მაშველებმა ბაკურიანში ზვავში მოყოლილი დიმიტრი გოგოლაძის ცხედარი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად მეხანძრე-მაშველებმა დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოებში ჩართული იყო 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
„გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“, – აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, მაშველებმა ჯერ მიაკვლიეს მამაკაცის „ბურანს“, შემდეგ – მის ტანსაცმელს და ბოლოს – ცხედარს.
ძლიერი უამინდობის გამო 29-30 მარტს მაშველები დაკარგულ მამაკაცს ვერ ეძებდნენ.
ცნობილია გარდაცვლილის ვინაობა – იგი არის ბაკურიანის მკვიდრი 48 წლის დიმიტრი გოგოლაძე, რომელიც ტრაგედიის დღეს, 28 მარტს, დღის პირველ ნახევარში რამდენიმე ადამიანთან ერთად თოვლში ბურანით სეირნობდა. იგი მთიდან ჩამოსული თოვლის მასამ ქვეშ მოიყოლა. მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი ზვავს გადაურჩა.
დაღუპულის ცხედარი ექსპერტიზისთვის ახალციხეში გადაიყვანეს.
nostal.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა ციხისჯვართან მოხდა. როგორც ადგილობრივმა მცხოვრებმა, გარდაცვლილის ოჯახის ნაცნობმა გვითხრა, დიმიტრი გოგოლაძის ცხედარი თოვლის მასას ქვეშ არ მოუყოლია, ამიტომაც ვერ იპოვეს მაშველებმა იმავე დღეს, რომლებიც თოვლის მასას ნიჩბებით თხრიდნენ და დაკარგულს ასე ეძებდნენ. იმ ადგილას, სადაც ზვავი წამოვიდა, თავიდან გოგოლაძის თანმხლები პირების 4-მა „ბურანმა“ გაიარა, როგორც ჩანს, ხმაურმა გამოიწვია მთიდან თოვლის მასის მოწყვეტა, რადგან წინა დღეებში ბაკურიანში წვიმდა. ბოლოს მიდიოდა დიმიტრი გოგოლაძის „ბურანი“, რომელმაც საბედისწერო ადგილის გავლა ვერ მოასწრო, თუმცა თოვლში კი არ ჩაიმარხა, არამედ, როგორც ჩანს, დარტყმამ იმ ადგილიდან შორს გადაისროლა, სადაც შემთხვევით იპოვეს ჯერ ბურანი, შემდეგ – ქუდი და ბოლოს – ცხედარი.
ბიზნესმენი დიმიტრი გოგოლაძე ბაკურიანში ცნობილი „ამირანის პარკის“ და სასტუმროს მფლობელი იყო. პარკს მისი დამაარსებლის, ამირან გოგოლაძის სახელი ჰქვია, რომელიც გარდაცვლილი ბიზნესმენის მამაა.
ნანა ძნელაძე
ამავე თემაზე: „მთელი ბაკურიანი ეძებს“ – ვინ არის ზვავში დაკარგული დიმიტრი გოგოლაძე
კომენტარები