ევროზონაში უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა
Eurostat-ის ანგარიშის თანახმად, აპრილში ევროზონაში უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე დავიდა. მარტთან შედარებით, უმუშევრობა 0.1%-ით, 6.4%-მდე შემცირდა. მანამდე ევროზონაში უმუშევრობის დონე 6.5%-ზე ხუთი თვის განმავლობაში იყო შენარჩუნებული.
უმუშევრობის დონე აპრილში 14.1%-მდე შემცირდა 25 წლამდე ასაკის პირებში. მარტში ამ ასაკის კატეგორიაში მაჩვენებელი 14.3%-ს უდრიდა. უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალ ნიშნულზე კვლავ ესპანეთშია – 11.7%, მეორე ადგილზეა საფრანგეთი, სადაც მოსახლეობის 7.3%-ია სამუშაოს გარეშე. მეორე მხრივ, ევროზონის ქვეყნებს შორის უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით – 3.2%, გერმანია გამოირჩევა.
2024 წლის აპრილის მონაცემებით, ევროკავშირში შემცირდა ქალთა უმუშევრობის დონეც – მარტის 6.4%-დან 6.3%-მდე. უმუშევრობის მაჩვენებელი არ შეცვლილა მამაკაცებში და კვლავ, 5.7%-ს უტოლდება. ეს მონაცემები ევროზონაში ქალების შემთხვევაში 6.7%-ს, ხოლო მამაკაცებში – 6.1%-ს შეადგენს.
ჩეხეთის ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ევროზონაში უმუშევრობის დონის ისტორიულ მინიმუმამდე ვარდნა, ძირითადად, საბერძნეთსა და ესპანეთში მდგომარეობის გამოსწორების დამსახურებაა. ათი წლის წინ უმუშევრობის დონე ორივე ქვეყანაში 25%-ზე მაღალი იყო, თუმცა მას შემდეგ სტაბილურად და შესამჩნევად მცირდება.
კომენტარები