარა დედის შეხვედრას საკუთარ ქალიშვილთან, რომელიც მოუწოდებს მას, უარი არ თქვას თავის ოცნებებზე.შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ანჯელა კარინის მხარდასაჭერად გამოვიდა და განაცხადა, რომ ხელიფთან  მისი დაპირისპირება არ იყო თანაბარ პირობებში ბრძოლა.

იტალიის მთავრობის თავმჯდომარეც მიიჩნევს, რომ ალჟირელ სპორტსმენს მამაკაცის გენეტიკური მახასიათებლები აქვს და ქალთა შეჯიბრებაზე არ უნდა დაუშვან. „ვფიქრობ, სპორტსმენები, რომლებსაც მამაკაცის გენეტიკური მახასიათებლები აქვთ, არ უნდა დაუშვან ქალთა შეჯიბრებებზე. არა იმიტომ, რომ ვინმეს დისკრიმინაცია გვსურს, არამედ იმისათვის, რომ დავიცვათ სპორტსმენი ქალების უფლება, თანაბარ პირობებში ასპარეზობა შეძლონ“, – დასძინა მან.

ოლიმპიური კომიტეტის სპიკერი მარკ ადამსი კი განმარტავს, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ქალთა კატეგორიაში მონაწილე ყველა სპორტსმენი საბუთებით ქალია და ოლიმპიადისთვის განსაზღვრულ წესებს აკმაყოფილებს.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close