პაპუა ახალი გვინეის ლიდერი უარყოფს, რომ ჯო ბაიდენის ბიძა გვინეელმა კანიბალებმა შეჭამეს.
საქმე ეხება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გასულ კვირას პენსილვანიის შტატში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ბაიდენმა თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ბიძამისის, ამბროს ჯოზეფ ფინეგანის თვითმფრინავი წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოს, პაპუა ახალი გვინეის თავზე ჩამოაგდეს. მისივე თქმით, ბიძამისის ცხედარი ვერ იპოვეს და ის, სავარაუდოდ, კანიბალებმა შეჭამეს.
ამერიკული მედია წერს, რომ ეს ფაქტი დოკუმენტურად დადასტურებული არ არის.
ბაიდენის განცხადების საპასუხოდ, პაპუა ახალი გვინეის პრემიერ-მინისტრმა ჯეიმს მარაპემ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს „ბუნდოვანი მომენტი“ ჰქონდა. მარაპე ამტკიცებს, რომ აშშ-სა და პაპუა ახალი გვინეის ურთიერთობები მტკიცეა და „ღრმა ღირებულებებზეა“ დაფუძნებული.
მისივე თქმით, პაპუა ახალი გვინეის ერი არ იმსახურებს კანიბალების წოდებას. მარაპეს განცხადებითვე, ბაიდენს მასთან პირადი შეხვედრების დროს არასდროს უსაუბრია პაპუა ახალი გვინეელების კანიბალიზმზე.
„პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება შესაძლოა წამოცდენა ყოფილიყო, თუმცა ჩემი ქვეყანა არ იმსახურებს, რომ მას ასე უწოდო“, – განაცხადა პაპუა ახალი გვინეის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც „ბიბისი“ წერს, პაპუა ახალ გვინეაში ისტორიულად მართლაც არსებობდა კანიბალიზმი. ქვეყანა წლების მანძილზე ცდილობს ამ სტერეოტიპისგან გათავისუფლებას.
1tv.ge
კომენტარები