სასარგებლო, გემრიელი და დიეტური ყაბაყი – ორი რეცეპტი საზაფხულოდ
ყაბაყი გოგრისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა გოგრისგან განსხვავდება ტექსტურითა და გემოთი. ზაფხულში ეს გემრიელი და დიეტური ბოსტნეული განსაკუთრებით პოპულარულია.
ახალგაზრდა, ნედლი ყაბაყები უმადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ საზაფხულო სალათისთვის, უფრო მოზრდილი ყაბაყებისგან კი გემრიელი რაგუს გაკეთება ჯობია სხვა ბოსტნეულთან ერთად. სანამ რაგუს რეცეპტს გაგაცნობდეთ, ჯერ გავარკვიოთ, რატომ არის სასარგებლო ყაბაყი კონკრეტულად მამაკაცებისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის, რა უკუჩვენებები აქვს და ვისთვის არის რეკომენდებული მისი სიფრთხილით მოხმარება.
უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ ყაბაყი დიეტური, დაბალკალორიული ბოსტნეულია, 100 გ-ში მხოლოდ 19-25 კალორიაა. ამავე რაოდენობის ყაბაყო შეიცავს 0,6 გ ცილებს, 0,3 გ ცხიმებს და 4,6 გ ნახშირწყლებს.
რატომ არის ყაბაყი სასარგებლო
მიუხედავად იმისა, რომ ეს ბოსტნეული 93% წყლისგან შედგება, ორგანიზმისთვის საკმაოდ ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ყაბაყი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებითა და ცხიმოვანი მჟავებით. ერთი საშუალო ზომის ყაბაყი შეიცავს ასკორბინის მჟავას დღიურ ნორმას, ამიტომ შეუძლია დაგვეხმაროს ინფექციებთან ბრძოლაში და სასარგებლოა ადამიანის იმუნური სისტემისთვის.
ყაბაყი შეიცავს კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას და აქვს ნაღველმდენი თვისებები. არის კაროტინოიდების ლუტეინისა და ზეაქსანტინის წყარო, რომელთა უმეტესი რაოდენობა ნაყოფის კანშია, ამიტომ თუ უკუჩვენება არ გაქვთ, კანიანად მოიხმარეთ. ეს ნივთიერებები ხელს უწყობს მხედველობითი ანალიზატორის ნორმალურ ფუნქციონირებას და ანელებს ასაკთან დაკავშირებულ მხედველობის დაქვეითებას.
ყაბაყი შეიცავს უამრავ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს. ახალგაზრდა ხილში საკმაოდ დაბალია შაქრისა და კაროტინის შემცველობა, თუმცა ყვითელი ჯიშების კარგად შემოსული ყაბაყი ამ კომპონენტების შემცველობით სტაფილოსაც კი შეიძლება შევადაროთ.
რატომ არის ყაბაყი სასარგებლო მამაკაცებისთვის
მამაკაცებისთვის ყაბაყი სასარგებლოა იმიტომ, რომ მას აქვს უნარი შეამციროს „ცუდი“ ქოლესტერინის დონე, დაეხმაროს გულს ნორმალურ ფუნქციონირებაში და გაამაგროს სისხლძარღვების კედლები, რასაც ყაბაყში ბოჭკოს მაღალი შემცველობა განაპირობებს.
ამ პროდუქტში შემავალი კალიუმი კი ხელს უწყობს წყალ-მარილოვანი ბალანსის შენარჩუნებას მამაკაცის ორგანიზმში, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას და ინსულტისა და გულის უკმარისობის რისკს ამცირებს.
რატომ არის ყაბაყი სასარგებლო ქალებისთვის
ეს დაბალკალორიული პროდუქტი შესანიშნავია მათთვის, ვისაც დიეტის დაცვა სურს. ბოსტნეულს აქვს მსუბუქი შარდმდენი მოქმედება, რაც ხელს უწყობს შეშუპების თავიდან აცილებას. ყაბაყი ასევე შეიცავს ქალის ორგანიზმისთვის აუცილებელ პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს: ომეგა-3-ს და ომეგა-6-ს. ამ ბოსტნეულის რეგულარული მოხმარების შედეგად კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.
ყაბაყის სარგებელი ბავშვებისთვის
ჰიპოალერგიული თვისებების გამო ყაბაყი ხშირად გამოიყენება ჩვილების ადრეული კვებისთვის. ბოსტნეული მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას და ბავშვის ორგანიზმის დამცავ ფუნქციების გააქტიურებისთვის. ყაბაყში შემავალი პექტინი და ბოჭკო ხელს უწყობს კუჭის მოქმედების პრობლემების მოხსნას და მსუბუქად ასუფთავებს ნაწლავებს მავნე ნივთიერებებისა და ტოქსინებისგან.
ყაბაყს ზიანის მოტანაც შეუძლია და ეს უნდა იცოდეთ
ყაბაყის მოხმარების უკუჩვენებების სია მინიმალურია და ამ მხრივ ის ერთ-ერთი უნივერსალური პროდუქტია, თუმცა მაინც არსებობს გარემოებები, რა შემთხვევებშიც ეს ბოსტნეული სიფრთხილით უნდა მოვიხმაროთ.
დიეტოლოგების რეკომენდაციით, ყაბაყი ფრთხილად უნდა მოიხმარონ გასტროენტეროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანებმა დაავადებების გამწვავების დროს. მათ შეუძლიათ მიირთვან მხოლოდ თერმულად დამუშავებული ყაბაყი კანის გარეშე. კალიუმის მაღალი კონცენტრაციის გამო ყაბაყი შეიძლება საზიანო იყოს თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც კალიუმის გამოყოფის დარღვევა აღენიშნებათ. კუჭის წვენის მომატებული სეკრეციის მქონე ადამიანებმა არ უნდა მიირთვან უმი ყაბაყი.
ზოგადად, ნედლი ყაბაყი არც ისე ხშირად მოიხმარება, მაგრამ ვისაც უკუჩვენება არ აქვს, სავსებით მისაღებია – ბოსტნეულს რბილი მოტკბო გემო აქვს.
პროდუქტი ადვილად იხარშება, რადგან სწრაფად რბილდება. ყაბაყს, ძირითადად, შემწვარს, ჩაშუშულს, ცომში გამომცხვარს და დაკონსერვებულს მიირთმევენ. ამ ბოსტნეულის გამოყენება შესაძლებელია ღვეზელებისა და წვნიანების დასამზადებლად.
ამჯერად გთავაზობთ ორ რეცეპტს.
საზაფხულო რაგუ ყაბაყით და ბოსტნეულით
ეს კერძი ცალკეც შეგიძლიათ მიირთვათ და გარნირადაც გამოიყენოთ. ის გემრიელია როგორც ცხელი, ისე ცივი სახით და ზაფხულში ძალიან სასიამოვნო საჭმელია.
საჭირო პროდუქტი:
1 კგ ყაბაყი
600 გ ბულგარული (წითელი და მწვანე, ყვითელი და ნარინჯისფერიც შეიძლება)
2 თავი ხახვი
3-4 კბილი ნიორი
ტომატი დაახლ 300-400 მლ, ამ 1-1,5 კგ ახალი პომიდორი
თითო კონა მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, კამა, რეჰანი)
ზეთი – დაახლ. 150 მლ
ცხარე წიწაკა და მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
დაჭერით ყაბაყი თითის სისქე რგოლებად, დააყარეთ მარილი და 20-30 წუთი გააჩერეთ, შემდეგ გაწურეთ და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან (კანიანად – თუ უკუჩვენება არ გაქვთ კანზე).
ხახვი დაჭერით, ცალკე მოშუშეთ ზეთში ღრმა ტაფაში, ამასობაში დაჭერით ბულგარული წიწაკა და ხახვთან ერთად მოშუშეთ, შემდეგ დაუმატეთ ცალკე შემწვარი ყაბაყი (თუ დიდი რგოლებია, წინასწარ ოთხად გაჭერით). დააყარეთ მარილი (გაითვალისწინეთ, რომ ყაბაყიც დამარილებული იყო შეწვამდე და არ დაგიმლაშდეთ). დაასხით ტომატი ან კანგაცლილი დაჭყლეტილი, წინასწარ მოდუღებული პომიდორი. პომიდორს თუ ნედლად დაასხამთ, ცოტა დიდხანს შუშეთ. შემდეგ დააყარეთ დაჭრილი ნიორი და ცხარე წითელი წიწაკა და ბოლოს – მწვანილი. მწვანილს დააყრით თუ არა, ერთი ამოურიეთ და გამორთეთ. შეგიძლიათ ცხლადაც მიირთვათ ცალკე ან გარნირად მაკარონთან, ბრინჯთან, ხორცთან ან თევზთან ერთად – ყველაფერს უხდება. შეგიძლიათ ცივი მიირთვათ – ზაფხულში ცივი უფრო სასიამოვნოა.
ზოგიერთ რეცეპტში სტაფილოც არის მითითებული, თუმცა მე სტაფილოს გარეშე ვაკეთებ, უფრო მომწონს. თქვენ შეგიძლიათ 2 საშუალო ზომის გახეხილი სტაფილოც დაუმატოთ ჩაშუშვის ეტაპზე.
ყაბაყის ალადები
საჭირო პროდუქტი:
450 გ ყაბაყი, 300 გ მაწონი (ან უშაქრო კეფირი), 4 კვერცხი, 350 გ ფქვილი (კერძი კიდევ უფრო დიეტური რომ იყოს, ფქვილის ნახევარი შეიძლება ბრინჯის ან შვრიის ფქვილით შეცვალოთ), 1 ს. კ. ზეთი, ერთი პატარა კონა ოხრახუში, ერთი ჩაის კოვზი მარილი (ან უმჯობესია გემოვნებით, რადგან ყველა მარილს ერთნაირი სიმლაშე არ აქვს), დანის წვერით სოდა.
მომზადების წესი:
ყაბაყი გარეცხეთ და კანიანად გახეხეთ მსხვილ სახეხზე. შემდეგ კარგად გაწურეთ, რომ წყალი გამოაცალოთ და შეურიეთ კვერცხი, კეფირი და მარილი. დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში.
თანდათანობით დაამატეთ ფქვილი და ყოველ ჯერზე კარგად აურიეთ. ფქვილი შეიძლება დაგჭირდეთ რეცეპტში მითითებულზე ცოტა მეტი ან ნაკლები (ფქვილს გააჩნია). ბოლოს დაასხით ერთი სუფრის კოვზი ზეთი, დაუმატეთ სოდა და აურიეთ.
მიღებული მასა გააჩერეთ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც შეგიძლიათ გამოაცხოთ ალადებივით წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე ცოტა ზეთში (გამოსაცხობად საჭირო ზეთის რაოდენობა რეცეპტში არ არის მითითებული).
სუფრასთან მიიტანეთ არაჟანთან ან ყველთან ერთად.
კირა კარიაული
ასევე, დაგაინტერესებთ: ორაგული ბრინჯით
სპაგეტი „ბოლონეზე“ – გემრიელი იტალიური კერძი ბოლონიური რაგუთი
სპაგეტი „ბოლონეზე“ – გემრიელი იტალიური კერძი ბოლონიური რაგუთი
კომენტარები