საბერძნეთში იდუმალ ვითარებაში გაუჩინარებული ბრიტანელი ტელეწამყვანი გარდაცვლილი იპოვეს (ვიდეო)
ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი მაიკლ მოსლი, რომელიც კვირა დილამდე (9 ივნისი) დაკარგულად ითვლებოდა, საბერძნეთის კუნძულ სუმიზე გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს, რომელიც იუწყება, რომ მოსლის გარდაცვალების ფაქტი მისმა მეუღლემ, კლარა ბეილი მოსლიმ დაადასტურა.
67 წლის მოსლი ოთხშაბათს სასეირნოდ წავიდა კუნძულ სიმიზე, რომელიც მონასტრებით და თვალწარმტაცი ხედებით არის ცნობილი. ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა. იდუმალ ვითარებაში გაუჩინარებულ მამაკაცს 5 დღე ინტენსიურად ეძებდნენ.
პოლიციის ინფორმაციით, ცხედარი იპოვეს აგია მარინას მიდამოში, აგიოს ნიკოლაოსის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც მოსლი სასეირნოდ წავიდა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილობრივი მაშველები ვარაუდობენ, რომ მოსლიმ არასწორი მარშრუტი აირჩია, რომლითაც მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები სარგებლობენ, რადგან თუ არ იცნობ, ადვილად შეიძლება გზა აგებნეს, თან 35-გრადუსიან სიცხეში. კუნძულის მერის თქმით, მოსლი, სავარაუდოდ, ციცაბო ფერდობიდან ჩავარდა.
ბრიტანელ მედიკოსს და ჟურნალისტს მაიკლ მოსლის BBC-ზე სხვადასხვა გადაცემა მიჰყავდა, მათ შორის, პოდკასტი „კიდევ ერთი რამ“ და პროგრამა „დამიჯერეთ, ექიმი ვარ“. გარდაცვლილს დარჩა მეუღლე და 4 შვილი, რომლებიც სიმიზე ჩავიდნენ და მაშველებს მოსლის ძებნაში ეხმარებოდნენ.
კუნძული სიმი, რომელიც ეგეოსის ზღვაში მდებარეობს, დოდეკანესის კუნძულების ჯგუფს მიეკუთვნება. სიმიზე 200-მდე მონასტერი და სამლოცველოა, მათგან ყველაზე ცნობილია პანორმიტის მონასტერი, რომელიც მთავარანგელოზ მიქაელის სახლობისაა. ძველად აქ გემებს აშენებდნენ და ზღვის ღრუბელს (ინგ. spongia) მოიპოვებდნენ, ახლა კი სიმი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა.
ნინო ხოშტარია
მოსლის სახელთანაა დაკავშირებული „მეორე დღის დიეტა“ სახელწოდებით 5/2, რომლის დროსაც ადამიანი ნორმალურად იკვებება კვირაში 5 დღე და იღებს მხოლოდ 500 კალორიას დარჩენილ 2 დღეში. BBC-სთან თანამშრომლობა 1985 წელს დაიწო და მალე პოპულარული წამყვანი გახდა. იგი დაქორწინებულია კლერ ბეილზე და ჰყავს ოთხი შვილი.
კომენტარები