ვიდეოქართველები უცხოეთშიხელოვნება

ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე ნიუ-იორკის კონკურსის ლაურეატი და პირველი პრემიის მფლობელი გახდა (ვიდეო)

20 წლის გოგონას წარმატების გზა საქართველოდან ამერიკამდე

ახალგაზრდა ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე ნიუ-იორკის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ლაურეატი და პირველი პრემიის მფლობელი გახდა.

ახალგაზრდა მუსიკოსი აშშ-ში, ლონგ-აილენდის კონსერვატორიაში სწავლობს და უკვე თავადაც პედაგოგია, უამრავი შეთავაზება აქვს და ახალი კონკურსებისთვის ემზადება…

ამერიკაში სწავლის გაგრძელება არც ისე მარტივი იყო. გვანცამ რამდენიმე ტური გაიარა, ჩააბარა ინგლისური ენის გამოცდები და  80%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ კონსერვატორიაში.

„დასახული მიზნების მისაღწევად ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, კონკურენცია კი მაღალია. ეს ის სფეროა, სადაც ფინიშთან მხოლოდ მაქსიმალურ შრომას შეუძლია მიგიყვანოს“, – ამბობს გვანცა.

მისი მუსიკალური ცხოვრება  7 წლის ასაკში დაიწყო. პატარა გოგონა მალევე გახდა კონკურსების და ფესტივალების მონაწილე და ხშირად – გამარჯვებულიც. შემდეგ იყო საერთაშორისო კონკურსები: 2019 წლის საერთაშორისო კონკურსი American Protégé, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და გალაკონცერტი „კარნეგი ჰოლში“; 2021 წელს საერთაშორისო კონკურსი Chicago international music  competition, სადაც პირველი პრემია დაიმსახურა. რამდენიმე თვის წინ American International music competition-ში მოიპოვა მეორე ადგილი. სულ ახლახან ამ ჩამონათვალს ნიუ-იორკის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პირველი პრემიაც დაემატა.

გაიცანით გვანცა ბუცხრიკიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მშობლიური ქუთაისი და სრულიად საქართველო ასახელა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გვანცა ყველა საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით გამოდის.

გვანცა ბუცხრიკიძის და უკვე სახელგანთქმული ახალგაზრდა ქართველი პიანისტის, სანდრო გეგეჭკორის მიერ შესრულებულმა ვაჟა აზარაშვილის „ტანგომ“ სოცქსელებში დიდი გამოხმაურება პოვა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close