საფრანგეთში რამდენიმე დღეში უმნიშვნელოვანესი ღონისძიება დაიწყება – 26 ივლისს პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იხსნება და დედაქალაქი ივლისის ბოლოს-აგვისტოს პირველ დეკადაში ჩვეულებრივზე გაცილებით მეტ ტურისტს უმასპინძლებს. ოლიმპიურ შეჯიბრებებზე დასასწრებად ბილეთების გაყიდვის რეკორდი თამაშების დაწყებამდე უკვე ორი კვირით ადრე მოიხსნა – 11 ივლისისთვის 8.6 მლნ ბილეთი იყო გაყიდული, პარალიმპიადაზე – 1 მლნ ბილეთი. მანამდე რეკორდი ეკუთვნოდა ატლანტის ოლიმპიადას 1996 წელს, როდესაც 8.3 მლნ ბილეთი გაიყიდა.
პარალიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის, ტონი ესტანგეს თქმით, ელოდებიან, რომ ბილეთების გაყიდვის საბოლოო მაჩვენებელი 10 მლნ-ს მიაღწევს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოლიმპიადისთვის მზადებას საფრანგეთის დედაქალაქის ხელისუფლებისთვის გამოწვევების გარეშე არ ჩაუვლია.
ოლიმპიადის ფარგლებში, მოცურავეთა მარათონი და ტრიათლონი პარიზში, მდინარე სენაში უნდა გამართოს, თუმცა მთავრობის მცდელობის მიუხედავად ივლისის პირველ კვირაში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ, მდინარის წყალი ადამიანთა ცურვისთვის უსაფრთხო კვლავ არ არის.
ამის მიუხედავად საფრანგეთის სპორტის მინისტრი, ყოფილი ჩოგბურთელი (მსოფლიო რეიტინგში 251-ე პოზიცია) ამელი უდეა-კასტერა ირწმუნებოდა, რომ დედაქალაქის მთავარი მდინარის წყალი სუფთაა და მასში ცურვა უსაფრთხოა. ამის დასამტკიცებლად მან 13 ივლისს მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონ პარალიმპიელ ტრიათლონისტ ალექსის ანკინკანთან ერთად სენაში იცურავა Alexandre III-ის ხიდის მახლობლად. მანამდე სენაში გაცურვის პირობა დადეს ემანუელ მაკრონმა, პარიზის მერმა ან იდალგომ და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა. ან იდალგომ პირობა შეასრულა და 17 ივლისს ტონი ესტანგესთან და ილ-დე-ფრანსის პრეფექტ მარკ გიიომთან ერთად სენაში გაცურა.
მდინარის გასუფთავებისთვის პარიზის ადგილობრივმა მთავრობამ 2016 წლიდან €1.4 მლრდ გამოყო. თანხა მოხმარდა ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც წვიმების სეზონზე ადიდებული წყლის უფრო დიდ მოცულობას შეაკავებს – რადგან სწორედ წვიმების დროს კანალიზაციის წყლის მოხვედრა სახელდება სენაში ფეკალური წარმოშობის იმ ბაქტერიების გავრცელების წყაროდ, რომლებიც მდინარეში ცურვას ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოს ხდის. მიწისქვეშა რეზერვუარები პარიზში ჯერ კიდევ მაისში დაამონტაჟეს – მათი ტევადობა 20 ოლიმპიური აუზის მოცულობის ტოლია, თუმცა კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მთავრობამ მშენებლობა ნაჩქარევად დაასრულა.
Euronews-ის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შემთხვევაში მდინარის დაბინძურების დონე შესაძლოა კვლავ ოლიმპიადისთვის დასაშვებ დონეზე მეტად გაიზარდოს, თუმცა მეტეოროლოგები თამაშების დაწყების წინ ორი კვირის განმავლობაში კარგ ამინდს პროგნოზირებდნენ.
ჯერჯერობით შეუძლებელია ზუსტი პროგნოზირება, როგორი ამინდი იქნება პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე პერიოდში.
პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შეჯიბრების დროს ძლიერი წვიმის შემთხვევაში შესაძლოა, ტრიათლონს ცურვის კომპონენტი გამოეთიშოს, ცურვის მარათონმა კი დახურულ საცურაო აუზზე გადაინაცვლოს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები