დღის თემაპოლიტიკა

ხვალიდან ამოქმედდება კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ – პარლამენტის თავმჯდომარემ მას ხელი მოაწერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ხელი მოაწერა. 

პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი ხვალიდან ამოქმედდება, თუმცა შესაბამის ორგანიზაციებს პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება დაახლოებით 4-5 სექტემბრიდან ექნებათ.

კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით14 მაისს მიიღო, 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას ვეტო დაადო. ზურაბიშვილმა კანონპროექტს შენიშვნებში მხოლოდ ერთი მუხლი დაუმატა, რომლის თანახმადაც, კანონი ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში იმოქმედებდა და მეორე დღესვე გაუქმდებოდა.

პარლამენტმა  ვეტო 28 მაისს დაძლია 84 ხმით 4-ის წინააღმდეგ და დოკუმენტი პრეზიდენტს გადაუგზავნა ხელმოსაწერად. პროცედურის თანახმად, თუ ვეტოს დაძლევის შემდეგ კანონპროექტს პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს, მას ხელს აწერს პარლამენტის თავმჯდომარე. კანონი ძალაში შედის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე.

„გამჭვირვალობის კანონის“ მიღება არ უნდა განვიხილოთ ხელისუფლების გამარჯვებად, არც ოპონენტებისა და პარტნიორების მარცხად, გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ და დამარცხდნენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილსმოსურნეები, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კანონის მიღება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პროტესტი კი კვლავაც გრძელდება. არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ კანონს არ დაემორჩილება და სამართლებრივი გზით იბრძოლებენ მის წინააღმდეგ. მათი განცხადებით, უახლოეს მომავალში სარჩელით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება. მათივე თქმით, ეს ერთადერთი გზა არ არის და აპირებენ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოსაც მიმართონ შესაბამის დროს.

ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ სანამ კანონს დააინიცირებდნენ, სტრასბურგის პრაქტიკა შეისწავლეს და კანონი თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია მასთან, ამიტომ არ ჰგონია, რომ „სტრასბურგის სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცეს“ და შეაჩეროს კანონის მოქმედება, მით უმეტეს, რომ „რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა მწარე გამოცდილება მიიღო“.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ დასავლელი პარტნიორები და აცხადებენ, რომ ამას საქართველოსთვის ცუდი შედეგები მოჰყვება. აშშ-ის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სავიზო შეზღუდვები დაუწესოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებსაც, თუმცა კონკრეტული გვარ-სახელები, ვის შეეხება სანქციები, ჯერ არ დაუსახელებიათ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close