ლონდონში 17 წლის ვუნდერკინდი რუსი მევიოლინე ნარკოტიკ „კელვინ კლაინის“ ჭარბმა დოზამ იმსხვერპლა

ლონდონში გარდაიცვალა ვუნდერკინდი მევიოლინე, 17 წლის კატია ცუკანოვა, ცნობილი რუსი მილიონერის და ფილანთროპის, იგორ ცუკანოვის შვილი. თინეიჯერი მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკის ჭარბი დოზა გახდა.

ხუთშაბათ საღამოს თავად მილიონერმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მისი შვილის დაღუპვის მიზეზი წვეულებაზე მეგობრებთან ერთად მიღებული ნარკოტიკული ნივთიერების ჭარბი დოზა გახდა, რის გამოც 17 წლის გოგონას გულმა უმტყუნა და იგი კენსინგტონში საკუთარ სახლში დაბრუნებისთანავე გარდაიცვალა.

„ჩემი გოგონა ძალიან ბედნიერი იყო, ნათელი მომავალი ჰქონდა, იგი საკმაოდ ჭკვიანი იყო, მაგრამ ერთი არასწორი ნაბიჯი გადადგა. რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, მშობლებს?! ბავშვები ყოველთვის იქცევიან ისე, როგორც თავად მიაჩნიათ საჭიროდ და არასდროს გვეუბნებიან სიმართლეს “, – განუცხადა The Telegraph-ს მუსიკოსის მამამ.

კატია მამასთან ერთად, ფეისბუქის ფოტო

გამოცემა წერს, რომ კატია ცუკანოვა ერთ-ერთი გამორჩეული მევიოლინე იყო დიდ ბრიტანეთში. მან გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კონცერტი გამართა ლონდონში, სამეფო საოპერო თეატრში.

2018 წელს იტალიურ მუსიკალურ ფესტივალში Suoni dal Galfo კატია ცუკანოვა საუკეთესო ახალგაზრდა მევიოლინედ აღიარეს.

ცუკანოვები ლონდონში საცხოვრებლად 1990 წელს გადავიდნენ. კატია 2002 წელს ლონდონში დაიბადა.

„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, კატიას გარდაცვალების მიზეზი გახდა ნარკოტიკი, რომელიც კოკაინს და კეტამინს შეიცავს და სლენგზე „კელვინ კლაინს“ (calvin klein) უწოდებენ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები