ძიუდო: გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა
აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ინდივიდუალური ასპარეზობების ბოლო დღეს მძიმეწონოსანი (+100) გურამ თუშიშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
თუშიშვილი ფინალში სამხრეთკორეელ კიმს შეხვდა. 29 წლის ქართველ ძიუდოისტს შანსი ჰქონდა, მეორედ გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონი, თუმცა დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი გურამ თუშიშვილს 2018 წელს აქვს მოგებული ბაქოში.
ინდივიდუალური შეჯიბრებების დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – ჩვენს ნაკრებს ოქროს ჯილდოები გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) მოუტანეს, გურამ თუშიშვილმა (+100) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) – ბრინჯაო.
ხვალ, 24 მაისს გუნდური შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც ჩაერთვება.
აღსანიშნავია, რომ აბუ-დაბიში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტებმა – ნიკოლოზ შერაზადიშვილმა (100 კგ) და ტრისტან მოსახლიშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
კომენტარები