პოლიტიკა

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა ხანგრძლივი ხმაურიანი და მწვავე დებატების შემდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას და კანონპროექტის თავდაპირველი სახით დამტკიცებას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ოთხი იყო.

პრეზიდენტის ვეტო გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დაძლიეს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით14 მაისს მიიღო, ვეტო 18 მაისს დაადო. მან კანონპროექტს შენიშვნებში მხოლოდ ერთი მუხლი დაუმატა, რომლის თანახმადაც, კანონი ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში იმოქმედებდა და მეორე დღესვე გაუქმდებოდა.

კანონი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს. ამისთვის მას 5 დღის ვადა აქვს. თუ სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტს ხელს არ მოაწერს (და მისი პოზიციიდან გამომდინარე, ცხადია, ასეც იქნება), მას პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს და გამოაქვეყნებს.

კანონის ოფიციალურ მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად 60 დღე ექნებათ. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებებისთვის, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

ამავე დროს, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ნებისმიერ დროს ჩაატაროს კვლევა და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

ამასთან, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას შეიცავს“. მონიტორინგის განხორციელების მიზნით კი იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება ექნება, კანონის შესაბამისად, საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი მოიძიოს. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ იქნება დასაშვები.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; თუ დოკუმენტებში ხარვეზები განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდება, ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით. 29 აპრილს, იურიდიულ კომიტეტზე განხილვისას კანონპროექტის მეორე მუხლში გარკვეული ცვლილებები შევიდა. კერძოდ, მეორე მუხლის პირველი პუნქტის ბ, გ და დ ქვეპუნქტებში სიტყვა „არაკომერციული“ ჩაემატა.

პარლამენტის დღევანდელი სხდომა დილიდანვე რუსთაველის პროსპექტზე საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ვეტოს არდაძლევისკენ მოუწოდებდნენ უმრავლესობის წევრებს დასავლელი პარტნიორები.

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ – საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა“.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც, თუმცა კონკრეტული პიროვნებები არ დაუსახელებიათ. გარდა ამისა, აშშ საქართველოსთან თანამშრომლობასაც გადახედავს. ამის მიზეზია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენები, მათ შორის, „პროტესტის ჩასახშობად გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა“.

კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. მანამდე ევროპელმა პარტნიორებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კანონი ააცდენს საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან და ის არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ამ კანონის მიღებით და საკუთარი ქმედებებით ხელისუფლება ცდილობს, საქართველო რუსულ ორბიტაზე დააბრუნოს.

მმართველი პარტიის წევრები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ კანონი მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, დამრღვევი ორგანიზაციებისთვის მარტო ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს და ის გაცილებით უფრო მსუბუქია, ვიდრე ამერიკული FARA (Foreign Agents Registration Act), საფრანგეთის სენატის მიერ ცოტა ხნის წინ დამტკიცებული ანალოგიური კანონი და სხვა კანონები, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებს, ან რომელთა მიღებასაც ასეთი ქვეყნები აპირებენ, მათ შორის, ევროკავშირი და კანადა. მათივე თქმით, არ არსებობს არცერთი საფუძვლიანი შენიშვნა და არგუმენტი მათ მიერ მიღებული კანონპროექტის წინააღმდეგ და საქართველო გააგრძელებს გზას ევროკავშირისკენ.. 

უახლოეს მომავალში ვნახავთ, უარყოფითი განცხადებების გარდა, რომლებიც უკვე გაისმა, დასავლელი პარტნიორების მხრიდან რა კონკრეტული რეაქციები მოჰყვება ვეტოს დაძლევას და კანონპროექტის საბოლოო მიღებას და ვინ იქნებიან ამერიკის მიერ დასანქცირებული პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრები.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close