ისტორიამოდა/სილამაზე

სწამდათ, რომ მანიკიური ბოროტებისგან იცავდა – ფრჩხილის ლაქის საინტერესო ისტორია

თანამედროვე მანდილოსნებს არსებობა ვერ წარმოუდგენიათ მანიკიურის გარეშე, არადა ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ფრჩხილის ლაქის ისტორია უკვე არაერთ ათასწლეულს ითვლის და მას ჯერ კიდევ ეტრუსკული ცივილიზაციის დროს, ჩვენს ერამდე IX-VIII  საუკუნეებში იყენებდნენ.

სხვადასხვა პერიოდში ძველი ცივილიზაციები ფრჩხილის ლაქის შესაქმნელად სხვადასხვა ბუნებრივ მასალას ხმარობდნენ. ძველი ეგვიპტელები, მაგალითად, მას ბუნებრივი ფისისგან (ქარვა) ამზადებდნენ, ჩინეთში კი – ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულში ლაქის ხის წვენისგან. VIII საუკუნეში ლაქს სხვადასხვა მცენარის – ნიგვზის, სელის, კანაფის ზეთის საფუძველზე ამზადებდნენ.

ფრჩხილის ლაქის  შექმნის ისტორიაზე საუბრის დროს არ შეიძლება არ ვახსენოთ ჩინური დინასტია მინების (XIV-XVII სს.) ეპოქა, რადგან გრძელი ფრჩხილები სწორედ ამ პერიოდში შემოდის მოდაში. და ისინი იმის დასტურს წარმოადგენდა, რომ ასეთი მანიკიურის პატრონი მაღალ საზოგადოებას მიეკუთვნებოდა. ქალები ოცდახუთი სანტიმეტრის სიგრძემდე იზრდიდნენ ფრჩხილებს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი ხელის სამუშაოს არ ასრულებდნენ. საინტერესოა, რომ გრძელი ფრჩხილები ჰქონდათ მამაკაცებსაც. გაგიკვირდებათ და, ფრჩხილების წითლად შეღებვა თურმე თავდაპირველად მამაკაცებმა დაიწყეს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მრავალი საუკუნის წინათ მამაკაცები თავიანთი სოციალური სტატუსის დემონსტრირებას ბუნებრივი საღებავებით (ლაქი, ცხადია, მაშინ არ არსებობდა) ცდილობდნენ. ითვლებოდა, რომ ასეთი მანიკიური მათ ბოროტებისგან იცავდა, ასევე მათ სიბრძნესა და სიმამაცეზე მეტყველებდა. თავიდან მათი შეღებვა ოქროსფრად ანდა ვერცხლისფრად იყო მიღებული. ოდნავ მოგვიანებით კი ეს ფერები შავმა და წითელმა გამოაძევა. ფრჩხილებს წითლად ყველაზე მდიდრები იღებავდნენ. სწორედ მინების დინასტიის ეპოქაში გამოჩნდა პირველი დასაწებებელი ფრჩხილებიც. არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნია ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ბუნიკები.

მანიკიური ევროპაში

კელტები ძალიან ზრუნავდნენ თავიანთ გარეგნობაზე, ქალები – სილამაზეზე. ირლანდიური მითოლოგიის ტრაგიკულ პერსონაჟზე – დეირდრეზე შექმნილ საგაში, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით VIII საუკუნით თარიღდება, სამეფო გვარის ლამაზმანი დეირდრე წუწუნებს, რომ ღრმა მწუხარებაშია და ამის დასტურია მისი სიტყვები:„არ ვიღებავ ფრჩხილებს მეწამულ ფერში“. ჩნდება კითხვა, აქედან ხომ არ მოდის მეწამულის სამეფო ფერად მიჩნევის ტრადიცია? და მაინც, სილამაზის მეცნიერების მიღწევებში ევროპა მთელი ათასწლეულების განმავლობაში ჩამორჩებოდა აღმოსავლეთს, მიუხედავად დეირდრეს მეწამული ფრჩხილებისა.

ბნელმა შუასაუკუნეებმა საკუთარი კორექტირება მოახდინა მანიკიურის ტექნიკაში. ინკვიზიციის დროს გრძელი და მკვეთრ ფერად შეღებილი ფრჩხილები უზნეო ქალებთან, კურტიზანებთან ასოცირდებოდა. გარდა ამისა, მანიკიურის გაკეთება თავიდან დემონურ საქმიანობად ითვლებოდა და მოხატული ფრჩხილების გამო ადვილად შეიძლებოდა ქალი კოცონზე დაეწვათ. ამის მიუხედავად მაშინაც კი არსებობდა ფრჩხილების მოვლის კონცეფცია – ფრჩხილებს მოკლედ იჭრიდნენ და ბუნებრივ, არამყვირალა, უფრო მშვიდ ფერებში იღებავდნენ. მიღებული იყო მოკლედ მოჭრილი ფრჩხილების გაპრიალება ზამშის (ნატი) პატარა ბალიშით.

რევსონის „რევლონი“ და რევოლუცია მანიკიურის ხელოვნებაში

რასაკვირველია, ფრჩხილების ლაქი დღევანდელი გაგებით ბევრად გვიან, მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. მის გამომგონებლად წარმომავლობით კანადელი, ჯერ კიდევ ბავშვობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირებული მეწარმე ჩარლზ რევსონი ითვლება, რომელმაც სახელგანთქმული კომპანია „რევლონი“ დააარსა. XX საუკუნის  30-იან წლებში რევსონმა ფრჩხილების პირველი ლაქი შექმნა, რომელიც წყალგამძლე იყო. ასეთი ფერადი ლაქების სადებიუტო კოლექციამ 1933 წელს იხილა დღის სინათლე. და სწორედ რევსონმა მოახდინა რევოლუცია მანიკიურის ხელოვნებაში, რადგან იქამდე მხოლოდ გამჭვირვალე ლაქებს აწარმოებდნენ, რომლებიც ფრჩხილების გასაპრიალებლად იხმარებოდა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე Revlon-ის ლაქები ძალიან ძვირი იყო და მხოლოდ მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებს შეეძლოთ მისი შეძენა.

ფერთა შორის წითელი ლაქის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, რაც პრინცესა დაიანას დიდი დამსახურება იყო. ამბობენ, რომ  დედოფალ ელისაბედს მკვეთრი ფერის მანიკიური საშინლად არ მოსწონდა. მიუხედავად ამისა, იგი დიანას ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად იქცა.

დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა გელ-ლაქი, ანუ ე.წ. შილაკია, ყველაზე პოპულარულ ფერად კი კვლავ წითელი რჩება მთელ მსოფლიოში.

თამთა გურული

მსგავს თემაზე:

ლამაზი ხელები – ქალების „სავიზიტო ბარათი“: ისწავლეთ სწორი მოვლა

სოფი ლორენის რჩევები ახალგაზრდობის და სილამაზის შესანარჩუნებლად

სოფი ლორენის რჩევები ახალგაზრდობის და სილამაზის შესანარჩუნებლად

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close