„რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე გახდა, იგი წარადგენს საქართველოს საბავშვო ევროვიზია-2024-ზე (ვიდეო)
დღეს დასრულდა პროექტ „რანინას“ მეშვიდე სეზონი გრანდიოზული ფინალით, რომელიც საქართველოს პირველი არხის ეთერით გადაიცა. გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე გახდა. შესაბამისად, სწორედ ანდრია ფუტკარაძე წარადგენს საქართველოს 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე.
პროექტის ფინალში ანდრია ფუტკარაძესთან ერთად ბარბარე მორგოშია და სანდრო გურგენაძე მონაწილეობდნენ.
რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზია-2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე წლის 16 ნოემბერს გაიმართება. ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი Radiotelevisión Española (RTVE) ამ კონკურსს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს.
2023 წლის საბავშვო ევროვიზია, რომელსაც საფრანგეთის ქალაქმა ნიცამ უმასპინძლა, ფრანგმა კონკურსანტმა ზოე კლოზურმა მოიგო, ესპანეთის წარმომადგენელმა კი მეორე ადგილი დაიკავა. France Télévisions-მა კონკურსის ორგანიზება წელს RTVE-ს გადასცა. საბავშვო ევროვიზიის წესები არ ავალდებულებს გამარჯვებულ მაუწყებელს, უმასპინძლოს კონკურსს შემდეგ წელს, როგორც ეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსშია.
ამავე თემაზე: საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული ისევ საფრანგეთი გახდა, ზედიზედ მეორედ, მთლიანობაში კი – მესამედ (ვიდეო)
„რანინას“ მე-7 სეზონის ფინალი
კომენტარები