იტალიასაზოგადოება

იტალიაში ჰიდროელექტროსადგურში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 3 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულებს ეძებენ (ვიდეო)

ემილია-რომანიის რეგიონში, ქალაქ ბოლონიის სიახლოვეს, სუვიანას ტბაზე მდებარე Enel-ის ჰიდროელექტროსადგურში აფეთქება მოხდა: 3 ადამიანი დაიღუპა, 5 მძიმედ დაშავდა და 4 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ „ანსა“ წერს.

არსებული ინფორმაციით, 9 აპრილს, დაახლოებით დღის 3-ის ნახევარზე ტურბინა აფეთქდა ელექტროსადგურის წყლის სიღრმეში მდებარე მერვე სართულზე, სადაც აფეთქების შედეგად ჯერ ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი მეცხრე სართული დაიტბორა და იატაკი ჩაინგრა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მანამდე ობიექტზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. დაზარალდა 12 ტექნიკური სპეციალისტი, მათგან მხოლოდ ერთი იყო „ენელის“ წარმომადგენელი. 3 ადამიანი მომენტალურად დაიღუპა მე-8 სართულზე, მათი ცხედრები უკვე ამოიცნეს. სხვები ჩამონგრეული ჭერის გამო დაშავდნენ, სანამ ტურბინის გამაგრილებელი მილიდან წყალმა ტერიტორია დატბორა.  სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ელექტროსადგურის ნაწილი კვამლით გაივსო.

მედიის ცნობით, 4 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, მათი ძებნა მთელი ღამე გაგრძელდება, სანამ არ იპოვიან. აფეთქების შემდეგ ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო ბრიგადა, მათ შორის, 2 მყვინთავი. მაშველებს მოუწევთ 40 მეტრის სიღრმეში მუშაობა, რათა დაკარგულები იპოვონ (ელექტროსადგურის მთლიანი სიღრმე 70 მეტრია). 5 ადამიანი  მძიმედ დაშავდა, ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2-მა სპეციალისტმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

ელექტროსადგურის მფლობელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად კაშხალი არ დაზიანებულა, თუმცა ჰიდროელექტროსადგურის მუშაობა შეჩერებულია.

შესაძლოა ეს შემთხვევა იტალიაში სამუშაო ადგილზე ბოლო წლებში მომხდარი ყველაზე მასშტაბური ტრაგედია იყოს.

აფეთქების მიზეზების გასაგებად მიმდინარეობს გამოძიება.

„ტრაგედიას ბოლომდე ნათელი უნდა მოეფინოს“, – უთხრა იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ემილია-რომანიის რეგიონის პრეზიდენტს სტეფანო ბონაჩინის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close