13-წლიანი ლოდინის შემდეგ რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას შეუერთდნენ, თუმცა ნაწილობრივ
დღეიდან, 31 მარტიდან რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას უერთდებიან. გადაწყვეტილება საჰაერო და საზღვაო გზით შემოსულ მგზავრებს შეეხებათ, სახმელეთო საზღვრებზე კონტროლის მოხსნის შემდგომი გადაწყვეტილების შესახებ კი მსჯელობა 2024 წელს გაგრძელდება.
რუმინეთის მთავრობის განცხადებით, შენგენის წესები ქვეყნის ოთხ საზღვაო პორტსა და 17აეროპორტზე გავრცელდება.
ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრები 2007 წელს გახდნენ, შენგენის ზონაში მათი შესვლის თაობაზე მოლაპარაკებები კი 13 წლის წინათ, 2011 წელს დაიწყო.
2022 წელს ევროკავშირის სახელმწიფოებმა ბულგარეთის, რუმინეთისა და ხორვატიის შენგენის ზონაში გაწევრიანების საკითხი განიხილეს. ავსტრიამ ბულგარეთი და რუმინეთი დაბლოკა არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის საფრთხის გამო, შესაბამისად, 2023 წლის იანვრიდან შენგენის ზონას მხოლოდ ხორვატია შეუერთდა.
საბოლოოდ, მოლაპარაკებების შედეგად, სოფიამ და ბუქარესტმა ავსტრიის მთავრობისგან თანხმობა მიიღეს, თუმცა სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი დარჩება, რადგან ავსტრია ზემოაღნიშნული მიზეზის გამო მაინც წინააღმდეგია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.
შენგენის ზონა 1985 წელს შეიქმნა და ამჟამად 27 სახელმწიფოს (ევროპის კავშირის წევრი 23 სახელმწიფო + ისლანდია, ლიხტენშეტეინი, ნორვეგია და შვეიცარია) მოიცავს. შენგენის ზონის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, თუმცა შიდა საზღვრებზე საპასპორტო კონტროლი გაუქმებულია.
კომენტარები