მიგრაციაპოლიტიკა

მექსიკით აშშ-ში: იკეტება საზღვარი ქართველი მიგრანტებისთვის?

ძალაში შევიდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულება, რომელიც მიგრაციის წესებს ამკაცრებს

გადაიკეტება თუ არა გზა მექსიკიდან აშშ-ში საქართველოს მოქალაქეებისთვის? – ამ თემას აჟიოტაჟი მას შემდეგ მოჰყვა, რაც პრეზიდენტ ბაიდენის მიერ დაწესებულ სასაზღვრო შეზღუდვებს თან დაერთო ამერიკულ მედიაში „გაჟონილი“ ინფორმაცია.

გადამყვანებს [ისინი, ვინც მიგრანტებს მექსიკიდან აშშ-ისკენ აცილებენ] უამრავი ადამიანი შეკითხვებით მიმართავს და ბევრიც გამგზავრებისგან თავს იკავებს. გამცილებლები პანიკას არ თესავენ, მაგრამ ექსპერტები არაფერს გამორიცხავენ – აშშ-ისა და საქართველოს დაძაბული ურთიერთობების ფონზე, როცა „აგენტების კანონის“ დამტკიცების შემდეგ საქმე ურთიერთობების „ყოვლისმომცველ გადახედვამდეა“ მისული.

„გამოჟონილ“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამერიკული მედია წერს, რომ საქართველოსა და კიდევ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს სრულად წაერთმევათ აშშ-ში მექსიკის გავლით მოხვედრის შანსი. ამ სიაში საქართველოსთან ერთად არიან: მოლდოვა, ყირგიზეთი, ყაზახეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.

პარალელურად, უკვე ძალაში შევიდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 4 ივნისის განკარგულება, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ზე მიგრაციის მასშტაბური წნეხის შემცირებას, წესების გამკაცრების გზით.

რას წერს ამერიკული მედია და რა ხდება ახლა?

ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში Washington Examiner-ი წერს, რომ სამხრეთ კალიფორნიის სასაზღვრო პატრულმა მიიღო ინსტრუქცია – პრობლემები არ შეუქმნან მიგრანტებს აღმოსავლეთ ნახევარსფეროს 100-ზე მეტი ქვეყნიდან, 6 ქვეყნის გამოკლებით.

სწორედ ამ გამონაკლის ჯგუფშია საქართველო. Washington Examiner-ის თანახმად, ამ ქვეყნებიდან (მექსიკის გავლით) აშშ-ში ჩასულ მიგრანტებს არც თავშესაფრის მოთხოვნის უფლება ექნებათ და ქვეყნიდანაც სწრაფად გაუშვებენ.

სხვა ათეულობით ქვეყნის შემთხვევაში კი ამერიკული გამოცემა დეპორტაციას გამორიცხავს და ხაზს უსვამს, რომ ეს ინსტრუქციები ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ბაიდენის 4 ივნისს გამოცემულ განკარგულებას სასაზღვრო შეზღუდვებთან დაკავშირებით.

იგივე ინფორმაცია 9 ივნისს „New York post“-მაც გაავრცელა, თუმცა ქვეყნების ჯგუფთან დაკავშირებული ეს ცნობები ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება.

მსგავს რეგულაციებს არ მოიცავს აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულება – ის მიგრანტებს ქვეყნების მიხედვით არ ყოფს.

კალიფორნია აშშ-ის ზუსტად ის შტატია, სადაც საქართველოს მოქალაქეები, მექსიკის გავლით, ყველაზე ხშირად გადადიან.

მიგრანტთა ჯგუფებში ზოგი ირწმუნება, რომ აშშ-ის სამხრეთი საზღვარი უკვე ჩაიკეტა და აშშ-ში შესვლის მცდელობებს აზრი დაეკარგა.

გადამყვანები ამბობენ, რომ ეს არ არის სიმართლე.

აშშ-ში მიგრაციის მსურველთათვის კარგად ცნობილი გადამყვანი – ენო ხუტაშვილი „რადიო თავისუფლებას“ ეუბნება, რომ ჯერჯერობით საერთოდ არაფერი შეცვლილა: ბოლო დღეებში საქართველოს მოქალაქეები მექსიკიდან აშშ-ში ძველებურად შედიან და კვლავინდებურად ხვდებიან იზოლირებულ საიმიგრაციო ბანაკში, რომელსაც სხვა სიტყვებით ხშირად ციხესაც უწოდებენ.

ენო ხუტაშვილის თქმით:

  • ამ ეტაპამდე საზღვარი არ ჩაკეტილა და არ აღრიცხულა დეპორტაციის ფაქტები;
  • საზღვრის სრული ჩაკეტვა წარმოუდგენელია, რადგან გადასვლის არაერთი ალტერნატიული გზა არსებობს;
  • შემთხვევები მანამდეც იყო, როდესაც სასაზღვრო პოლიციას მიგრანტები საზღვრის გადაკვეთისას დაუკავებია და გადაუცია ისევ მექსიკისთვის – „თუმცა, როგორც წესი, მექსიკის მხარე ფულს იღებს, მათ ერთ დღეში ათავისუფლებს და მიგრანტებს ისევ ეძლევათ საზღვრის გადაკვეთის საშუალება“.

„ბოლო პერიოდში მიგრაციის ნაკადი იზრდებოდა – ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავდა, მაგრამ ეს ინფორმაციები რომ გავრცელდა, ხალხი შეშინდა… არადა ამერიკული მედია მხოლოდ „გამოჟონილ“ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს და არასერიოზულია, რომ ფაქტად ჩავთვალოთ ეგ [საქართველოსთან დაკავშირებული ინფორმაცია]. ის ადამიანები მაინც მიდიან, ვისაც ბილეთები ჰქონდა ნაყიდი ან ვინც ისედაც უკვე გზაში იყო – მაგრამ პრობლემები არ შექმნიათ“, – გვეუბნება ენო ხუტაშვილი.

გადამყვანი არ მოელის, რომ აშშ-ში „ეროვნების მიხედვით“ შეარჩევენ ხალხს და დისკრიმინაციულ მიდგომებს დაუჭერენ მხარს, მით უფრო, რომ „ოფიციალურ განცხადებებში ამაზე არაფერია ნათქვამი“.

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

ამავე თემაზე: აშშ-ში მექსიკიდან არალეგალურად შესული მიგრანტები თავშესაფარს ვერ მიიღებენ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close