ეკონომიკავიდეომოგზაურობა

რატომ გაძვირდა ავიაკომპანია WizzAir-ის ბილეთები?

ავიაკომპანია WizzAir-ში ბოლო პერიოდში ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებზე ბილეთების გაძვირების მიზეზებს განმარტავენ.

როგორც „საქმის კურსთან“ ინტერვიუში კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა განაცხადა, ავიარეისების გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი ფრენებზე გაზრდილი მოთხოვნაა. თუმცა ჟაჟა ტრუბეკის თქმით, WizzAir-ისთვის ავიაბილეთების ხელმისაწვდომობა და შედარებით იაფი ფრენები კვლავ პრიორიტეტად რჩება.

„ბილეთების ფასებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ფასები ყოველთვის დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. შესაძლოა, გასულ წელს მოთხოვნა და მიწოდება განსხვავებული იყო, ამიტომ ბილეთების ფასებზე საუბრისას ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენი, როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, მიზანი არის ის, რომ ფასები რამდენადაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს. ესაა ჩვენი მისია და სწორედ ამის შეთავაზება გვსურს ჩვენი მგზავრებისთვის. ძრავების ინსპექტირების ფონზე, მიმდინარე ზაფხულის სეზონისთვის ვითარება მარტივი ნამდვილად არაა,. თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ბილეთებზე ხელმისაწვდომი ფასები შევინარჩუნოთ. ხელმისაწვდომობა ყოველთვის იყო და კვლავ არის WizzAir-სთვის პრიორიტეტი“, – განაცხადა ჟაჟა ტრუბეკიმ.

ამასთან, WizzAir-ში იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც ქუთაისიდან და ერევნიდან ერთი და იმავე ავიამიმართულებაზე განსხვავებული ფასებია და უმეტეს შემთხვევაში ერევნიდან ფრენები უფრო იაფია.

„რეგიონი იგივეა, თუმცა განსხვავებები მაინცაა. მაგალითად, სხვადასხვა ქვეყნებში შესაძლოა, ხარჯები განსხვავებული იყოს, არამხოლოდ რეგიონში, არამედ ქალაქებს შორისაც კი. ასევე მოთხოვნა შეიძლება იყოს ამის განმაპირობებელი. საქართველოში უკვე დიდი ხანია წარმოდგენილები ვართ, ქართველი მომხმარებელი ჩვენ კარგად გვიცნობს და შესაძლოა, ქუთაისიდან ფრენებზე მოთხოვნაც უფრო მაღალია. ერევანი კი ჩვენთვის შედარებით მაინც ახალია. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი იგივეა, როგორც ვთქვი, ხარჯები და მოთხოვნა შეიძლება განსხვავებული იყოს, რაც საბოლოოდ ბილეთების ფასებზეც ახდენს გავლენას“, – განაცხადა WizzAir-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ავიაკომპანია WizzAir-ში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების გადადება და გაუქმება თვითმფრინავების ძრავების შემოწმების პროცესს უკავშირდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close