საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში ისევ ხანძრებს ებრძვიან, 16 ივლისს 16 რეგიონში გაზრდილი ხანძარსაშიშროება გამოცხადდა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძარს ებრძვიან, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ხანძარი კუნძულის ცენტრალურ-სამხრეთ ნაწილში ორშაბათს, 15 ივლისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე გაჩნდა და დასახლებულ პუნქტებშიც გავრცელდა. საფრთხის გამო 4 სოფლის – ანო აკრიის, კატო აკრიის, მორიასა და აციპადესის მაცხოვრებლები სამხრეთით, ასიმისაკენ გაიყვანეს.

ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში რამდენიმე ათეული მეხანძრე და 20-მდე ერთეული ტექნიკა, მათ შორის, სამი სპეციალური თვითმფრინავი ჩაერთო. მეხანძრეებმა შეძლეს ხანძრის გავრცელების შეჩერება.

15 ივნისს, დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა დაუდგენელი გარემოებების გამო თესალონიკში, თერმის მუნიციპალიტეტში, ტყის ზონაში ლივადის სიახლოვეს. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩაერთო ძლიერი სახმელეთო და საჰაერო ტექნიკა, 48 მეხანძრესთან ერთად. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ჯერჯერობით საფრთხე არ არსებობს.

ხანძარი მძვინვარებს სუფლიში და იანინაში, ამასთან, კირიაკი-სუფლის მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია, იანინაში კი ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა.

სახანძრო სამსახურის ბოლო მონაცემებით, კორფუში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, რამდენადაც ხანძრის აქტიური ფრონტი არ არის, ხოლო ეგეოსის ზღვის ბერძნულ კუნძულ კეაზე (Τζια) მეხანძრეები ცეცხლის გაფანტულ კერებს ებრძვიან, ხანძარი საცხოვრებელ სახლებს საგრძნობლად მიუახლოვდა. ცეცხლის ქრობაში 5 თვითმფრინავი ჩაერთო ჰაერიდან.

ხანძრის გაჩენის ძალიან მაღალი რისკის წინაშე დღეს, 16 ივლისს საბერძნეთის 16 რეგიონია – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო დაცვის გენერალური სამდივნოს მიერ შემუშავებული ხანძრის რისკის პროგნოზირების რუკა იძლევა.

კერძოდ, პროგნოზის თანახმად, ხანძრის ძალიან მაღალი რისკის (რისკის კატეგორია 4) წინაშეა შემდეგი რეგიონები:

კრეტის რეგიონი
ატიკის რეგიონი
პელოპონესის რეგიონი (კორინთო, არგოლისი, ლაკონია)
ცენტრალური საბერძნეთის რეგიონი (ბეოტია, ევია (ევბეა), ფთიოტისი)
აღმოსავლეთ მაკედონია და თრაკიის რეგიონი (ევროსი, როდოპი, ქსანტი)
ჩრდილოეთ ეგეოსის რეგიონი (მიტილინი, ქიოსი)
დასავლეთ საბერძნეთის რეგიონი (ილია, აქაია)

კლიმატური კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს სამოქალაქო დაცვის გენერალურმა სამდივნომ (civilprotection.gov.gr) გააფრთხილა შესაბამისი კომპეტენტური სახელმწიფო უწყებები, ასევე, ზემოაღნიშნული ტერიტორიების რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა, სამოქალაქო დაცვის გაზრდილ მზადყოფნაში იყვნენ, რათა დაუყოვნებლივ გაუმკლავდნენ ხანძრის ნებისმიერ შემთხვევას.

მოქალაქეებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მოერიდონ ღია ცის ქვეშ ისეთ ქმედებებს, რომლებმაც შეიძლება უნებლიედ ხანძარი გამოიწვიოს, როგორიცაა: გამხმარი ბალახის, ტოტების ან დასუფთავების ნარჩენების დაწვა, ნაპერწკლების გამომწვევი მოწყობილობების, როგორიცაა: ცირკულარული ხერხები, შედუღების მოწყობილობები, ღია სივრცის გრილების გამოყენება; არ გადააგდონ სიგარეტის ჩაუმქრალი ნამწვი და ა. შ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close