კარგი დებიუტი ოლიმპიადაზე – ილია სულამანიძე ვიცე-ჩემპიონი გახდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე (100 კგ) პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
23 წლის ქართველმა თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე ფინალამდე წარმატებით გაიკვლია გზა, ნახევარფინალში შვეიცარიელი მეტოქე დანიელ აიხი 11 წამში დაამარცხა და ფინალში გავიდა, მაგრამ ოლიმპიური ჩემპიონობისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამარცხდა და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. ილია ფინალურ შეხვედრაში ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ სამი გაფრთხილება მიიღო და ორთაბრძოლა დათმო.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობების დაწყებიდან მეექვსე დღის ბოლოს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია (ერთი ოქრო და 2 ვერცხლი) და სამივე ძიუდოისტების მონაგარია: ოლიმპიური ოქრო ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.
ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკო შერაზადიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ წონა შეიცვალა და 90-იდან 100 კგ-ში გადავიდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უზბეკ მეტოქესთან დამარცხდა.
დღეს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებიდან კიდევ ერთი ქართველი იასპარეზებს – მოკრივე ლაშა გურული ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს მეოთხედფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. ორთაბრძოლა რინგზე თბილისის დროით 23:36 სთ-ზე დაიწყება.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები