ჯანმრთელობარჩევები

ივნისის მძიმე დღეები – როდის გველოდება ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი

კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, ივნისში  მზის აქტივობის 11-წლიანი ციკლის დასასრული იწყება. ამას მოწმობს მზის ლაქების გაჩენის ინტენსივობა და სიხშირე. სწორედ ამიტომ მკვლევრები ივნისს მზის აქტივობის პიკად მიიჩნევენ.

საბედნიეროდ, თვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგნიტური აფეთქება უკვე გავლილია – 4 ივნისს დედამიწას G3 კატეგორიის მაგნიტური ქარიშხალი დაატყდა თავს.

შეგახსენებთ, რომ მაგნიტური შტორმები კლასიფიცირებულია ხუთბალიანი სკალით G1-დან G5-მდე, რომელიც აშშ-ს ოკეანისა და ატმოსფერული კვლევის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შემოიღო.

მაგნიტოსფერო აქტიური იქნება 9 -12 ივნისს, თუმცა ჯანმრთელობის თვალსაზრისით ადამიანებს პრობლემებს არ შეუქმნის.

უძლიერესი მაგნიტური ქარიშხალი, წინასწარი პროგნოზით, დედამიწას 16-17 ივნისს დაატყდება თავს. აფეთქების ინტენსივობა იქნება G4.

შემდეგი შტორმი 19-20 ივნისსაა მოსალოდნელი და ის მხოლოდ მხოლოდ G2 სიმძლავრის იქნება. მეცნიერები აღშფოთებების იმავე სიძლიერეს წინასწარმეტყველებენ 23 და 28-29 ივნისს.

გასათვალისწინებელია, რომ მაგნიტური ქარიშხლების ყველაზე ზუსტი პროგნოზირება შესაძლებელია მათ დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ აფეთქების თარიღები ან სიძლიერე შეიცვალოს, რადგან აქ მოყვანილია წინასწარი მონაცემები.

განსაკუთრებული გაფრთხილება

ექსტრემალური კოსმოსური და გეოფიზიკური სიტუაციები განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს ბავშვებზე. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ამ დროს ბავშვებს უვითარდებათ ნერვული, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვოვანი, სასუნთქი და სხვა სისტემების ფუნქციური მოშლა.

ამასთან, ბავშვი განიცდის დისკომფორტს, რომელსაც ვერ ხსნის. თავს იჩენს ძილის რეჟიმის მოშლა, მოუსვენრობა, ტირილი, ეკარგება მადა, შესაძლოა ტემპერატურამაც აუწიოს.

ამ დროს ბავშვს მშობლებისა და ახლობლების დიდი ყურადღება სჭირდება, ვინაიდან ასეთ მომენტებში შეიძლება ძალიან აღგზნებული გახდეს, ყურადღება მოეშალოს, აგრესიული ქცევა ჰქონდეს, საშინაო დავალების შესრულება გაუჭირდეს.

თუ ამ პერიოდში მშობლები და პედაგოგები ბავშვის მიმართ სათანადო ყურადღებას არ გამოიჩენენ, ანუ ვერ გაუგებენ მას, ბავშვის უარყოფითი ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდება და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციებიც კი წარმოიშვას.

როგორ შევამსუბუქოთ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ჯანმრთელობაზე:

  • შეძლებისდაგვარად ადრე დაწექით დასაძინებლად – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ორგანიზმს აღდგენაში ეხმარება და, ასევე, ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა;
  • გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) საწოლიდან მკვეთრად არ უნდა წამოდგეთ, რადგან შესაძლოა თავბრუ დაგეხვათ და წონასწორობა დაკარგოთ. ამიტომ ჯერ წამოჯექით, ცოტა ხანს მოიცადეთ და შემდეგ ადექით;
  • კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
  • დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  • არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე, თამბაქოს მოწევა;
  • საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, ქათმის მოხარშული ხორცი და თევზეული;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
  • ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
  • კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას სხვა დროისთვის გადადებთ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close