ძალაში შევიდა სქემა, რომლითაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში სამუშაოდ ჩასვლა გაუმარტივდათ – ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
საუბარია ე.წ. „შესაძლებლობების ბარათზე“ (გერმ. Chancenkarte), რომელიც პირველი ივნისიდან ამოქმედდა. ეს ბარათი საშუალებას მისცემს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქე კვალიფიციურ მუშაკებს, უფრო იოლად ჩავიდნენ გერმანიაში დასაქმების მიზნით.
ამ პროგრამაში მონაწილეს უნდა ჰქონდეს გავლილი, სულ ცოტა, ორწლიანი პროფესიული მომზადება ან უნდა ფლობდეს უნივერსიტეტის დიპლომს, რომელსაც აღიარებს ის ქვეყანა, სადაც დიპლომია გაცემული. აგრეთვე, აუცილებელია აპლიკანტმა იცოდეს გერმანული (A1 დონეზე) ან ინგლისური ენა (B2 დონეზე) და უჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატები, სერტიფიცირებული ALTE-ს მიერ (მაგ., Goethe-Institut, TELC GmbH, ÖSD, TestDaF, DSD Sprachdiplom; Cambridge, IELTS, TOEFL). სერტიფიკატები უნდა იყოს გაცემული არაუგვიანეს 1 წლისა.
კანდიდატების შეფასება ხდება ქულების სისტემით და გათვალისწინებული იქნება ენის ცოდნის დონე, პროფესიული გამოცდილება, ასაკი და აპლიკანტის კავშირები გერმანიასთან.
„შესაძლებლობების ბარათის“ მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ, სულ ცოტა, 6 ქულა უნდა დააგროვოს, რის შემდეგაც მას ექნება უფლება, ჩავიდეს გერმანიაში და ეძებოს სამუშაო ერთი წლის ვადით. ამასთან, იგი კვირაში 20 საათამდე უნდა მუშაობდეს ნახევარ განაკვეთზე ან საცდელ სამუშაოებზე. ერთი წლის შემდეგ შესაძლებლობების ბარათის ვადის გაგრძელება შეიძლება კიდევ 2 წლით ქვეყნის შიგნით იმ პირობით, რომ არსებობს გერმანიაში კვალიფიციური სამუშაოს შეთავაზება, რომელიც დამტკიცებულია დასაქმების ფედერალური სააგენტოს მიერ.
ახალი სქემის მიხედვით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც გერმანიაში მუშაობის სურვილი აქვთ, ამ ქვეყანაში ჩასასვლელად აღარ მოეთხოვებათ გერმანულ კომპანიასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების წარდგენა.
მანანა ბანძელაძე
მსგავს თემაზე: მუშაობა გერმანიაში – რას ელოდებიან უცხოელი სპეციალისტები და რას იღებენ საბოლოო ჯამში?
2023 წელს გერმანიის მოქალაქეობა რეკორდული რაოდენობის ადამიანმა მიიღო, მათგან 38% სირიელია
გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის განკუთვნილი ბარათები ძალაში შევიდა
კომენტარები