დღის თემასაზოგადოებასაქართველო

შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო

შვიდგზის ზეთისცხება შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია და ყოველთვის დიდ მარხვაში ტარდება.

მღვდლები მართლმადიდებელ ქრისტიანებს შვიდჯერ სცხებენ წითელ ღვინოში არეულ ზეთს. მრავალგზის იკითხება სახარება და ლოცვები სნეულთათვის. ეს ყველაფერი ქრისტიანის სულისა და ხორცის განკურნებისთვის სრულდება. ზეთის კურთხევისას, ეკლესიის ერთობლივი ლოცვისა და სნეულის ნაკურთხი ზეთითა და ღვინით ცხებისას ავადმყოფ ქრისტიანზე საღმრთო მადლი გადმოდის, რომელსაც მისი ფიზიკური და სულიერი სნეულებების განკურნება შეუძლია. ზეთის კურთხევა სინანულის საიდუმლოს უკავშირდება. შვიდგზის ზეთისცხება შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ერთხელ მაინც აქვს აღსარება ჩაბარებული.

ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულ ლოცვაშია და საერო ცხოვრებიდან გადასულია ეკლესიურ ცხოვრებაში. ზეთის კურთხევა ტაძარში მაშინ ტარდება, როცა მეტი თავისუფალი დროა, რადგან ხალხი არ დარჩეს ზეთის ცხების გარეშე. ლოცვების მოსმენის შემდეგ უკვე იწყება შვიდგზის ზეთისცხება.

საეკლესიო ტიპიკონის მიხედვით ზეთის კურთხევის საიდუმლოს შვიდი მოძღვარი ასრულებს, თუმცა შეიძლება ერთმაც აღასრულოს. იკითხება შვიდი ადგილი სახარებიდან, შვიდი საქმე „წმიდათა მოციქულთა“. ამ ტექსტებს შორის ზოგიერთი თემატიკა ზეთს უკავშირდება, ასევე, ვისმენთ იმ მონაკვეთებს, სადაც მაცხოვრის მიერ სნეულთა განკურნების ამბებია მოთხრობილი. ყველა წაკითხული სახარების შემდეგ არის ჩამოლოცვა, სადაც მღვდელი ევედრება იმ დღის წმინდანებს. იმავდროულად, იკურთხება ზეთი და ღვინო, რომლებიც ერთმანეთში ირევა და შემდეგ მორწმუნე მრევლს „შვიდგზის აცხებენ შვიდ ალაგას” – შუბლზე, ნიკაპზე, თვალებზე, ყურებზე, ხელებზე, ლოყებსა და ყელზე.

შვიდგზის ზეთისცხება შეიძლება ჩატარდეს მძიმე ავადმყოფთან სახლში, წლის ნებისმიერ დროს, როდესაც ამის აუცილებლობა არსებობს, თუმცა დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში აღსრულებულ ამ მსახურებას საზოგადო ხასიათი აქვს და შესაძლებლობა ეძლევა მორწმუნე, მაზიარებელ, აღმსარებელ ადამიანებს იცხონ ზეთი, როგორც ხორციელი, ისე სულიერი სნეულებისაგან განსაკურნებლად და ცოდვათა მისატევებლად. ეკლესიის მიერ არ არის განსაზღვრული კონკრეტული დღე,თუ როდის უნდა ჩატარდეს შვიდგზის ზეთისცხება, ამას თითოეული ტაძრის წინამძღვარი თავად წყვეტს.

შვიდი მღვდელი შეიკრიბება, ისინი მოამზადებენ სპეციალურ მაგიდას, მასზე დააბრძანებენ სახარებას და ჯვარს, ასევე, მრგვალი ფორმის თასს, რომლის ძირზეც მობნეულია ხორბალი, შიგ ჩადგამენ პატარა ჭურჭლით ზეთს და ამ თასის გარშემო შვიდ სანთელს დაანთებენ. ასევე, მოიმარაგებენ ზეთსა და ღვინოს. სპეციალურ ჩხირებს ბამბის ფილებით, რომლებიც ზეთისცხებისათვის გამოიყენება.

შვიდი რიცხვი, სანთელთან მიმართებით და თავად შვიდგზის ზეთისცხებაც სულიწმინდის შვიდ ნიჭზე მიუთითებს. ზეთი – ადამიანთა მადლის მიერ კურნებაზეა აქცენტირებული; წითელი ღვინო – ჯვარცმული ქრისტეს სისხლი გახლავთ; ხორბალი ადამიანის ცხოვრების ცვალებადობას, მის ფერისცვალებას გულისხმობს, რაც მოიაზრებს, რომ პიროვნებამ განახლებული სულიერი და ხორციელი ცხოვრება უნდა დაიწყოს. როდესაც ღვინოსა და ზეთს ერთმანეთში ურევენ, ეს მსგავსია იმ მოწყალე სამარიტელისა, რომელმაც გვემულ ადამიანს მიხედა და წყლულებზე ზეთი და ღვინო დაასხა. რაც შეეხება ზეთისცხების ჩხირებს,  იგი სიმბოლურად მსგავია იმ რტოსი, რომელიც წარღვნის დასრულების შემდეგ ნოეს მოუტანა მტრედმა.

როგორც ცნობილია, ძველად ზეთს და ღვინოს ჩვეულებრივ იყენებდნენ მედიცინაში, ითვლებოდა, რომ ღვინოს ჭრილობების დეზინფექცია შეეძლო, ხოლო ზეთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება იყო.

ხშირად ისმის კითხვა: რამდენჯერ შეიძლება მორწმუნემ შვიდგზის ზეთისცხების მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა? სასურველია ერთხელ იცხოს ზეთი, თუმცა უმთავრესია ეს საკითხი მორწმუნემ  მოძღვრის კურთხევით გადაწყვიტოს.

წყარო: Xareba.net

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close