სამზარეულო

უგემრიელესი შოკოლადის ტორტი – იტალიური რეცეპტი ლალი ჯორჯიანასგან

ლინასთან ხშირად მოდიან მეგობრები, ზოგი სამსახურიდან გამოყოლილი, ზოგი მოგზაურობის დროს გაცნობილი, მეზობლებიც ხშირად სტუმრობენ. ერთ დღესაც დანიელა ეწვია, რომელსაც ძალიან უყვარს ნამცხვრების ცხობა და შოკოლადის ტორტი მოართვა. შოკოლადის ნაწარმს დიდად არ ვწყალობ, თუმცა როდესაც ტორტი დავჭერით, დანიელას რომ არ სწყენოდა, ზრდილობის გამო თეფშზე პატარა ნაჭერი გადმოვიღე და ჩაისთან შევექეცი. ნამცხვარი ისეთი გემრიელი აღმოჩნდა, მეორე ნაჭერიც მოვიჭერი და სიამოვნებით მივირთვი. დანიელას ძალიან გაუხარდა, მისი ნახელავი რომ მომეწონა და რეცეპტიც ხალისით გამიზიარა, მე კი თქვენ გიზიარებთ. საკმაოდ ადვილი გამოსაცხობია და ძალიან გემრიელი გამოდის, სცადეთ და თავად დარწმუნდებით.

საჭირო ინგრედიენტები:

6 კვერცხი;

200 გ  შაქარი;

200 გ შავი შოკოლადი;

200 გ კარაქი;

200 გ ფქვილი;

მწიკვი მარილი;

10 გ გამაფხვიერებელი.

მომზადების წესი:

ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ  200 გ შავი შოკოლადი და 200 გ კარაქი ერთად არაჟნის კონსისტენციამდე. მიქსერით კარგად ავთქვიფოთ 6 კვერცხი  და 200 გ შაქარი, დავუმატოთ მწიკვი მარილი, მიქსერითვე შევურიოთ შემდნარი შოკოლადი და კარაქი, ბოლოს კი –  200 გ ფქვილი. ფქვილს წინასწარ უნდა შეურიოთ 10 გ (2 ჩაის კოვზი) გამაფხვიერებელი.

ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, ჩავასხათ მიღებული მასა და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ჰაერღუმელში.

ცხვება 180 გრადუსზე, 30-40 წუთი (თქვენი ჰაერღუმელის მიხედვით).

შეგრილებულ ტორტს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი ან კაკაო – რომელიც გირჩევნიათ.

დანიელას მორთმეულ ტორტს კრემი არ ჰქონდა, თუმცა ვისაც კრემიანი ნამცხვრები უყვარს, შეუძლია ტორტს კრემიც გაუკეთოს, რომელიც ასე მზადდება:

ათქვიფეთ 300 გრამი 33%-იანი ძალიან ცივი ნაღები ბეზეს კონსისტენციამდე, შემდეგ შეურიეთ 100 გ შაქრის პუდრი, 3 ჩაის კოვზი კაკაო და 150 გ გამდნარი შავი ან რძიანი შოკოლადი.

გამომცხვარი და შეგრილებული ტორტის ბისკვიტი ორ ან სამ ფენად გაჭერით, თითოეულ ფენას წაუსვით კრემი და ტორტივით ააწყვეთ. ზემოდან შეგიძლიათ შოკოლადის მინანქარი მოასხათ.

მეორენაირი შოკოლადის კრემი (მოხარშული):

დაგჭირდებათ:

500 მლ რძე, 100 გ შაქარი, 2 კვერცხის გული, 35 გ სიმინდის სახამებელი, ერთი პაკეტი ვანილი ან 2-3 წვეთი ვანილის ესენცია, 200 გ დაჭრილი შავი შოკოლადი.

მომზადება:

გააცხელეთ რძე ქვაბში, არ უნდა ადუღდეს.

ცალკე გათქვიფეთ 2 კვერცხის გული 100 გ შაქართან ერთად, საცრით დააცერით სიმინდის სახამებელი და კარგად აურიეთ, ნელ-ნელა დაასხით ცხელი რძე, ისე რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ და კოლტები არ წარმოიქმნას. მიღებული მასა მოათავსეთ ქვაბში და 3-4 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, თან გამუდმებით ურიეთ. უნდა მიიღოთ სქელი, კრემის მსგავსი მასა. გადმოდგით ცეცხლიდან, ნაწილ-ნაწილ დაუმატეთ დაჭრილი შოკოლადი და ურიეთ, სანამ შოკოლადი ბოლომდე არ გადნება და მიღებულ კრემს კარგად არ შეერევა. დაუმატეთ ვანილი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი კრემის მასა.

შოკოლადის მინანქარი კი ასე მოამზადეთ:

150 გ შავი შოკოლადი დატეხეთ, მოათავსეთ პატარა ქვაბში, დაასხით 100 გ რძე, დაუმატეთ 30 გრამი გლუკოზის სიროფი ან თაფლი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

შოკოლადის კრემიანი  და მინანქრიანი ტორტი ასე გამოიყურება:

ლალი  ჯორჯიანა (დავითულიანი) 

მილანი, 2024 წლის მაისი

ასევე, დაგაინტერესებთ: ლინას და ჯანკარლოს ვალენტინობა-2024 – ციკლიდან: სიყვარულს ასაკი არ აქვს

„მთელი საღამო უფალს მადლობას ვწირავდი ამ სასწაულისთვის…“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close