ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიხელოვნებაინტერვიუ

ქეთევან ქართველიშვილი – ლექსო თორაძის სტუდიის კურსდამთავრებული ქართველი პიანისტის წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე

„მუსიკის გარეშე სამყარო ნაცრისფერი იქნებოდა“

მუსიკის მიმართ ინტერესი და განსაკუთრებული ნიჭი ქეთევან ქართველიშვილმა 5 წლის ასაკიდან გამოავლინა. ნიჭიერმა პიანისტმა გოგონამ პირველად 12 წლის ასაკში დაუკრა კონცერტზე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ამის შემდეგ დაიწყო მისი წარმატებული გამოსვლები როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

2009 წელს ქეთევან ქართველიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და ინდიანის უნივერსიტეტში, ლექსო თორაძის საფორტეპიანო სტუდიაში ჩაირიცხა.

„ბავშვობიდან მინდოდა პიანისტი გავმხდარიყავი და შემდგომში ამერიკაში მეცადა ბედი, ჩემი ეს ოცნება დღეს რეალობაა“, – ამბობს ხელოვანი, რომელიც წარმატებით გამოდის მსოფლიო ასპარეზზე, მათ შორის, ისეთ დარბაზებში, როგორიცაა: Carnegie Hall (ნიუ-იორკი), Benaroya Recital Hall (სიეტლი) და მრავალი სხვა. ასევე, გამოიცა მისი ორი კომპაქტდისკი სახელწოდებით – „The Chase“ და „Rachmaninoff“, რომელთაგან მეორე ქეთევანმა ლეგენდარულ ლექსო თორაძეს მიუძღვნა.

რა გზა განვლო დღემდე, როგორ გადალახა სირთულეები უცხო ქვეყანაში და რა ეტაპზეა ახლა – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ  nostal.ge ქართველ პიანისტს აშშ-ში დაუკავშირდა, სადაც იგი ამჟამად ცხოვრობს.

ქეთევან, საუბრისას მითხარით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009 წელს ჩახვედით ინდიანის უნივერსიტეტში, უდიდესი ხელოვანის ლექსო თორაძის საფორტეპიანო სტუდიაში სწავლის გასაგრძელებლად და მას შემდეგ აშშ-ში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ. საინტერესოა, როგორ ხედავდით ამერიკაში გამგზავრებისას თქვენს მომავალს და რა გაძლევდათ სტიმულს?

ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო, სწავლა გამეგრძელებინა მსოფლიო მნიშვნელობის პიანისტთან, ბატონ ლექსო თორაძესთან. ამას გარდა, ამერიკა, როგორც უდიდესი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, თავისთავად დიდი სტიმულია ახალგაზრდა ადამიანისთვის, რადგან ამ ქვეყანაში ნიჭი და შრომისმოყვარეობა ფასდება. საკუთარი თავის რწმენა, დიდი სიყვარული ჩემი საქმისადმი და ენთუზიაზმი ყოველთვის დიდ სტიმულს მაძლევდა.

რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რომლის წინაშეც ამერიკაში ჩასვლისას აღმოჩნდით და ვინ ან რა დაგეხმარათ უცხოეთში გზის გაკვალვასა და თავის დამკვიდრებაში?

ყველაზე დიდი სირთულე აღმოჩნდა ფინანსური დაბრკოლება. როგორც სტუდენტს, ამერიკაში არ მქონდა მუშაობის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა სრული სტიპენდია, ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი. ფინანსური დაბრკოლება გადამალახვინა არაერთ საერთაშორისო და ნაციონალურ კონკურსზე გამარჯვებამ, ასევე, ამერიკელი მეცენატებისა და სპონსორების გვერდში დგომამ. სხვა შემთხვევაში ურთულესი იქნებოდა ამ პრობლემის გადაჭრა.

მუსიკალური ნიჭი გენეტიკურია თქვენში? როგორ და რა ასაკში აღმოჩნდით მუსიკალურ სფეროში?

ზოგადად, მუსიკალური ნიჭი გენეტიკურია, თუმცა ჩემი მშობლები ფიზიკოსები არიან. საკმაოდ უცნაური იყო ჩემში მუსიკის ნიჭის აღმოჩენა – 5 წლის ასაკში ჩემით დავიწყე როიალზე დაკვრა და უკვე 7 წლიდან ოფიციალურად აღმოვჩნდი ამ სფეროში. ცხადია, მშობლებმა შეამჩნიეს ინსტრუმენტის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, მუსიკალური ნიჭი და აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს, შევეყვანე მე-8 მუსიკალურ სასწავლებელში, შემდგომში კი – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედში.

გასაგებია, რომ, ზოგადად, მუსიკალური ნიჭი გენეტიკურია, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ეს ნიჭი თქვენში რომელიმე თქვენი წინაპრიდან მოდის, ან იქნებ თქვენი მშობლებიდან რომელიმე მათგანს სურდა პიანისტი გამხდარიყო და სურვილს განხორციელება არ თუ ვერ შეძლო?

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი მშობლები, ნარგიზ გაგუა და ოთარ ქართველიშვილი, ფიზიკოსები არიან. დანამდვილებით არავინ იცის, ვისგან მაქვს ეს ნიჭი, თუმცა მამა მუსიკის სხვადასხვა ჟანრის დიდი მოყვარულია. ასევე, ძალიან კარგად ერკვევა კლასიკურ მუსიკაშიც. რაც შეეხება დედას, მას ძალიან კარგი სმენა აქვს, რამდენიმე წელი ესწრებოდა მუსიკის გაკვეთილებს, მუსიკალური ადამიანია. მიუხედავად ამისა, არა მგონია, რომელიმე მათგანს სურვილი ჰქონოდა, პიანისტი გამხდარიყო.

პატარა ქეთევანი დედ-მამასთან ერთად

თავად არასოდეს დაეჭვებულხართ პროფესიულ არჩევანში?

დაეჭვებით ალბათ არა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან შრომატევადი და მაინც ნაკლებად დაფასებული პროფესიაა, სხვა პროფესიაზეც მიფიქრია. საინტერესოა, რომ არა პიანისტობა, ვინ ვიქნებოდი? დამთავრებული მაქვს სუხიშვილების სტუდია და შემეძლო გავმხდარიყავი მოცეკვავე. ასევე, შესაძლოა ვყოფილიყავი მხატვარი – მქონდა ამის ნიჭი და შესაძლებლობაც. თუნდაც, დავეუფლებოდი რომელიმე ჰუმანიტარულ საგანს, მაგრამ მე მაინც როიალზე შევაჩერე არჩევანი. ბავშვობიდან რაღაც განსაკუთრებულ ლტოლვას ვგრძნობდი ამ ინსტრუმენტის მიმართ. ასევე, მე-8 მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგის, ქალბატონი ეთერ გუნიას დაჟინებული თხოვნა იყო ჩემი ნიჭიერთა ათწლედში გადაყვანა. ჩემი მონაცემებიდან გამომდინარე, მას მიაჩნდა, რომ პიანისტი უნდა გავმხდარიყავი.

ფაქტია, არ ცდებოდა! პირველი გამოსვლა დიდ სცენაზე ალბათ არასოდეს დაგავიწყდებათ….

დაუვიწყარია ჩემი პირველი საფორტეპიანო გამოსვლა ორკესტრთან ერთად, 12 წლის ასაკში. საოცარი განცდა იყო, ემოციური, ძალიან ამაღელვებელი. ის განცდა და ემოცია დღემდე მომყვება. თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მენდელსონის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შევასრულე. მართლაც რომ დიდი წარმატება მოჰყვა ამ გამოსვლას.

მოგვიყევით მიღწეულ წარმატებებზე როგორც საქართველოში, ისე უცხოეთშიგანსაკუთრებით რას გამოყოფდით?

დავამთავრე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედი გამორჩეული ნიჭის მქონე მუსიკოსთან და საოცარ პიროვნებასთან, ქალბატონ რუსუდან ბეგიშვილთან. ათწლედში სწავლის პერიოდში მქონდა არაერთი გამოსვლა როგორც სოლო, ისე სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად. 1998 წელს სწავლა განვაგრძე ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფესორ თენგიზ ამირეჯიბთან. კონსერვატორიაში დავამთავრე ბაკალავრის, მაგისტრატურისა და ასპირანტურის სრული კურსი. სწავლის პერიოდში რეგულარულად ვმონაწილეობდი თენგიზ ამირეჯიბის კლასის კონცერტებში. მქონდა გამოსვლები არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც. ასევე, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში როგორც კონკურსებზე, ისე კონცერტებით.

როგორც გითხარით, 2009 წელს მივიღე სრული დაფინანსება და სასწავლებლად გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო დონის პიანისტის, ბატონი ლექსო თორაძის სტუდიაში, ინდიანის უნივერსიტეტში. ამ უნივერსიტეტში მივიღე დიპლომები – „Artist“ და „Performer“. ბატონ ლექსოსთან სწავლის პერიოდში რეგულარულად ვმონაწილეობდი თორაძის სტუდიის კონცერტებში. მოვიპოვე პირველი პრემიები ამერიკის არაერთ საერთაშორისო და ნაციონალურ კონკურსზე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დავიწყე აგენტებთან: მქონდა არაერთი კონცერტი როგორც სოლო, ისე სიმფონიურ ორკესტრებთან ამერიკის სხვადასხვა ქალაქსა თუ შტატში. მქონდა გამოსვლები ისეთ დარბაზებში, როგორიცაა: Carnegie Hall (ნიუ-იორკი), Benaroya Recital Hall (სიეტლი), Dame Myra Hess Memorial Concert სერიები, ჩიკაგოში და მრავალი სხვა. ასევე გამოიცა ჩემი ორი კომპაქტდისკი „Blue Griffin record label“-ის ჩამწერ კომპანიაში, სახელწოდებით „The Chase“ და „Rachmaninoff“. დაიწერა არაერთი შთამბეჭდავი სტატია როგორც დისკებზე, ისე კონცერტების შემდეგ. ინტერვიუები მივეცი ისეთ ჟურნალებს, როგორიც არის: „Forbes Woman“, „City Magazine Georgia“ და მრავალი სხვა. ამ პერიოდს გამოვყოფდი, როგორც ყველაზე დატვირთულს ჩემი მუსიკალური განვითარების გზაზე.

მით უმეტეს, რომ ამ გზაზე „კარნეგი ჰოლიცაა“ – ყველა მუსიკოსისთვის საოცნებო ადგილი! ალბათ ნერვიულობდით…

დიახ, ძალიან ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი დღე იყო. მართლაც რომ საოცარი განცდაა ასეთ დარბაზში დაკვრა. ზოგადად კი, ყოველთვის ვღელავ კონცერტის წინ, სადაც არ უნდა ვუკრავდე.

პირველი საერთაშორისო გასტროლი რა ასაკში გქონდათ და სად?

პირველი გასტროლი 19 წლის ასაკში მქონდა საბერძნეთში, ქალაქ ათენში. მონაწილეობა მივიღე მარკო პოლოს მე-5 საერთაშორისო კონკურსზე, სადაც მე-3 ადგილი დავიკავე და ლაურეატის წოდება მოვიპოვე. ამ პერიოდში ბატონ გიზი ამირეჯიბთან ვსწავლობდი თბილისის კონსერვატორიაში. ძალიან ცუდი პერიოდი იყო მაშინ საქართველოში. უშუქობა, ყოველმხრივ კრიზისი. მიხარია, რომ თუნდაც წვალების შედეგად, მაინც მოვახერხე საზღვარგარეთ გასვლა…

და ცხადია, სურვილების ასრულება….ამჟამად რა ეტაპია თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

ვაგრძელებ მოღვაწეობას: მაქვს დაგეგმილი კონცერტები. ასევე, ვმუშაობ მოსწავლეებთან. სამომავლოდ ვაპირებ ახალი ვიდეოჩანაწერების განხორციელებას.

მოსწავლეებს შორის ქართველი ბავშვებიც გყავთ?

არა, ქართველი მოსწავლეები არ მყავს, ძირითადად, ამერიკელები არიან.

რაც შეეხება კომპაქტდისკებს, თუ არ ვცდები, ერთ-ერთი მათგანი მსოფლიო დონის პიანისტის, ლექსო თორაძის ხსოვნას მიუძღვენით

დიახ, როგორც აღვნიშნე, ჩაწერილი მაქვს 2 კომერციული კომპაქტდისკი – „The Chase“ და „Rachmaninoff“.

„The Chase“-ში თავმოყრილია ლისტის, ბარტოკის და პროკოფიევის შედევრები. ამ რეპერტუარმა არაერთი უდიდესი წარმატება მომიტანა ცხოვრების გზაზე, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ იმისა, რომ ეს დისკი ჩავწერე. რაც შეეხება „Rachmaninoff“-ის დისკს, იგი ჩაწერილია პანდემიის დროს. მასში თავმოყრილია რახმანინოვის გამორჩეული პიესები, რომლებიც მკაფიოდ გამოხატავს ადამიანის სულიერ განცდას, სიყვარულს, სევდას თუ ნოსტალგიას. დისკი 2022 წელს გამოიცა და ბატონი ლექსო თორაძის გარდაცვალების თარიღს დაემთხვა. ეს ყველაფერი სრულიად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის! ამ ფაქტის შემდეგ ვიფიქრე და განვაცხადე კიდეც, რომ მის ხსოვნას მიეძღვნა ეს დისკი.

განსაკუთრებული გარემო ან განწყობა გჭირდებათ მუშაობისას?

მუშაობისთვის მჭირდება როიალი, ცარიელი ოთახი ან დარბაზი. რაც შეეხება განწყობას, მე თვითონ ვიქმნი. სხვა რაიმე განსაკუთრებული არაფერია საჭირო.

თქვენი სამომავლო მიზანი თუ გეგმები რამდენად უკავშირდება მშობლიურ ქვეყანას? როდის უნდა ველოდოთ თქვენს კონცერტს საქართველოში?

უკვე მრავალი წელია საქართველოში კონცერტი არ გამიმართავს. მოუთმენლად ველი, როდის მექნება კონცერტები თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ზუსტი თარიღი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება მომავალში.

საინტერესოა, უცხოეთიდან როგორ ჩანს საქართველო, რა სჭირდება პროგრესისთვის, თქვენი აზრით?

ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ სჭირდება. ჩემი აზრით, მთლიანად უნდა შეიცვალოს სისტემა და მიდგომა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. სათანადოდ უნდა დაფასდნენ ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანები, რაც უმთავრესია ქვეყნის წინსვლისთვის და წარმატებული მომავალი თაობისთვის. ადამიანებს ისეთი ცხოვრებისეული პირობები უნდა შეექმნათ, რომ ქვეყნის დატოვება არ მოუწიოთ, უმეტეს შემთხვევაში, სამუდამოდაც კი.

ბევრი ქართველი ემიგრანტია თქვენ გარშემო?

ქალაქ საუთ-ბენდში (ინდიანის შტატი), სადაც მე ვცხოვრობ, ამჟამად ძალიან ცოტა ქართველი ემიგრანტია.

ზოგადად, უცხოეთში მყოფი ქართველების რიცხვი იზრდება… როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ემიგრაციასთან დაკავშირებით, რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება?

უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება მეტად უნდა დაინტერესდეს საზღვარგარეთ მოღვაწე უამრავი უნიჭიერესი ქართველი ემიგრანტით. უნდა გაეცნონ, თუ რას აკეთებენ, რა მიღწევები თუ გეგმები აქვთ. აუცილებელი პირობაა, საქართველოში გაიზარდოს ხელფასები, რის შედეგადაც ემიგრანტები შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას. ეს პრობლემა თუ არ გადაწყდა, შეიძლება ქვეყანამ მთლიანად დაკარგოს თაობები. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნის დეგრადაცია პირდაპირ კავშირშია თაობების ქვეყნიდან სამუდამოდ გასვლასთან.

თქვენ ვინ გიდგათ ყველაზე მეტად გვერდში უცხო ქვეყანაში?

მე მთლიანად დამოუკიდებლად ვცხოვრობ, თუმცა ამერიკელი და ქართველი მეგობრები ყოველთვის გვერდში მიდგანან. ასევე, ჩემი ოჯახი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს – ყოველთვის ვგრძნობ მათ ძლიერ მხარდაჭერას ნებისმიერ სიტუაციაში.

თქვენი ბავშვური ოცნებები რამდენად ახლოსაა დღევანდელ რეალობასთან?

ბავშვობიდან მინდოდა პიანისტი გავმხდარიყავი და შემდგომში ამერიკაში მეცადა ბედი – ჩემი ეს ოცნება დღეს უკვე რეალობაა, თუმცა ბევრი სხვა ბავშვური ოცნება დღემდე აუხდენელია და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში ახდება. სანამ მკითხავთ, გეტყვით, რომ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება იყო, თეთრი როიალი მქონოდა. რატომღაც, ყოველთვის თან დამყვებოდა ეს ოცნება, თუმცა თეთრი როიალი ახლაც არ მაქვს. ყავისფერი მქონდა, ახლა შავი როიალი მაქვს…

თეთრ როიალსაც თავისი დრო აქვს ალბათ…

ალბათ…

ამბობენ, ხელოვნება ღმერთის შუამავალიაო. რამდენად გრძნობთ უფლის თანადგომას შემოქმედებითი პროცესის დროს ან თუნდაც, საერთოდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში?

როგორც ბატონმა ლექსომ არაერთხელ აღნიშნა (და არა მარტო მან), დაჯილდოებული ვარ „იშვიათი პიანიზმით და უსაზღვრო შესაძლებლობებით“. თუ ასეა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ღმერთისგან არის ბოძებული, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვწირავ მას. მიუხედავად ამისა, მაინც ბევრ გამოწვევას ვიღებ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. არ ვიცი, ეს რატომ ხდება, ალბათ გარკვეული გამოცდაა…

ლექსო თორაძესთან ერთად

და ამ „გამოცდის“ კვალდაკვალ, რა გინდათ თქვათ თქვენი ხელოვნებით?

ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მუსიკა ადამიანების ცხოვრებაში, რომ ეს ხელოვნება გადაარჩენს კაცობრიობას. ეს არის აუცილებელი რამ ადამიანის სულისა და ინტელექტის განვითარებისთვის. მუსიკის გარეშე, ჩემი აზრით, სამყარო ნაცრისფერი იქნებოდა.

კარიერის ზენიტში სად ხედავთ თავს?

ვისურვებდი, უფრო ფართო მასშტაბის საკონცერტო კარიერა მქონოდა.

ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსებს რას ურჩევდით, მათ, ვინც უცხოეთში აპირებს საქმიანობას?

ახალგაზრდა მუსიკოსებს ვურჩევდი, რომ ნებისმიერ სიტუაციაში განაგრძონ საკუთარ თავზე მუშაობა. რაც არ უნდა დიდი დაბრკოლება შეხვდეთ, არ შეწყვიტონ საკუთარი თავის განვითარება. რამდენადაც შესაძლებელია, ყურადღებას ნუ მიაქცევენ საზოგადოების ნეგატიურ აზრს. ამ ფაქტმა შეიძლება ხელი შეუშალოს ახალგაზრდა მუსიკოსს წინსვლაში. ახსოვდეთ, რომ ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, მთავარია არ დანებდნენ!

დაბოლოს: პიანისტისთვის უმთავრესია…

…განსაკუთრებული ნიჭი, შრომისმოყვარეობა, ამ საქმისადმი სიყვარული, ძლიერი პედაგოგი და იღბალი!

თამარ ოთიაშვილი

მოუსმინეთ ქეთევან ქართველიშვილის შესრულებას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close