პოლიტიკასაქართველო

გაგვიუქმებენ თუ არა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს?

„აბსურდული ჩანაწერია“ - კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას „სამარცხვინო მაკულატურას“ უწოდებს

25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებებისა და უცხოეთიდან შემოსული ფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითვალისწინებს. 

რეზოლუციის ტექსტში, ასევე, არის ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციის თემაზე: „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია“.

„გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით რეზოლუციაში ჩანაწერით ევროპარლამენტის დეპუტატებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ჩვენ გვეკრძალება ის, რასაც თავად აკეთებენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა და ამ რეზოლუციას „სამარცხვინო მაკულატურა“ უწოდა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის გადახედვის შესახებ რეზოლუციაში „აბსურდული ჩანაწერია“ და ამის მიზანი საზოგადოების დაბნევა, აჟიოტაჟი და საპროტესტო ტალღის გამძაფრებაა.

როგორც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნი ამბობს, ვიზალიბერალიზაციის გადახედვის მექანიზმი არ არსებობს და, რომ „არათუ გაუქმებას, ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება“.

„საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ“, – განაცხადა ბრიფინგზე კახა კალაძემ.

ცნობისათვის: ევროპარლამენტის რეზოლუცია არასავალდებულო ხასიათისაა. სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას.

ამ ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 აპრილს უნგრეთში იმყოფებოდა, სადაც „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. კობახიძე ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსაც შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა უნგრეთის მტკიცე მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. აღინიშნა, რომ უნგრეთის, როგორც ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის ძლიერ მხარდაჭერას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რამდენადაც საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში შემდგომ ეტაპზე გადასვლისკენ.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთმა 2017 წელს მიიღო ანალოგიური კანონი, რომლის მიზანიც, ხელისუფლების მტკიცებით, იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. კანონი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEU) დაბლოკა და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ის უნგრელების უფლებებს არღვევდა.

საქართველოს პარლამენტმა, მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, 2024 წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

საპროტესტო გამოსვლები კანონპროექტთან დაკავშირებით არ წყდება. ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობა აცხადებენ, რომ კანონი „დემოკრატიული და ქართულია“, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ღირსებით უნდა იაროს, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რას ხმარდება გარედან შემოსული ფული და რომ მის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება; მეორე მხრივ კი, მოწინააღმდეგეები არ თმობენ პოზიციებს და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ე. წ. „აგენტების კანონის“ მიღებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან გადაიყვანს და რუსულ სივრცეში დააბრუნებს. ხუთშაბათს, 25 აპრილს 150-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი საპროტესტო განცხადება, რომელიც  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფისში წაიკითხეს. ისინი აცხადებენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“ და „აგენტების კანონის“ გაწვევამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტენ. ორგანიზაციები კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს 28 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე უხმობენ.

თავის მხრივ, 29 აპრილს ხელისუფლება უხმობს აქციაზე მოქალაქეებს, რომლებიც კანონპროექტის მიღებას უჭერენ მხარს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“  კანონპროექტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების სავარაუდო თარიღია 17 მაისი. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თუ კანონს მიიღებენ, ვეტოს დაადებს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close