ვიდეოსპორტი

ტატო გრიგალაშვილი მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი, ლაშა შავდათუაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების „ყულაბაში“ უკვე 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალია

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს, 26 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვა – ოქრო ტატო გრიგალაშვილს (81 კგ) ერგო, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი 44 წამში დაამარცხა იპონით და უკვე სამგზის ევროპის ჩემპიონია. ტატო, ამასთანავე, ორგზის მსოფლიო ჩემპიონიცაა.

მანამდე კი  ოლიმპიურმა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველი ადილ ოსმანოვი დაამარცხა დამატებით დროში და საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა: გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა. ამრიგად, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალია.

ხვალ. 27 აპრილს ინდივიდუალური შეჯიბრებების ბოლო დღეა და კვლავ ველოდებით მედლებს ჩვენი სახელოვანი მოჭიდავეებისგან, 28 აპრილს კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

ნუცა ყაველაშვილი

ნახეთ ტატო გრიგალაშვილის იპონი შეხვედრის 44-ე წამზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close